უკრაინელმა ექსპერტებმა ტყიბულის შახტის მონიტორინგი დაიწყეს.

ისინი ადგილზე ვითარებას ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან. სპეციალისტები მეშახტეებსა და “საქნახშირის” წარმომადგენლებს გაესაუბრებიან.
ექსპერტები ტყიბულის შახტში განვითარებულ მოვლენებს შეისწავლიან, გაეცნობიან შემთხვევის ადგილს და ამის შემდეგ დასკვნას დადებენ.
უკრაინელი ექსპერტების ჩამოყვანა საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით მოხდა.
მიზესი აპრილის დასაწყისში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, გვირაბი ჩამოიშალა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

უკრაინელმა ექსპერტმა კაროლ ვესლავანიჩმა განაცხადა: „ჩვენ საქართველოს პროფკავშირების მოწვევით ჩამოვედით, შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შესასწავლად. თუ კომპანიის წარმომადგენლები ნებას დაგვრთავენ, შევეცდებით, პირველ რიგში, ტექნიკური დოკუმენტაცია შევისწავლოთ. მოვხვდეთ უბედური შემთხვევის ადგილას. ეს აუცილებელია, რომ გავიგოთ, რა მოხდა. გავესაუბრებით დაზარალებულებს და თვითმხილველებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ადგილზე. შევისწავლით ყველანაირ დოკუმენტს, რაც შესაძლებელია, ასევე სამედიცინო დაწესებულებების დასკვნებსა და ექსპერტიზის შედეგებს. ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ვნახოთ, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დასკვნის გაკეთება, რა მოხდა და რა შეიძლება მომავალში მოხდეს. უკრაინის კანონებით, ამ ყველაფრისთვის 10 დღე გამოიყოფა, თუმცა ჩვენ აქ ორი დღე გვაქვს“, – განაცხადა კაროლ ვესლავანიჩმა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, მათ შახტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ უშუალოდ უბედური შემთხვევის ადგილი, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ჩაკეტილია. მისი თქმით, სპეციალისტებს მოუწევთ, ძირითადად იმ დოკუმენტაციით იხელმძღვანელონ, რომელსაც „საქნახშირის” ადმინისტრაცია მიაწვდის. როგორც თამაზ დოლაბერიძემ აღნიშნა, მათ მიერ მოწვეულ შრომის დაცვის ტექნიკურ ინსპექტორებს დიდი გამოცდილება აქვთ და ასობით მსგავსი შემთხვევის კვლევა აქვთ ჩატარებული. „მომხდარიდან მერვე დღეს, როგორც კომპანია ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ის ადგილი არის დახშობილი, დაკეტილი, რადგან იყო საშიშროება, რომ დაგროვილიყო გაზი, შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე თუ ვერ მივლენ, შახტში ჩასვლას აზრი არ აქვს. შეიძლება ჩავიდნენ, მაგრამ, ალბათ, ის, რასაც დაეყრდნობიან, იქნება დოკუმენტები და დაშავებულებთან გასაუბრება. ახლა მიმდინარეობს შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციასთან. შრომის დაცვის ტექნიკური ინსპექტორები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კითხვებს უსვამენ. ეცნობიან დოკუმენტაციას, ეცნობიან იმ დღის ნახშირის მოპოვების გეგმასა და მიმდინარეობას, ჰაერში მეთანის შემცველობასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტს, რომელიც დაფიქსირებული აქვს ადმინისტრაციას. დღეს და ხვალ ისინი იმუშავებენ დოკუმენტებზე, ასევე სავარაუდოდ, მოინდომებენ დაშავებულებთან და დასაქმებულებთან გასაუბრებას. ისინი 26-ში წავლენ უკრაინაში და რამდენიმე დღე დასჭირდებათ საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.