მიმდინარეობს საიტის განახლება

სამედიცინო საზოგადოების პროტესტი

პარლამენტის ყოფილ შენობასთან ექიმებისა და მედიცინის მუშაკების საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს , ექიმებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა, რის გამოც ისინი თავს დაცულად არ გრძნობენ. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ შემუშავდეს ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ექიმი ისეთივე ხელშეუხებელი იქნება, როგორც პოლიციელი.

საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ჯონი ჯანაშიამ განაცხადა, რომ ყოველდღე ირღვევა ექიმების უფლებები და დღე არ გავა, რომ ექიმზე თავდასხმა არ მოხდეს.

“მიზეზი დღევანდელი თავშეყრის იყო იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ექიმზე, პაატა გვენეტაძეზე თავდასხმა, თუმცა მიზეზი მარტო ეს არაა. რამდენიმე ხნის წინ პაციენტმა ყუმბარით მოკლა ექიმი ზურაბ ბენდელიანი, არც ისე დიდი ხნის წინ კი ქუთაისში ექიმს პაციენტის პატრონმა თვალი ამოთხარა. მოვითხოვთ, შეწყდეს ექიმებზე თავდასხმა და შემუშავდეს კანონი, რომლის მიხედვითაც ექიმი ისეთივე ხელშეუხებელი იქნება, როგორც პოლიციელი. გარდა ამისა, მოვითხოვთ მასმედიის დამოკიდებულების ცვლილებას საერთოდ სამედიცინო საზოგადოების მიმართ. არ უნდა იყოს ექიმის შეცდომა ბაზრის საზოგადოების გასარჩევი. არ უნდა მოხდეს ყოველი ფაქტის გამოტანა სააშკარაოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს აპათიას მთელს მოსახლეობაში”, – განაცხადა ჯონი ჯანაშიამ.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი აქციები დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, კერძოდ, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ამბროლაურში. ექიმებისა და მედიცინის მუშაკების საპროტესტო აქცია მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით გაიმართა. ადგილზე სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.joni