რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის განცხადებით, რკინიგზის მენეჯმენტი ახალ პროფკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებების უგულებელყოფას აგრძელებს.
13 000 რკინიგზელი კორპორატიული დაზღვევის გარეშეა დარჩენილი. მათი ინფორმაციით, პირველ აპრილს “საქართველოს რკინიგზასა” და სადაზღვევო კომპანია “ირაოს” შორის გაფორმებული სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა, ხოლო კომპანიის მიერ აღნიშნული სერვისის მისაღებად გამართული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.
“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სს “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები 2015 წლის 2 აპრილის 00:00 საათიდან ჩაერთვნენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილება N36-ით განსაზღვრულ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევა, რომლის სარგებლობის ქვეშაც ამჟამად მოექცნენ რკინიგზელები, არ გულისხმობს ისეთ მნიშვნელოვან შეღავათებს, როგორიცაა, მაგალითად, მედიკამენტებზე ფასდაკლება და მთელი რიგი სხვა სამედიცინო სერვისები, რაც ნათლად ცხადყოფს, რომ დღეისათვის არსებული მდგომარეობით რკინიგზელების და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები მკვეთრად გაუარესდა.
2013 წელს “საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირსა” და სს “საქართველოს რკინიგზას” შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების 3.1.4. მუხლის თანახმად, კომპანია იღებს ვალდებულებას, ყოველწლიურად უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვა და სადაზღვევო კომპანიის შემოთავაზებული პირობები განიხილოს პროფესიული კავშირის მონაწილეობით. სამწუხაროდ, “საქართველოს რკინიგზის” მენეჯმენტი აგრძელებს სოციალური პარტნიორობის პრინციპებისა და პროფკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებების უგულებელყოფას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე შეხვდა სს “საქართველოს რკინიგზის” მენეჯმენტის წარმომადგენლებს და მიღო გარკვეული ინფორმაცია რკინიგზელებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხთან – ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ.
“საქართველოს რკინიგზელთა” ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს რკინიგზის მენეჯმენტს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, საპარტნიორო ფონდს, რომლის ოფიციალურ მფლობელობაში გახლავთ სს “საქართველოს რკინიგზა” უმოკლეს დროში იქნას მოგვარებული აღნიშნული საკითხი, რათა რკინიგზელებს და მათ ოჯახებს კვლავ შეეძლოთ ისარგებლონ ნორმალური სამედიცინო მომსახურებით, ასევე მედიკამენტებზე ფასდაკლებებით, რაც წინა სადაზღვევო მოსახურებაში შედიოდა და რკინიგზელების ისედაც არასახარბიელო სოციალურ მდგომარებას დიდ შეღავათ უწევდა.
აქვე მოვუწოდებთ რკინიზგის მენეჯმენტს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს შიდა პროექტი, რომლის მეშვეობითაც, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე რკინიგზელებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ დახმარება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რკინიგზის მენეჯმენტის წარმომადგენლების მიერ დღეს მოცემული პირობა უახლოეს დღეებში შესრულდება და რკინიგზლებს კვლავ შეეძლებათ ისარგებლონ ნორმალური კორპორატიული სამედიცინო დაზღვევით. ასევე მოვუწოდებთ, რომ მომავალში მეტი პასუხისმგებლობით, პროფესინალიზმით და სოციალური პარტნიორობის პრინციპების დაცვით მოვეკიდოთ მსგავს უმნიშვნელოვანს საკითხებს, რათა სოციალურად სამართლიან გარემოში შევძლოთ განვითარება”, – ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.