მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების 2015 წლის საპირველმაისო მანიფესტი

ასწლეულების განმავლობაში ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთიდაიმავე მატერიალურ ფასულობებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მოხმარების და მომსახურების იდენტურ პროდუქტებსა და საშუალებებს იყენებდნენ. ფინანსური და გასაღების ბაზრების გლობალიზაციამ კიდევ უფრო დააჩქარა აღნიშნული პროცესი. არსებული მსოფლიო წესრიგის არქიტექტორების და მის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელ გლობალურ ლიდერთა ნაწილს, სწორედ საერთო სამომხმარებლო გემოვნების გაღრმავება და მისთვის მეტი მასშტაბების შეძენა მიაჩნია საერთაშორისო სტაბილურობის გარანტიად. კაცობრიობის ისტორია კი ნათლად მეტყველებს, რომ მსოფლიოში მშვიდობის დასამკვიდრებლად უმთავრეს გამოწვევას, ჰუმანური ღირებულებების გლობალურ კონტექსტში გაცნობიერების პრობლემის გადაჭრა წარმოადგენს. მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები და არასტაბილურობა მსოფლიოში, სწორედ ასეთი ღირებულებების გაზიარების დეფიციტითაა გამოწვეული და არა საერთაშორისო სამომხმარებლო გემოვნების არასაკმარისი ერთგვაროვნებით.
ამგვარი უნივერსალური ღირებულება იყო და საბედნიეროდ კვლავაც არის საერთაშორისო სოლიდარობა სხვდასხვა ქვეყნის მშრომელებს შორის. გლობალური მშვიდობისა და განვითარებისათვის სტაბილური გარემოს შექმნის წინაპირობად, შრომის უნივერსალური სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობის აღიარებას წარმოადგენდა 1919 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნა და 1961 წელს ევროპის სოციალური ქარტიის მიიღება. სრულიად ნათელია, რომ სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შექმნილი სამართლიანი სოციალური მოდელები და ეფექტური სამრეწველო ურთიერთობების სისტემები უზრუნველყოფდა ათწლეულების განმავლობაში ქვეყნების მდგრად პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, დემოკრატიულ განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოებების ჩამოყალიბებას.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, განვითარების აღნიშნულ ვექტორს აშკარად უპირისპირდება გლობალური კაპიტალი. არადა, საერთაშორისო ფინანსურმა წრეებმა სიძლიერის არსებულ დონეს, სწორედ ამ სისტემების წყალობით შექმნილი სტაბილურობით მიაღწიეს. გლობალურმა კაპიტალმა თითქმის სრულად ჩაიგდო ხელში მსოფლიო ფინანსური და სასაქონლო ბაზრები და მოგების კიდევ უფრო გასაზრდელად, სუვერენული ქვეყნების მართვის ბერკეტების დაუფლებას ესწრაფვის. ამისთვის, მან უპირველეს მიზნად ე.წ. „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ საფუძველში არსებული თანასწორობის და სამართლიანობის უზრუნველმყოფი ინსტიტუტების და ღირებულებების თანმიმდევრული ეროზია დაისახა. ამ ეტაპზე ბრძოლის და გამოცდის ძირითად პოლიგონად განვითარებადი, საკუთარი საინვესტიციო კაპიტალის არქმონე და სუსტი დემოკრატიის ქვეყნებია შერჩეული. სამწუხაროა, რომ ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მიუხედავად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების თავდაპირველი გაბედული ნაბიჯებისა, გლობალური კაპიტალის მიერ 2004-2005 წლებში დაწყებული ექსპერიმენტი ჩვენს ქვეყანაში გრძელდება:
 უთანასწორობის მაჩვენებელი, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეფასების მთავარი ინდიკატორია, გასულ წლებში მიღწეულ „სიმაღლეებს“ არ თმობს;
 შრომითი ექსპლოატაციის მასშტაბები და ხარისხი კვლავაც შემაშფოთებელია და მშრომელის სიცოცხლემ და ჯანმრთელობამ ჯერ კიდევ ვერ დაიმკვიდრა ადგილი სახელმწიფოს პრიორიტეტების ჩამონათვალში;
 შრომის ბაზრის ინსტიტუტები იმდენადაა მოშლილი, რომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი ფაქტობრივად არ არსებობენ;
 სოციალური დაცვის და სოციალური დაზღვევის არსებული სისტემები მხოლოდ ადამიანების ფიზიკურად გადარჩენის ფუნქციას ატარებს და ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას გამორიცხავს;
 სხვადასხვა საფუძვლით დისკრიმინაციის განხორციელების არეალი კვლავაც უსაზღვროდ ფართოა და მათ შორის გამოირჩევა პროფკავშირული აქტივიზმის გამო დევნა-შევიწროება;
 ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის როლის მუდმივი ხაზგასმისა და ზოგადად, კაპიტალის გაფეტიშების ფონზე, უკიდურესად დაკნინებულია მშრომელების წვლილი ქვეყნის განვითარებაში, მათი როლი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში;
 ინვესტიციები განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში ღრმად არასაკმარისია და მნიშვნელოვნად აფერხებს ადამიანური კაპიტალის განვითარებას;
ყოველივე ზემოაღნიშნული, ძალიან ეფექტურად უთხრის ძირს საქართველში არსებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებში შრომის ნაყოფიერებას და ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება გადამჭრელი ზომების მიღებას ზოგჯერ თავად არ ჩქარობს, უფრო ხშირად კი მის წიაღში მტკიცედ ფეხმოკიდებული გლობალური კაპიტალის (და არა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების) ერთგული მსახურნი არ აძლევენ საჭირო ცვლილებების განხორციელების უფლებას. ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ბაზრის მიმართ წინა ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი თავდავიწყებული სიყვარულის ფონზე, ცივილიზებული რეგულაციების მიმართ არსებული მთავრობის ძლიერი ფობია ზუსტად იგივე შედეგებს წარმოშობს საქართველოს მშრომელებისა და მათი ოჯახებისათვის, რასაც გასული წლების პოლიტიკური ეკონომიკა იძლეოდა:
 რეალური ხელფასების უკიდურესად დაბალი მსყიდველუნარიანობა, რასაც კიდევ უფრო დრამატულს ხდის ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები;
 ბანკების მიერ თავსმოხვეული სავალო კაბალა, რაც მშრომელების ბრძოლისუნარიანობას საკუთარი უფლებების დასაცავად, სერიოზულად ასუსტებს და მშრომელებს აიძულებს იცხოვრონ გლობალური კაპიტალის დღის წესრიგის მიხედვით;
 მშრომელების დევნა და დისკრიმინაცია შრომითი უფლებების ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად დაცვის მცდელობისათვის;
 ნაყოფიერი და ღირსეული დასაქმების ნაცვლად – თვითდასაქმება და არაფორმალური შრომა;
 კაზინოს ეკონომიკის იდეოლოგიით მოაზროვნე ბიზნესის კორპორატიულ სიხარბეს შეწირული და დასახიჩრებული მშრომელები და ღირსეული კომპენსაციის გარეშე მიტოვებული მარჩენალდაკარგული ოჯახები;
სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ ორი წლის წინ გაწეული დამაიმედებელი ძალისხმევის შემდეგ, რამაც შრომის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი ცვლილებები გამოიწვია, ამჟამად სახეზეა სრული სტაგნაცია. მშრომელების მოძულე ლიბერტარიანელების ყალბი ლოზუნგი – „არჩევანის თავისუფლება“, ჩვენს თვალწინ იძენს მის რეალურ კონტურებს, რაც მშრომელებისთვის „არჩევანისგან თავისუფლებას“ გულისხმობს. საქართველში მშრომელებს არჩევანს უკლავენ ყველგან, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში:
1. საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია გამძვინვარებით დევნის რკინიგზელების ერთადერთ იმედს – „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს“, სანაცვლოდ კი ხელოვნურად ასაზრდოებს მის პირდაპირ დაქვემდებარებაში არსებულ ყალბ წარმონაქმნს;
2. განათლების სისტემის მუშაკთა დამცველი ერთადერთი დამოუკიდებელი, კომპეტენტური და საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაცია – „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ დისკრიმინირებულია და ყოველდღიურად უწევს ბრძოლა საკუთარ უფლებებში ძლივს დარწმუნებულ პედაგოგებზე ზეწოლის განმხორციელებელი სახელისუფლებო ორგანოებისა და ფუნქციონერების წინააღმდეგ, ისევე როგორც, ამ უკანასკნელთა მიერ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მომსახურებისათვის შექმნილი ყვითელი პროფკავშირების რეალური მიზნების გამოსააშკარავებლად;
3. შპს „საქართველოს ფოსტის“ ადმინისტრაცია ჯიუტად აგრძელებს საკუთარი უვიცობის, მშრომელების მიმართ მონათმფლობელური დამოკიდებულებისა და მათი უფლებების დამცველი პროფკავშირის წინააღმდეგ აგრესიის აქტიურად გამოვლენას.
4. კაზრეთის ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ საწარმოებში, ხელისუფლების სახელით მოქმედი ადმინისტრაციის უმაღლესი თანმდებობის პირები ცდას არ აკლებენ კაზრეთელი მშრომელების სრულად დამონების დიდი ხნის ოცნების ასრულებას, რის მიღწევასაც, უპირველესად, დამოუკიდებელი პროფკავშირის განადგურებით ცდილობენ.
სამწუხაროა, რომ ამ ჩამონათვალის გაგრძელება ლამის უსასრულოდ შეიძლება მეტალურგიის, ტრანსპორტის, მშენებლობის, საბანკო-საფინანსო, საზღვაო და ეკონომიკის სხვა დარგებში არსებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ უმძიმეს შემთხვევებს მრავალი რამ აქვს საერთო. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაკარგვა. ადამიანებს, რომლებმაც ირწმუნეს, რომ მშრომელთა მრავალწლიანი უუფლებობის, დევნისა და ჩაგვრის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა კანონის უზენაესობაზე დაფუძნებით საკუთარი უფლებების დაცვა და უფრო სამართლიანი გარემოს შექმნა, იმედები უცრუვდებათ. სანაცვლოდ, ამ საწარმოების და სამთავრობო ორგანოების ხელმძღვანელების სამარცხვინო მოქმედებები, ქვეყნის ხელისუფლებას სწრაფი ტემპით უწევს დისკრედიტაციას.
საქართველოს მშრომელებს, არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზად, შრომასა და კაპიტალთან ხელისუფლების თანასწორუფლებიანი, კეთილსინდისიერი და სისტემატური დიალოგი მიგვაჩნია. ამავდროულად, უნდა შეწყდეს ბიზნეს ასოციაციების, განსაკუთრებით კი საერთაშორისო სტატუსის მატარებელი სავაჭრო და სამრეწველო პალატების მხრიდან, ხელისუფლების შანტაჟი, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო რეგულაციების შემოღების შემთხვევაში მათ მიერ სახელმწიფოდან ინვესტიციების გატანის და სამუშაო ადგილების შემცირების მუქარით გამოიხატება. აუცილებელია, რომ შრომითი და სოციალური სფეროების რეფორმირება განხორციელდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების არა უბრალოდ ტექნიკურად შესრულებით, არამედ ამ შეთანხმების სულისკვეთების პატივისცემისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი მოლოდინის გათვალისწინებით. სოციალური უსამართლობის და კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, სასწრაფოდაა შესაქმნელი შრომის სრულფასოვანი ინსპექცია, რომელსაც ექნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციით განსაზღვრული ყველა ფუნქცია, მათ შორის, შრომის უსაფრთხო გარემოს და შრომის უფლებების განხორციელების უზრუნველყოფის მიმართულებით. პარალელურად, აუცილებელია შრომის ბაზრის ინსტიტუტების რეფორმა, უპირველესად:
– არსებული მინიმალური ხელფასის სამარცხვინო პოლიტიკის შეცვლა და პროგრესული გადასახადების შემოღება;
– გადამჭრელი ზომების გატარება დასაქმების დონის გაზრდისა და არაფორმალური დასაქმების ფორმალიზების მიზნით;
– უმუშევრობის დაზღვევის სისტემის შექმნა;
– საწარმოო უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების რისკების დაზღვევის სისტემის შექმნა;
– ღირსეული შრომის მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის, შრომის ბაზარზე სამართლიანი სახელფასო განაკვეთების დადგენის მექანიზმების შექმნა;
– საპენსიო რეფორმის გატარება – სახელმწიფო მინიმალური პენსიისა და დაგროვებითი პენსიის ცივილიზებული სქემების შემოღება;
– ეროვნულ და რეგიონულ, ასევე სექტორულ დონეებზე სოციალური დიალოგის განვითარება;
– კოლექტიური შეთანხმებების კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა.
ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია შრომის კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა:
i. სამუშაო დროის, ასევე, ზეგანაკვეთური და ღამით შრომის ანაზღაურების წესის განსაზღვრა ევროპის სოციალური ქარტიის ნორმების შესაბამისად;
ii. გაფიცვის უფლების შემზღუდავი უკანონო ნორმების გაუქმება;
iii. კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებისას წარმომადგენლობის უფლების მოსაპოვებლად საერთაშორისო კანონმდებლობასთან შეუსაბამო დამატებითი მოთხოვნების გაუქმება;
iv. მასობრივი დათხოვნის პროცედურების დახვეწა;
v. ქალების და ახალგაზრდების შრომის ცივილიზებული პრაქტიკის შესაბამისად დარეგულირება და ა.შ.
დარწმუნებული ვართ, საწარმოო ურთიერთობების ორი მხარიდან რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭების პირობებში, შეუძლებელია საზოგადოებაში კონსოლიდაციის მიღწევა. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი და ორმხრივი სისტემების დანერგვა, მშრომელთა მოძრაობის როლის და მნიშვნელობის ადეკვატურად დაფასება – ესაა ცივილიზებული სამყაროს მიერ გამოცდილი, წარმატების მიღწევის უტყუარი გზა. დემოკრატიულ ქვეყნებში ამ გზის პატივისცემის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება წელიწადში ერთხელ მშრომელთა დღის აღნიშვნაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მშრომელთა საერთაშორისო დღეს – 1 მაისს ემთხვევა. საქართველოს მთავრობის შარშანდელი დაპირების მიუხედავად, ასეთი დღის სახელმწიფოებრივად აღნიშვნის საშუალება მის უდიდებულესობა – საქართველოს მშრომელ ხალხს, დღემდე არ მისცემია.
მონაწილეობის, თანამშრომლობის, დიალოგის, პასუხისმგებლობის განაწილების და რაც მთავარია – სოციალური სამართლიანობის გარეშე, შეუძლებელია მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მისაღწევად.

თბილისი, 2015 წლის 1-ლი მაისი123