მიმდინარეობს საიტის განახლება

           საქართველოს კანონმდებლობა და შრომითი მიგრაციის პრობლემა

ავტორი:44555661 დავით არაბიძე

შრომითი მიგრაცია და შრომითი მიგრანტები თანამედროვე სამყაროს ეს პრობლემა დღეს საქართველოს პრობლემაც არის. საკუთარი ქვეყნის გარეთ ლეგალურად უკვე დასაქმებულია150 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთა მიერ საკუთარი მოქალაქეობის ქვეყნებში გადაგზავნილი ფულადი თანხის მოცულობამ უკვე გადააჭარბა 500 მილიარდ ამერიკულ დოლარს.

21-ე საუკუნის შრომითი მიგრაცია დაკავშირებულია როგორც სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივებთან და შრომითი პოლიტიკასთან, ასევე დემოგრაფიული ვითარებასთან, რასაც თან ერთვის ტრეფიკინგის პრობლემა და შრომითი სამართალი სამართლის საკითხები.

შრომითი მიგრაციის პრობლემა მოითხოვს შრომითი მიგრანტების წარმგზავნი და მიმღები ქვეყნების თანამშრომლობას, რათა შრომითმა მიგრაციამ ხელი შეუწყოს სამუშაო ძალის დეფიციტის დაძლევას და არა გამიწვიოს უმუშევართა რიცხვის ზრდას.

ბოლო რამდენიმე წელია რაც საქართველოში სრულიად თვალნათელი გახდა მაღალი შრომითი მიგრაცია, ქვეყნის კანონმდებლობა კი ამ საკითხში  უაღრესად მწირია. ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს დიდი სამუშაო აქვს წინ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ამოცანაა გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ისეთი კონვენციების რატიფიცირება, როგორიც არის 1949 წლის # 97-ე კონვენცია „დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ“ და 1975 წლის # 143-ე კონვენცია „იმიგრანტ მუშებთან დაკავშირებით“, ასევე 1975 წლის დამატებითი რეკომენდაციები  ამ კონვენციასთან დაკავშირებით.

1990 წლის 18 დეკემბერს გაერომ მიიღო საერთაშორისო კონვენცია „შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის შესახებ“, რის საფუძველზეც 18 დეკემბერი შრომითი მიგრანტების საერთაშორისო დღედ დადგინდა.  გაეროს 1990 წლის 18 დეკემბრის კონვენციის შესაბამისად 1998 წელს გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო დეკლარაცია „სამუშაო ადგილებზე ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების შესახებ“, რათა დაცული ყოფილიყო შრომითი მიგრანტების ღირსება და უფლებები.

ქართველ კანონმდებლებს მისაღები აქვთ კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“. მართალია საქართველოს უკვე აქვს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“, რომელშიც აღნიშნულია რომ უცხოელთა შრომითი საქმიანობა საქართველოში რეგულირდება კანონმდებლობით, თუმც ასეთი კანონი დღემდე არაა მიღებული. საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“ კრძალავს დისკრიმინაციას შრომით ურთიერთობებში, თუმც ამ საკითხს იგი ინდივიდუალურად არ არეგულირებს.

შრომითი მიგრაციის საკითხი ჩვენი ქვეყნის წინაშე აყენებს სხვა ქვეყნების გამოცდილების, მათი მოდელების დეტალური გაანალიზების აუცილებლობას. რადგან სათანადო კანონის მიღება აუცილებელია, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ იქნება განსაზღვრული ამ კანონში შრომითი მიგრაციის ძირითადი პრინციპები, შრომით მიგრანტთა კატეგორია, საჭირო დოკუმენტების ნუსხა, პროცედურები, დასაქმების წინაპირობები, შრომითი ხელშეკრულებების ფორმები, საინფორმაციო ვალდებულებები, ოჯახის საკითხი, სოციალური დაცვა, შრომითი მიგრანტის უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, სახელმწიფოსა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან შრომითი მიგრაციის სამართლებრივ რეგულირებაზე კონტროლი. ამ კანონის მიღებისას ქართველმა კანონმდებლებმა პირველ რიგში საქართველოს შრომის ბაზრის ყოველმხრივი ანალიზი უნდა განახორციელონ, რადგან მის გარეშე შრომითი მიგრაციის საკითხი სამართლიანად და სამართლებრივად ვერ დარეგულირდება. შრომითი მიგრაციის საკითხი რომ არ იქცეს ახლი დიდი პრობლემების წყაროდ აუცილებელია სათანადო კანონმდებლობაში ზუსტად იყოს  დადგენილი პრევენციის, რეაგირების, პასუხისმგებლობისა და გამოსწორების ეფექტური მექანიზმები.

შრომითი მიგრაციის, შრომითი მიგრანტების საკითხი სოციალურ პარტნიორების (მთავრობა, დამსაქმებლები, პროფკავშირები) სამუშაო დღისწესრიგში სათანადო ადგილი უნდა ეკავოს. სამმხრივი პარიტეტული დიალოგი, სოციალური პარტნიორობა და სოციალური პასუხისმგებლობა არის ის, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, რათა ადეკვატურად და სამართლიანად უპასუხოს შრომითი მიგრაციის პროცესს.