მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ

საქართველოში 1992 წლის შემდეგ  განხორციელებული დიდი და მიზანმიმართული დეინდუსტრიალიზაციის შემდეგ რთულია ილაპარაკო  სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, მაგრამ ევროპის კავშირთან ჩვენი სახელმწიფოს ასოცირების ნების მანიფესტირების პირობებში ჩნდება იმედი, რომ სოციალური პასუხისმგებლობა თეორიული მსჯელობებიდან, დროის გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ, საზოგადოებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების პრაქტიკულ რეალობად იქცევა.

სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, თვითმმართველობის, კერძო და საჯარო სექტორის სოციალური პოლიტიკის საიმედო შეფასების კრიტერიუმი და ეფექტურობის მამტკიცებელი ნიშანია. მასზეა დამოკიდებული საზოგადოების სვლა-გეზი, როგორც პროგრესისკენ, ასევე რეგრესისკენ.

საქართველოში დღეს მოქმედი საკუთრების, წარმოებისა და გაცვლის სისტემის პირობებში ნათელია რომ სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სუბიექტებს არა თანასწორი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნიათ. ეს პასუხისმგებლობა იდეალურ სიტუაციაში ყველა სუბიექტზე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს, მაგრამ საქართველოს რეალობა ამ იდეალისაგან ძალიან შორს დგას.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შეფასებისას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს რომ საზოგადოების ყველა შემადგენელი სოციალურ-პროფესიული ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივები პროგრესისკენ მიემართებოდეს. თუ ეს ფაქტი სახეზეა, თუნდაც ეს ხდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში, შეიძლება თამამად ითქვას რომ ქვეყანაში სოციალური პასუხისმგებლობა მოქმედებს. დიახ  სახელმწიფო ინსტიტუტებს სოციალური უპასუხისმგებლობის შემთხვევაში შეუძლიათ არად ჩააგდონ სოციალური ფასი, მაგრამ ეს უკვე თავად ამ ინსტიტუტების არაეფექტურობისა და დემორალიზაციის მაჩვენებელი იქნება და მასზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დგება მძაფრი სოციალური წინააღმდეგობისა და სოციალური ცვლილებების სახით.

საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი პარამეტრების გამოვლენა იოლი საქმე არაა, რადგან ეს პარამეტრები თავისი ხასიათიდან გამომდინარე არაერთგვაროვანნი და მრავალ რიცხოვანნი არიან.

საზოგადოებაში  სოციალური პასუხისმგებლობა პირველ რიგში კონკრეტულ-ისტორიულ გარემოებებზეა დამოკიდებული. როგორია საკუთრების, წარმოებისა და გაცვლის სისტემა, ვინ არიან საზოგადოების ფორმალური და არაფორმალური ლიდერები, რა ხასიათს ატარებს საზოგადოების  სოციალურ-პროფესიული ჯგუფების სოციალური ორგანიზებულობა, განსაკუთრებით კი მშრომელთა პროფკავშირული დარაზმულობა, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს საზოგადოების სოციალური სტრუქტურა მის გარშემო არსებულ ობიექტურ რეალობას, როგორ იაზრებს ახალ იდეებს, რამდენად ეწევა სოციალურ შემოქმედებას და იღებს კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს.

საზოგადოებაში წარმოქმნილი პრობლემების კომპლექსის ანალიზისას მათი განხილვა სოციალურობის პოზიციიდან უნდა მოხდეს. ეს კი ნიშნავს კეთილდღეობას ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე. კაცობრიობის ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა ამ მიდგომის მართებულობა მრავალგზის დაამტკიცა.

დღეს  სოციალური პასუხისმგებლობის ცნების საზღვრები გაფართოვდა.   მასში შედის ადამიანის  არა მხოლოდ ძირითადი მატერიალური ინტერესები, როგორიც არის გარანტირებული დასაქმება, ბინა, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომის სამართლებრივი და ტექნიკური, ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოება, არამედ მისი თავისუფალი დრო და წარმოების მართვაში თანამონაწილეობაც.

სახელმწიფოს პირველი რიგის სოციალური პასუხისმგებლობა მისი მოქალაქეების სოციალური უფლებების ეფექტურ დაცვაში გამოიხატება. ამ დებულებიდან გამომდინარე ნათელია რომ საქართველოში 2006 წელს სოციალურ-შრომითი ურთიერთობების ნორმატიული რეგულირების ტოტალურად მომსპობი შრომითი კოდექსის მიღებით, ვითომ თანასწორ სუბიექტთა შორის ხელშეკრულებითი ურთიერთობები კი არა, დისკრიმინაციული ურთიერთობები დამკვიდრდა. 2013 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა შრომის კოდექსიდან უკიდურესად ოდიოზური ფორმულირებები  გააქრო, მაგრამ ყველაზე დიდი ოპტიმისტიც კი ვერ იტყვის რომ კოდექსი ევროპული შრომითი სტანდარტების შესატყვისი გახდა. ეს არაა გასაკვირი, რადგან 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილების მიუხედავად  საქართველოს მიერ გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციების რიცხვი კვლავ 16-ს არ აღემატება.  სრულად რატიფიკაცია არ ეღირსა არც ევროპის სოციალურ ქარტიას (შესწორებული). მიმდინარე პროცესები არ გვარწმუნებს რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების ინიცატივით რატიფიკაციის პროცესი აღდგება.

სახელმწიფოს სოციალური პარტნიორობის პრინციპის სამართლებრივი ხელშეწყობით შეუძლია ეფექტურად განავითაროს სოციალური სფერო. სახელმწიფოს მონოპოლია არაა სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ მისი მონოპოლიაა შრომასა და კაპიტალს შორის ურთიერთობების ჰუმანიზაციის სამართლებრივი  უზრუნველყოფა. სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა გახდეს წარმოებისა და გაცვლის პროცესის ჰუმანიზაცია. ეს გზას გაუხსნის მატერიალური ინტერესების ცივილიზებულ შეთანხმებებს, სოციალურ-შრომით ურთიერთობებში მყოფ სუბიექტებს შორის სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს იყოს ეკონომიკაში სოციალური პარტნიორობის  რეალურად განხორციელების გარანტი, შრომასა და კაპიტალს შორის პერიოდულად წამოჭრილი პრობლემების, სოციალური სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად განმახორციელებელი არბიტრი. სახელმწიფო უნდა იჩენდეს ინიციატივას რომ გენერალური, დარგობრივი ტერიტორიული სამმხრივი შეთანხმებები – სოციალური პარტნიორობის განვითარების ყველაზე თვალსაჩინო დოკუმენტები იყოს სოციალური პასუხისმგებლობისა და სოციალური სამართლიანობის შინაარსით დატვირთული. ამ ფუნქციის განხორციელებით სახელმწიფო არა მხოლოდ მატერიალურ საკითხებს გადაწყვეტს, არამედ ხელს შეუწყობს მშრომელში პიროვნული თვისებების განვითარებას.

დროთა განმავლობაში საზოგადოებაში  სოციალური პარტნიორობის განვითარებასთან ერთად ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაც განიცდის ტრანსფორმაციას. მისი  საქმიანობის  ეკონომიკურ შემადგენელს სოციალურიც ემატება და ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მისი ტრადიციული ჩარჩოებიდან გამოდის, იგი ბიზნესის ორგანული ნაწილი ხდება.

პროფკავშირების სოციალურ პასუხისმგებლობაზე ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა, მისი მდგრადი განვითარება. ეს ფაქტორი თვალნათლივ უნდა გაიაზროს სახელმწიფომ,  ბიზნესმა და მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამაც.

დღეს საქართველოს სოციალური კანონმდებლობა შორსა დგას ევროპული სოციალური სტანდარტებისგან. ეს ფაქტი ხელს უშლის საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობას მის საქმიანობაში. სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი საკითხია პროფკავშირებთან თანამშრომლობით შეიმუშავოს სოციალური კანონების ბლოკი. კონტრაგენტთა შორის სოციალურ-შრომითი მოლაპარაკებები ეფექტური იქნება მხოლოდ პროგრესული სოციალური კანონების ბლოკის ამოქმედებით. სხვა შემთხვევაში ეკონომიკური პროცესები სიღატაკის აღმოფხვრისკენ კი არა სიღატაკის გამრავლებისკენ წარიმართება. კანონთა ამ ბლოკის გარეშე  ღატაკთა რიგებს კვალიფიციური მშრომელებიც შეავსებენ, ახალგაზრდობა  კი კონვეირული წესით წავა ემიგრაციაში, რადგან სოციალურად უპასუხისმგებლო სახელმწიფო არ იზრუნებს სამართლებრივ ცვლილებებზე, სოციალურად უპასუხისმგებლო ეკონომიკა კი გაზრდის ფასებს და დასცემს ხელფასს.

სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემის მნიშვნელოვან ელემენტს ფსიქოლოგიური ფაქტორიც წარმოადგენს. როდესაც ქვეყანაში არც ისტორიული ოპტიმიზმია და არც ოპტიმისტური რეალობა, ხოლო სოციალურად უპასუხისმგებლო ლიბერტარიანიზმი მორიგე ანარქო-კაპიტალისტური ქაოსით იმუქრება, აუცილებელი ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების არეალზე მშრომელთა დარაზმულობის და მათი სოციალური პასუხისმგებლობის მანიფესტირება. სოციალური პროგრესი, როგორც მიზანი, მისკენ სავალი გზის ეტაპები, მექანიზმები, შეფასების ინდიკატორები –  ეს მშრომელთა ზრუნვის საგანი და მათი სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო გამოვლინებაა.

მსოფლიოსა და განსაკუთრებით ევროპის გამოცდილება გვაჩვენებს რომ მხოლოდ დეკლარაციებით საქმე არ კეთდება. საჭიროა პროგრესული სოციალური კანონების ბლოკი და ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტრადიციული ჩარჩოების გაფართოვება. ეკონომიკური ეფექტურობა სოციალური პასუხისმგებლობით უნდა გაჯერდეს. ამ ვითარებას კი კი სოცალური პარტნიორობის პრინციპის სრული ამუშვება ესაჭიროება. სოციალურ-შრომითი კონფლიქტები სოციალური პასუხისმგებლობის სისტემის  ამოქმედებით არ გაქრება, მაგრამ გაჩნდება სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი თანამონაწილეობით მათი ცივილიზებული მოგვარების სწრაფი და ეფექტური მექანიზმი.

საქართველოს სოციუმის მდგომარეობა მის ეკონომიკაში  სოციალური პასუხისმგებლობის  ფორსირებული ტემპით გავრცელებას მოითხოვს. სახელმწიფოსაც და ბიზნესსაც პროფკავშირები აქტური მოქმედებით აჩვენებენ სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითებს და დროა ამ მხრივ კუთვნილი სიტყვა საჯარო და კერძო სექტორმაც თქვას. სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოებაში სამმხრივია და ის სრული სერიოზულობით ითხოვს ისტორიულად და რეალურად ოპტიმისტურ პასუხს.

დავით   არაბიძეsoc