საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო რკინიგზელი ილია ლეჟავას და მეხანძრე-მაშველი ლევან როსტომაშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს შრომის კოდექსი” თავი მეოთხე, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს ეხება.
საკონსტიტუციო სარჩელი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიულმა სამსახურმა მოამზადა და მასში ნათქვამია – შრომის კოდექსის სადავო ნორმით არალეგიტიმურად იზღუდება კონსტიტუციის მე-14 და 30-ე მუხლებით გარანტირებული კანონის წინაშე ყველას თანასწორობისა და შრომის თავისუფლების უფლება.
შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისში შეტანილი ცვლილებების შედეგად მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით “დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო”. აღნინშული ნორმა არის დისკრიმინაციული ხასიათის და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულთა გარკვეულ კატეგორიას, რომლებიც მუშაობენ სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებში.
ამ უკანასკნელთათვის შრომის კოდექსი ადგენს 8 საათით უფრო მეტ სამუშაო კვირას, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას კერძოდ: “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი გარდა კონსტიტუციის მე-14, 30-ე მუხლებისა, ასევე ეწინააღმდეგება შრომის საერთასორისო ორგანიზაციის კონვენციას ,,შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ” ,, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას” და ევრო დირექტივას ,,სამუშაო დროის შესახებ”.
შრომითი უფლებები, როგორც სოციალურ უფლებათა ფუნდამენტი, წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური და სულიერი არსებობის, განვითარებისა და სრულყოფის საფუძველს.
სოციალურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, კანონმდებლის მიერ მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით… თუმცა სადავო ნორმის შემთხვევაში, ასეთი რეგულირება არ არის განპირობებული არც გონივრული, არც არსებითი და არც ობიექტური მიზეზებით”
საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ყველა ფორმალურ მოთხოვნას და სარჩელი წარმოებაში მიიღო. არსებითი განხილვის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.