გორში მდებარე წისქვილკომბინატის “კარმენის” წინააღმდეგ პროფკავშირები სამართლებრივ დავასა და საპროტესტო კამპანიას იწყებენ. კომპანიის ადმინისტრაციისაგან ისინი შვიდი უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესრულებას ითხოვენ.
პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიის აზერბაიჯანული მენეჯმენტი კიდევ 40 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს, მიზეზად კი კონტრაქტების ვადის ამოწურვას ასახელებს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტების განმარტებით, შრომის კოდექსის ახალი ნორმის მიხედვით, ყველა თანამშრომელს, რომელსაც ხუთი ან მეტწლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი შპს “კარმენთან”, ხელშეკრულება ავტომატურად, უვადოდ უნდა გაგრძელებოდა.
დღეს, 13 იანვარს, გორში, პროფკავშირების წარმომადგენლებმა, მათ შორის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ და გაერთიანების იურისტებმა, უკანონოდ გათავისუფლებულებთან შეხვედრა გამართეს. შეხვრდრის ორგანიზატორი კვების და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ლევან მთვარელიძე იყო. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სასარჩელო განაცხადი უკვე მომზადდა და უახლოეს დღეებში, დავა სასამართლოში შევა. პროფკავშირები ემზადებიან აქციისთვისაც.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ არავითარი დარღვევა არ ჰქონიათ, რაც საფუძველი გახდებოდა მათი გათავისუფლების და მხოლოდ ხელშეკრულების დასრულების გამო გაათავისუფლეს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ეს ადამიანები მრავალი წელია აქ მუშაობენ და კომპანიას არ ჰქონდა იურიდიული უფლება მათი გათავისუფლებისა. გარდა ამისა, მისი თქმით, ასაკის გამო ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა დისკრიმინაციულია და ამას არეგულირებს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა გორში მსგავსი მიზეზით დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლებისა.