საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, კანონიერ ძალაში შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა შპს „რუსთავის აზოტიდან“ უკანონოდ განთავისუფლებული დავით ბუაჩიძის სარჩელი. მოსარჩელე დავით ბუაჩიძე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღდგენილ იქნა სამსახურში, ხოლო მოპასუხე შპს „რუსთავის აზოტს“, დავით ბუაჩიძის სასარგებლოდ, დაეკისრა იძულებითი მოცდენის ანაზღაურება სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული გადაწყვეტილება საკმაოდ დიდ მნიშვნელობას იძენს არამხოლოდ მოსარჩელისათვის, არამედ ზოგადად, სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან სასამართლოს მოუწია ემსჯელა და ჩამოეყალიბებინა სასამართლო პრაქტიკა საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის ივნისის თვეში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით (მე-6 მუხლის 14, 15 პუნქტები). მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, რაისა ლიპარტელიანი იცავდა.