მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სასწრაფო დახმარების მძღოლები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან

IMG_1052დღეს, საქართველოს პროფკავშირების ლიდერები, თბილისის სასწრაფო დახმარების ავტომანქანების მძღოლებს შეხვდნენ. სასწრაფოს მძღოლები თბილისის მერიის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სამსახურის  ხელმძღვანელობას მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

როგორც მძღოლები აცხადებენ, ბოლო პერიოდში მათი ხელფასების კლებამ სისტემატიური ხასიათი მიიღო. ამას გარდა, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ხელმძღვანელობის მხრიდან მძღოლების უსამართლოდ და არალოგიკურად დაჯარიმების შემთხვევებიც. სასწრაფო დახმარების მძღოლები ასევე არასწორად დაგეგმილ და ხელოვნურად გაზრდილ სამუშაო საათებსაც აპროტესტებენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა და ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ლავრენტი ალანიამ მძღოლებს საკუთარი უფლებები მოკლედ გააცნეს და განუმარტეს, რომ მათ მიერ დაყენებული საკითხების მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ თანადგომითა და ურთიერთსოლიდარობით შეიძლება მოგვარდეს.

“მხოლოდ ერთი ადამიანი ვერაფერს იზამს. საჭიროა ყველანი გაერთიანდეთ და ერთად მოითხოვოთ ყველა ის უფლება, რაც კანონით თქვენ ისედაც გაქვთ. არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ დამსაქმებელი კეთილი ნებით მოინდომებს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენ თქვენს გვერდში ვიქნებით იქამდე, სანამ თქვენ იქნებით ერთიანი და გაუტეხელნი“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა მძღოლებთან შეხვედრაზე, რომლებიც საკუთარი პროფკავშირის ჩამოყალიბებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

ხვალ, 11:30 საათზე, მძღოლები გლდანის სათაო ოფისთან აქციას მოაწყობენ, სადაც დამსაქმებლებს უშუალოდ გააცნობენ პუნქტობრივად ჩამოწერილ მოთხოვნებს. თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მძღოლები ფართომასშტაბიანი გაფიცვით იმუქრებიან.