საიმედო სამსახური იშვიათი გახდა

საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტი ჰარი ზუპნიკი, 2007 წელს დაითხოვეს დიდი სატელეკომუნიკაციო ფირმიდან.
„მას შემდეგ, ექვს წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, მხოლოდ 24 თვე მაქვს ნამუშევარი. ყველა სამსახური კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებული დროებითი სამუშაო იყო, რაც ნიშნავს, რომ : მიხვალ, იმუშავებ პროექტზე, დაასრულებ და წახვალ.“ის იმედოვნებდა, რომ 60 წლის ასაკში ნაწილობრივ პენსიაზე გავიდოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ერთი სამუშაოს გამოტოვებისაც კი ეშინია.

„როცა არ ვმუშაობ, საშვებულებო დასვენებას ვერ ვბედავ მასთან დაკავშირებული ხარჯების გამო და ამავე დროს, ღმერთო ჩემო! შეიძლება გამომრჩეს შემდეგი შესაძლო პროექტი.“

კორინ პულიკეი ზუპნიკზე ორჯერ უმცროსია, მაგრამ მსგავსი შეზღუდვების ტყვეობაშია. ის ტექსტილის დიზაინს და მარკეტინგს სწავლობს და ამასთან ერთად დროებით სამუშაოებს ასრულებს. გასულ წელს მან მიატოვა სრული სამუშაო კვირის სამსახური, რადგან დაწინაურების პერსპექტივა არ არსებობდა.

„თუმცა ამის მერე გამიჭირდა მუდმივი სამსახურის პოვნა და იძულებული ვიყავი სხვადასხვა დროებითი სამუშაოთი დავკავებულიყავი.“

ის ამბობს, რომ კარგად ანაზღაურებადი, საიმედო სამსახური სულ უფრო იშვიათობა ხდება.

„ეს შემაშინებელია. ვფიქრობ, ახალი ეკონომიკური სისტემა იბადება, როცა იძულებული ხდები საკუთარი თავის დაცვაზე  იზრუნო .“

ექსპერტები ამბობენ, რომ დასაქმებული ამერიკელების ერთი მესამედი ან დროებით სამუშაოზეა დაკავებული, ან დღიურ მუშად, ან კონტრაქტით, ან არასრული სამუშაო კვირის განრიგით მუშაობს. თითქმის ყველა მათგანი ისეთი შეღავათების გარეშეა, როგორიცაა საპენსიო გეგმა და არ გააჩნიათ სამუშაოს და ხელფასის მიღების განსაზღვრული განრიგი.

პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლის პროფესორმა პეტერ კაპელიმ „ამერიკის ხმას“ სკაიპის მეშვეობით უთხრა, რომ ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია, სამუშაო ადგილების საზღვარგარეთ გატანა და ფინანსური რესტრუქტურიზაცია.

„კომპანიები დღეს-დღეობით დარწმუნებულნი არ არიან,მოთხოვნა გაიზრდება თუ შემცირდება, რამდენი ხნით გაგრძელდება პროექტები. ადრე ისინი თანამშრომლებს მუდმივად, მთელი ცხოვრების მანძილზე ქირაობდნენ და ბიზნესის შესუსტების პირობებშიც ინარჩუნებდნენ მათ სამუშაო ადგილებს. ახლა ასე აღარ იქცევიან.“

ის ამბობს, რომ დასაქმებულთა უმრავლესობას საკუთარი ნებით არ აურჩევია დროებითი სამსახურის პირობებში ცხოვრება.

„ადამიანების უმრავლესობას არ გააჩნია ისეთი ფინანსური დანაზოგები, რომ ასეთ ცხოვრებას მათთვის აზრი ჰქონდეს. დამსაქმებლებს კი ასე ურჩევნიათ და ვფიქრობ ეს მათ ეხმარება დარჩნენ კონკურენტუნარიანებად. აქ ჩვენ ვხედავთ ისეთ სურათს, როცა ერთი მხარე წაგებულია, მეორე კი მოგებული.“

ჰარი ზუპნიკისთვის, სამსახურის ძებნის საკითხი მისი ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას.

„ამან იმოქმედა ჩემს ოჯახურ ცხოვრებაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე, ადამიანებთან ურთიერთობებზე, საკუთარი თავის რწმენაზე, და ზოგადად იმაზე, თუ როგორ ვგრძნობ თავს, როცა უბრალოდ  ქუჩაში გავდივარ.“

ზუპნიკი ამას წინათ დათანხმდა დროებით სამუშაოზე ქალაქ ბუფალოში, რომელიც ნიუ იორკიდან ავტომანქანით 6 საათის სავალზეა.

კორინ პულიკეი იმედოვნებს, რომ საფეიქრო საქმის დიპლომის მიღების შემდეგ, მუდმივი სამსახურის პოვნის მეტი შანსი გაუჩნდება.

samsaxuri
amerikiskhma.com