თუ სამუშაო ოთახში არ არის ფანჯრები, არ დგას კომპიუტერი თხევად –კრისტალური მონიტორით, არ ხდება ვენტილაცია და არ არის ჟანგბადი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს სამსახური საქართველოში არაჯანსაღ სამუშაო გარემოდ ითვლება.
“როდესაც თანამშრომლებმა უკმაყოფილება გამოვხატეთ უფანჯრო ოთახებში ჯდომასთან დაკავშირებით, უფროსობამ გამოგვიცხადა – ამაზეც მადლობა თქვით რაც არისო“, – ამბობს ერთ–ერთ ქართულ კომპანიაში დასაქმებული ქალბატონი.
ამავე შენობაში ფანჯრებთან ერთად, მხედველობისთვის უსაფრთხო თხევად–კრისტალურ მონიტორებიანი კომპიუტერებიც დგას. მაგრამ უსაფრთხო მონიტორიანი კომპიუტერის, ვენტილაციის, ჟანგბადისა და დღის სინათლის დეფიციტი რვასაათიანი სამუშაო დღის განმავლობაში, როგორც რესპოდენტი ამბობს, მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
არასწორმა განათებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. სხვადასხვა სახის საწარმოო საქმიანობის დროს განვითარებულ ტრავმათა 30–50%, ამა თუ იმ ფორმით, არარაციონალურ განათებას უკავშირდება. შესაძლებელია, განვითარდეს მხედველობის მოქანცვა, ახლომხედველობა, საერთო შრომისუნარიანობის დაქვეითება, მცირდება შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა; ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს, ასევე, მიკროკლიმატის მნიშვნელოვანი გადახრაც, – ნათქვამია შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ პროფესიულ დაავადებათა პრევენციისა და მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის მიზანი დასაქმებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობაა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყველა ტიპის სამუშაოს შესრულებას ახლავს ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი უარყოფითი რისკ–ფაქტორები. სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებით საწარმოებში, შეიძლება ადამიანის ორგანიზმში მავნე ნივთიერებები სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისიტემებისა და კანის გზით მოხვდეს, რაც შესაძლებელია, გახდეს თერმული და ქიმიური დამწვრობის, მწვავე მოშხამვების, იმუნიტეტის დაქვეითების, ცალკეული ორგანოების დაზიანების, სიმსივნური დაავადებების მიზეზი – ნათქვამია შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუის პროფესიულ დაავადებათა პრევენციის პროგრამაში.
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოს. თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმება ჯანმრთელობის დაცვაში, ეს ხშირად გაუგებარი რჩება.
იმის მიუხედავად, რომ შრომის კოდექსში განმარტებულია, დამსაქმებელმა უნდა შეუქმნას დასაქმებულს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო, ზეპირ თუ წერილობით ხელშეკრულებებში დამსაქმებლები ამ პუნქტს გვერდს უვლიან.
თანამედროვე მსოფლიოში «მომუშავის ჯანმრთელობა» განიხილება, როგორც ეკონომიკური ღირებულება, რომელიც წარმოების შემოსავალთანაც მჭიდრო კავშირშია. საუკეთესო ბიზნეს ინვესტიციად კი შრომის უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ჩადებული ინვესტიცია მიიჩნევა.
გარდა ამისა, თანამშრომლებზე ზრუნვა, პირველ რიგში, კომპანიას პოზიტიური იმიჯის შექმნაში უწყობს ხელს. ამასთან, აუმჯობესებს პერსონალის მორალურ მდგომარეობას, ამცირებს სამსახურებში დასწრების პრობლემას, ზრდის შრომისუნარიანობას და ამცირებს ჯანმრთელობაზე დახარჯულ თანხებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაზციის ერთ–ერთ ანგარიშში ნათქვამია, რომ «უმოძრაობა, არაჯანსაღი კვება და არაჰიგიენური გარემო სამუშაო ადგილებზე შესაძლოა პოტენციურად ისეთი დაავადებების გამომწვევი გახდეს, როგორებიცაა: გულის დაავადებები, ინსულტი, კიბო, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და დიაბეტი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, მოძრაობა, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობები (დღეში 30 წუთი დაახლოებით) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ დაავადებათა პრევენციაში.
ინდოეთში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ წარმოებაში დასაქმებული 20 ათასი შემთხვევით შერჩეული ადამიანიდან 27 %–ს წნევები, 10%–ს დიაბეტი, 47 %–ს ჭარბი წონა აღმოაჩნდა. კომპანიებში ჯანსაღ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით ადვილად აღქმადი და მარტივი მესიჯების გავრცელების, ფილმების ჩვენებისა და დისკუსიების გამართვის შემდეგ, იგივე კვლევამ 5 წლის შემდეგ აჩვენა, რომ სამუშაო ადგილებზე ადამიანებს არტერიული წნევა დარეგულირებული ჰქონდათ, გლუკოზისა და ქოლესტერინის შემცველობა სისხლში – დაბალი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, სამუშაო გარემო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ორი მიზეზის გამო განიხილება: ადგილი, სადაც ადამიანი ყველაზე დიდ დროს ატარებს და გარემო, სადაც დიდია მიმბაძველობის ფაქტორი.