საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გასული ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო შეაჯამა.
ყოველწლიური შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”თბილისში გაიმართა.
პრეზენტაციაზე რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო სოციალურ დიალოგსა და მის განვითარებას საქართველოში; პროფკავშირების სამართლებრივ საქმიანობას, იურიდიულ მომსახურებას და მოგებულ დავებს;
ასევე საქართველოს პროფესიული კავშირების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელებს.
წარმოდგენილი იქნა გაერთიანების აქტივობები, მათ შორის კოლექტიური მოლაპარაკებები და დადებული ხელშეკრულებები, რომელმაც დასაქმებულებს 126 მილიონი ლარის ფინანსური სარგებელი მოუტანა.
მსჯელობა შეეხო პროფკავშირების გაერთიანების ანალიტიკურ საქმიანობას და საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის მინიმალური ხელფასის განსაზღვრის თაობაზე და საპენსიო რეფორმის პაკეტს. ირაკლი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბევრ საწარმოში პროფკავშირების დევნის ფაქტებზე, საწარმოო უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკასა და იმაზე თუ რა ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი მომავალ წელს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნისთვის.
არასათანადო სამუშაო გარემო, არათანაბარი შრომითი უფლებები და დაბალი ანაზღაურება-ეს არის პრობლემები, რომლებსაც პროფკავშირები წლის მთავარ გამოწვევად ასახელებენ.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე და შრომის ინსპექციაზე რომელიც მისი განჩხადებით უმაქნისია, ფორმალური და რეალურ ცვლილებას საჭიროებს.
პროფკავშირების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და შრომის კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციის აუცილებლობაზე.
შემაჯამებელ კონფერენციას ესწრებოდნენ პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, პარტნიორი ორგანიზაციების და მთავრობის წარმომადგენლები.