მიმდინარეობს საიტის განახლება

სამთო მრეწველობაში – რთული სფერო, დიდი პრობლემებით

ინტერვიუ მომაზადა: დავით არაბიძემ

სამთო მრეწველობა, ერთ ერთი ყველაზე რთული სფეროა საქართველოში. მძიმე შრომის პარალელურად, დასაქმებულებს რთულ სამუშაო პირობებთან უწევთ გამკლავება. სფერო გამოირჩევა საწარმოო უბედური შემთხვევების მაღალი მაჩვნებლით. ხშირია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმების მიღების შემთხვევებიც.

საქართველოს მეტალურგთა, ქიმიური და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირს, თამაზ დოლაბერიძის ლიდერობით, ბოლო წლებში დაუღალავი შრომის გაწევა უხდება, რათა სფეროში დასაქმებულთა უფლებები დაცული იყო და შრომითი პირობები განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებულ სტანდარტებს უახლოვდებოდეს.

ამჟამად ინტერვიუ თამაზ დოლაბერიძესთან მხოლოდ სამთო მრეწველობის საკითხებზე მოვამზადეთ, რადგან ამ მიმართულებით სოციალური, შრომითი და პროფესიული სახის პრობლემები დღეს განსაკუთრებით მწვავეა.

დავით არაბიძე: სამთო მოპოვებითი სამუშაოები საქართველოში, ჯერ კიდევ ინდუსტიალიზაციამდე წარმოებდა. დღეს სად ტარდება ძირითადი სამთო-მოპოვებითი სამუშაოები?

თამაზ დოლაბერიძე: ეს ძირითადად სამ ადგილას ხორციელდება:

  • დაბა კაზრეთი, სადაც კომპანიები – სააქციო საზოგადოება „RMG COPPER“-ი და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „RMG GOLD“-ი კარიერული წესით მოიპოვებენ ოქროსა და სპილენძის მადანს,
  • ტყიბული, სადაც შპს „საქნახშირი“ (ჯი აი ჯი ჯგუფი) ვერტიკალური შახტებით მოიპოვებს ქვანახშირს,
  • ჭიათურა, სადაც შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჰორიზონტალური მაღაროებითა და კარიერული წესით მოიპოვებს მარგანეცს.

დავით არაბიძე: სამთო მოპოვება ყოველთვის იყო რთული სფერო. რა ძირითადი პრობლემებია ამ მიმართულებით?

თამაზ დოლაბერიძე: სამთო მრეწველობაში არსებული სამუშაო ადგილები მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანია. კარიერზე, შახტასა და მაღაროში დასაქმებული ადამიანები უწყვეტად იმყოფებიან რისკის ქვეშ. მომხდარი ტრაგედიები და დასაქმებულთა დასახიჩრებისა და დაღუპვის ფაქტები ამის ყველაზე დიდი მტკიცებულებაა. გაუმართავი სარკინიგზო სისტემა, განათების არარსებობა ან დაბალი ხარისხი, მეთანისა და ნახშირის მტვერის აალების საშიშროება, მიწისქვეშა სამთო არაპროგნოზირებადი დარტყმები, მიწისქვეშა წყლების მოვარდნის საფრთხე, გაუმართავი საბაგირო გზის სისტემა – ეს უწესივრობები ერთიანობაში ქმნიან საფრთხისა და რისკის შემცველ გარემოს.

დავით არაბიძე: სად უნდა ვეძიოთ ამის გამომწვევიმიზეზები?

თამაზ დოლაბერიძე: ეს სისტემური პრობლემაა და მას პირველ რიგში წარმოშობს ოპერატორი კომპანიების გულგრილი დამოკიდებულება სოციალური პარტნიორობის პრინციპისადმი, რომლიდანაც პირდაპირ გამომდინარეობს შრომის უსაფრთხოების გაუმართაობა მათ საოპერაციო ობიექტებზე. კანონმდებლებს და აღმასრულებლებს თავის წილი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან კანონმდებლობაც უაღრესად შეუსაბამოა არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. ამას ემატება გადაწყვეტილების მიმღები პირების ბიზნესთან აფილაცია და შესაბამისად, სოციალურად პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ნების არარსებობა, რაც საბოლოო ჯამში ქმნის სავალალო მდგომარეობას სამთო წარმოებაში.

დავით არაბიძე: რა არის დასამალი და ხშირად გაიგონებ – რას აკეთებს პროფკავშირი? მართლაც და რას აკეთებთ ამ მხრივ?

თამაზ დოლაბერიძე: სოციალური, სამართლებრივი და შრომითი უსაფრთხობის შესახებ დასაქმებულთა ცოდნის ასამაღლებლად პროფკავშირები მნიშვნელოვან რესურს ხარჯავენ, თუმც ხდება ხოლმე რომ ეს რესურსები ჰაერში იფანტება, რადგან სოციალურად უპასუხისმგებლო დამსაქმებლები გადამზადებულ პროფკავშირის წევრ დასაქმებულებს დევნიან და სამუშაო ადგილებს ართმევენ, ამის მაგალითია თუნდაც კაზრეთში განვითარებული მოვლენები, როდესაც ოპერატორმა კომპანიებმა პროფკავშირული მოძრაობა ჩაახშეს.

დავით არაბიძე: მუშათა გაფიცვები ხომ ხდებოდა და ხდება სამთო წარმოებაში. რა იწვევს ამ სოციალურ პროტესტს?

თამაზ დოლაბერიძე: დიახ, როგორც კაზრეთში, ასევე ტყიბულსა და ჭიათურაშიც იყო მუშათა გაფიცვები. რომელიც სხვადასხვა შედეგებით დასრულდა.მუშათა გაფიცვა დაგროვილი პრობლემების შედეგია. თუ სახელმწიფო თავად არ ახდენს ნახშირის, ოქროსა და სპილენძის მოპოვებას, მაშინ მან უნდა იზრუნოს, რომ კერძო კომპანიებმა ისეთი სისტემა არ შექმნან ამ სამთო მოპოვებითი სამუშაობის ადგილებზე, რომ დასაქმებულს სხვა გამოსავალი არ დარჩეს გარდა გაფიცვისა. მთლიანობაში ეს გაფიცვებიაჩვენებენ თუ რაოდენ დიდია სოციალური უსამართლობა სამთო მრეწველობის ამ ადგილებში. როდესაც ამას თან ერთვის სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი გულგრილობა მუშათა სამართლიანი მოთხოვნებისადმი, აქ უკვე ნათელი ხდება რომ საჭიროა პროტესტის ისეთი ფორმა როგორიცაა გაფიცვა. პროფკავშირი არასოდეს ახდენს გაფიცვის პროვოცირებას, გაფიცვა მუშებისგან გულწრფელად წამოსული ბუნებრივი პასუხია საწარმოში არსებულ არასამართლიან გარემოზე, პროფკავშირი უბრალოდ ახდენს დასაქმებულთა ორგანიზებას, რათა საპროტესტო მუხტი ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებს არ გასცდეს. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ გაფიცვა ადამიანის კონსტიტუციით დაცული უფლებაა.

დავით არაბიძე: პროფკავშირების ერთ-ერთი ქმიდითი ინსტრუმენტი სოციალური დიალოგია და ამ მხრივ რა სიახლეებია?

თამაზ დოლაბერიძე: პროფკავშირისთვის მნიშვნელოვანია არ ზოგადად „დიალოგი“, არამედ სოციალური დიალოგი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად. რატომ? რადგან მხოლოდ ასეთი სტანდარტები იძლევა შესაძლებლობას ეკონომიკაში არ იყოს სოციალური რყევები. ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ დასაქმებულებთან ღია კონფლიქტში შესვლა მეტად აზიანებს ბიზნესს და ეკონომიკას, ვიდრე პროფკავშირთან, როგორც დასაქმებულთა ლეგიტიმურ წარმომადგენელთან მუდმივი სოციალური დიალოგის პროცესი. კოლექტიური მოლაპარაკებები და კოლექტიური ხელშეკრულება იძლევა საშუალებას რომ საწარმოში დადებითი იყოს მშრომელთა მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი და დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაღალი იყოს კორპორატიული პატრიოტიზმის ხარისხი და კომპანიისადმი მიკუთვნებულობის განცდა, ეს ყოველივე კი ქმნის ბიზნესის სტაბილურობის გარანტიების მთელ კომპლექტს.

დავით არაბიძე: არის პრობლემები და არის მათი გადაჭრის საშუალებები. რომელი საშუალებებია თქვენთვის პრიორიტეტული?

თამაზ დოლაბერიძე: ჩვენი პროფკავშირული თვალსაზრისით ეს არის საერთაშორისო შრომის სამართლის შესაბამისი, სამმხრივ ფორმატზე აგებული სოციალური დიალოგი, რაც თავის მხრივ საჭიროებს სოციალური პარტნიორების მიერ  არსებული სოციალურ-შრომითი პრობლემების სრულად დადგენასა და თანამიმდევრულ ზრუნვას მათ გადასაწყვეტად. მთავარია, რომ სამმხრივობის პროცესში ჩართულობა სამივე მხარისგან იყოს გარანტირებული. მხარეები პროცესს უნდა ეკიდებოდნენ პასუხისმგებლობით. პარლამენტი და მთავრობა უნდა ქმნიდნენ, ახალისებდნენ და ამკვიდრებდნენ სოციალური პარტნიორობის რეალურ შესაძლებლობებს. პროფკავშირები ამ პროცესში ღირსეულად მონაწილეობის მიზნით ანხორციელებს სხვადასხვა ტიპის პროფკავშირულ სასწავლო პროგრამებს და ამზადე ბს სათანადო კადრებს სოციალური პარტნიორობისათვის. ძალიან კარგი იქნება თუ სოციალური პარტნიორობის მეორე მხარე, ანუ ბიზნესიც იგივეს გააკეთებს.

დავით არაბიძე: გმადლობთ ინტერვიუსთვის.