მიმდინარეობს საიტის განახლება

სასწრაფოს მძღოლების პროტესტი და შეუვალი დამსაქმებლები

911531_4723878714318_1120105471_nდღეს, თბილისის სასწრაფო სამსახურის მძღოლებსა და მათ დამსაქმებლებს შორის შეხვედრა შედგა. სასწრაფოს მძღოლები ამჟამად სამ სმენაში მუშაობენ და ზეგანაკვეთური შრომის ხარჯზე, მათი ანაზღაურება საშუალოდ 900 ლარია. თუმცა, მათი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შემოდგომიდან სამსახურს მეოთეხე სმენა დაემატება და სამსახურში ახლადმიღებული მძღოლების ხელფასი, სასწრაფოში უკვე მომუშავე 240 მძღოლის ხელფასიდან უნდა გადაიფაროს.

როგორც ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ლავრენტი ალანია ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტიილებით, მძღოლებს ხელფასი დაახლოებით 230 ლარით შეუმცირდებათ და მთლიანობაში მათი საშუალო ხელფასი 500–დან 600 ლარამდე გახდება, რაც ბუნებრივია მძღოლების გულისწყრომას იწვევს.

ლავრენტი ალანია: “ახალი შრომის კოდექსის შესაბამისად, მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სხვა სამსახურებშიც მოხდა მეოთხე სმენების დამატება, მაგრამ სხვაგან ეს დასაქმებულების ხელფასის კლებაზე არ ასახულა. სასწრაფოს მძღოლები კი რატომღაც გამოიყო ამ სამსახურებიდან და მაინცა და მაინც მათ ჩაგრავენ. დღეს მძღოლები დამსაქმებლებს შეხვდნენ, მაგრამ სამწუხაროდ დამსაქმებლები დათმობაზე ჯერ არ მოდიან. იქიდან გამომდინარე, რომ სასწრაფო სამსახური სპეციფიური სამსახურია და საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, მძღოლები კეთილ ნებას გამოიჩენენ და მუშაობის პროცესს საერთოდ არ გააჩერებენ. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, შესაძლებელია საპროტესტო აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს. მე ორგანიზაციის ხელმძვანელს, ბატონ შალვა ბრაჭულს მოვუწოდებ, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მძღოლებს კოლექტიური ხელშეკრულება დაუდოს, სადაც მძღოლების ანაზღაურება სამართლანობის ჩარჩოებში მოექცევა“.

შალვა ბრაჭულმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ისინი მძღოლებისათვის ხელფასის შეკვეცას არ აპირებენ და საათობრივი ანაზღაურების მოცულობა იგივე დარჩება, რაც ადრე იყო. თუმცა, ბატონი ბრაჭული განმარტებას არ იძლევა იმასთან დაკავშირებით, რომ ოთხი სმენის დაწესების გამო, სამუშაო საათებშემცირებულ მძღოლებს (კვირაში 40–48 საათი) ავტომატურად დააკლდებათ შემოსავალი. შალვა ბრაჭულმა მძღოლების პროტესტს მართული უწოდა და განაცხადა, რომ მას დასაქმებულებთან პრობლემები არ აქვს და ეს პროცესები “გარედან“ იმართება.

შეგახსენებთ, რომ სასწრაფოს მძღოლები ორი დღის წინ საკუთარი ინიციატივით შეხვდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების ლიდერებს და მხოლოდ მძღოლების სურვილი იყო მათ უფლებების დასაცავად გარეთ გამოსვლა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, მძღოლებთან შეხვედრის დროს ისიც კი აღნიშნა, რომ არავის ინტერესში არ შედის სასწრაფო სამსახურის (ან სხვა ნებისმიერი სამსახურის) ფუნქციონირების შეზღუდვა, მაგრამ როდესაც დასაქმებულები კანონით მინიჭებული უფლებების დაცვას ითხოვენ, მაშინ ყველა მოქალაქემ უნდა კეთილი ინებოს და ასეთ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი პრობლემების წინაშე მომავალში ნებისმიერი ჩვენთაგანი  შეიძლება დადგეს.