3 თებერვალს, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, შპს ,,რუსთავის აზოტი“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის სათათბიროს სხდომის მუშაობაში ორგანიზაციის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა თეიმურაზ გვენეტაძემ მიიღეს მონაწილეობა.
პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გელა ბიჭიაშვილმა მოახდინა სხდომის მონაწილეთა ინფორმირება ადმინისტრაციასა და პროფესიულ კავშირს შორის მიმდინარე პროცესების შესახებ და მანაც მიიღო საპირისპირო ინფორმაცია საამქროებში არსებული პრობლემატური საკითხების შესახებ.
სხდომის სხვადასხვა საამქროს წარმომადგენლებისგან წამოწეული იქნა საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა ქარხანაში არსებული სახელფასო ბადეების უარყოფით მხარეებს, დასაქმებულთა თანრიგის ასამაღლებელი საატესტაციო პროცესების გაუმართაობას, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებზე პასტერიზებული რძის გაცემის საკითხს, მამაკაცი დასაქმებულების მიერ დეკრეტული შვებულების გამოყენების შესაძლებლობას, კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების რამდენიმე ნაწილად გამოყენების საკითხს.
სხდომის მეორე ნახევარი დაეთმო საერთო პროფკავშირული სტრატეგიისა და საქმიანობის უფრო ეფექტური მეთოდების დაგეგმვას, რამაც საკმაოდ დაძაბული საუბარი გამოიწვია. გამოითქვა არაერთი მოსაზრება და დაფიქსირდა არაერთი პოზიცია. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ისაუბრა ყველა გამოთქმული მოსაზრების მნიშვნელობაზე და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი რიგითი წევრები და მათი შრომითი უფლებებია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა პროფკავშირმა უფრო ეფექტიანად შეძლოს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული.