სამწუხაროდ, საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულებს კვლავ დისკრიმონაციის პირობებში უწევთ მუშაობა. ამასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. პროფკავშირის ლიდერებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნეს “საქართველოს რკინიგზაში“ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი რკინიგზელთა ახალი პროფაკვშირის წევრებზე ზეწოლის, დევნის და უკანონო განთავისუფლებების ფაქტები. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ბოლო დროს დამსაქმებლის (საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის) მხრიდან, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, განიცდის გამუდმებულ დისკრიმინაციას როგორც შრომითი უფლებების შეზღუდვის, ასევე ასოციაციის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით.
რკინიზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ, თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავამ და პროფკავშირის ლიდერებმა პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს დეტალურად აუხსნეს, თუ რა მდგომარეობაა დღეს რკინიგზაში.
“თვეზე მეტია, არ გვეძლევა საშუალება სამუშაო ოთახში მივიღოთ რიგითი რკინიგზელები და მოვისმინოთ მათი პრობლემები. ანალოგიური პრობლემები იქმნება ახალი პროფკავშირის დასავლეთ რეგიონის ოფისში, რომლის დაცლის ბრძანებაც გაფიცვის შეწყვეტიდან რამოდენიმე დღეში გამოსცა ადმინისტრაციამ. აღსანიშნავია, რომ პროფკავშირის ოფისი საქართველოს რკინიგზის სამტრედიის დეპარტამენტის შენობაში წლებია რაც ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა პროფკავშირმა ადმინისტრაციას შეატყობინა, რომ იგი დატოვებდა აღნიშნულ ოფისს იმ შემთხვევაში, თუ სანაცვლოდ მენეჯმენტი შესთავაზებდა მინიმუმ იგივე მდგომარეობაში არსებულ სხვა ოფისს, ნაცვლად ადეკვატური პასუხისა, ახალი პროფკავშირის ლიდერებს ადმინისტრაცია პოლიციის ძალით გამოსახლებით ემუქრება. ამით ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ არღვევს კანონს, კერძოდ საქართველოს კანონს პროფესიული კავშირების შესახებ და უგულებელყოფს სოციალური პარტნიორობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს”, – აცხადებენ პროფკავშირებში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო გაფიცვის შეწყვეტის შემდგომ ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის რამოდენიმე აქტიური წევრი, მათ შორის ორი დამფუძნებელი და გამგეობის წევრები.
“რკინიგზის მენეჯმენტმა ესეც არ იკმარა და ახორციელებს ზეწოლას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერების მშობლებზეც, რომლებიც ასევე რკინიგზაში მუშაობენ. რამდენიმე დღის წინ შრომით კონტრაქტები არ გაუგრძელეს გაფიცვაში მონაწილეებს. ამას ემატება რკინიგზის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების მხრიდან ახალი პროფკავშირების წევრების დაშინების და მოსყიდვის პოლიტიკა, მათი ახალი პროფკავშირიდან გაყვანის მიზნით. ამ სამარცხვინო და უკანონო საქმიანობაში უშუალოდ მონაწილეობენ რკინიგზის დირექტორთა საბჭოს წევრები – დირექტორები, რეგიონებში მყოფი ხელმძღვანელები. იმ რკინიგზელებს, რომლებსაც გაფიცვაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ადმინისტრაციამ წახალისების მიზნით დაურიგა მე–13 ხელფასი, ხოლო გაფიცულ 6 000_ზე მეტ რკინიგზელს, გამომდინარე იქედან, რომ არ აუნაზღაურდათ გაფიცული 9 დღის სამუშაო საათები, მიღწეული 50%-ის ნაცვლად, საახალწლოდ ჯამში გამოუვიდათ ხელფასის მხოლოდ 25% პრემიის სახით”, – ამბობს ვიტალი გიორგაძე.
აღნიშნული ფაქტების დოკუმენტური მასალები ,,ახალმა პროფკავშირმა” უკვე გადასცა პროკურატურას.
“თუმცა ამ დრომდე რაიმე ქმედითი რეაგირება მათი მხრიდან არ განხორციელებულა. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან ახალი პროფკავშირის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. ახალმა პროფკავშირმა სასამართლოებში შეიტანა რამდენიმე სარჩელი და ელოდება განხილვების დაწყებას” – აცხადებს ილია ლეჟავა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და პროფკავშირის წევრებმა განიხილეს მიმართვის ტექსტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სამინისტროებს, საპარტნიორო ფონდს (რომელიც რეალურად მართავს რკინიგზას) და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაეგზავნებათ და სადაც ასახული იქნება რკინიგზაში არსებული რთული ვითარება და რკინიგზელთა სამართლიანი მოთხოვნები.