მეზღვაურთა საერთაშორისო კონფედერაცია – საქართველოს, მეზღვაურებისთვის უსაფრთხო -საკვანძო ადგილად მიიჩნევს და ჩვენს ქვეყანაში ეკიპაჟების როტაციას დასაშვებად აცხადებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების და მისი წევრი, მეზღვაურთა პროფკავშირის წვლილი.
ორგანიზაცია, რომელიც მილიონობით მეზღვაურს აერთიანებს, საქართველოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და კოლეგებს ატყობინებს, რომ საქართველო ერთ ერთი პირველი იყო, რომლის მეზღვაურთა პროფკავშირმაც მოითხოვა მეზღვაურებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭება, მათი მიჩნევა განსაკუთრებული პროფესიის წარმომადგენლებად, რათა ხელი შეეწყოს მათ მსოფლიოში სამსახურებრივად თავისუფალ გადაადგილებას, როტაციას და ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ სამშობლოში დაუბრკოლებლად დაბრუნებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მეზღვაურთათვის მწვანე კორიდორის დაშვებისათვის საქართველოს ტრანსპორტის და აჭარის საზღვაო სააგენტოებმა დროული ზომები მიიღეს.
მეზღვაურთა საერთაშორისო კონფედერაციის სპეციალურ მიმართვაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველო გეგმავს მთელი თავისი გამოცდილების გამოყენებას კორონა ვირუსის მართვაში, რათა გაადვილდეს მეზღვაურთა რეპატრიაცია და ფლოტის მუშების პერიოდული ცვლა. აქედან გამომდინარე, ეკიპაჟებსა და გადამზიდავ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ უსაფრთხოდ შეცვალონ მეზღვაურები საქართველოს გავლით, რათა მივიდნენ საბოლოო დანიშნულების ადგილზე.
საქართველოს მეზღვაურთა პროფესიული კავშირი, პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად განაგრძობს საკითხზე აქტიურ მუშაობას.