“საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან” თანამშრომლობის განვითარების მიზნით, საქართველოში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით გარემოზე ორიენტირებული ტრანსპორტის ევროკავშირის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი და ამავე დროს გერმანიის რკინიგზელთა პროფესიული კავშირის კომიტეტის წევრი, როლფ ლუცკე და გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების (DGB) რკინიგზელთა პროფესიული კავშირის (EVG) პრეზიდენტი, ფოლკენ ლინკე ჩამოვიდნენ.
გერმანელ კოლეგებთან პირველი შეხვედრა 10 თებერვალს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა, სადაც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: პროფკავშირის, როგორც სოციალური პარტნიორის მნიშვნელობა და ფუნქცია;
კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება და კოლექტიური ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი; ინდივიდუალური შრომითი დავების განხილვასა და გადაჭრაში პროფკავშირების როლი (Grievace Procedure); სამართლიანი პრემიალური სისტემების გერმანული და სხვა ევროპული მოდელები; ზეგანაკვეთური ტარიფების დაანგარიშების მეთოდები; ბონუსების სისტემის, მათ შორის წელთა ნამსახურების მიხედვით (Seniority Pay), ევროპული პრაქტიკა და სხვა…
აღნიშნულ შეხვედრებს სამუშაო ხასიათი გააჩნია მათში მონაწილეობას “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” ლიდერების ნაწილი იღებს. მომდევნო დღეებში დაგეგმილია სტუმრების შეხვედრა რკინიგზის გენერალურ დირექტორთან, მამუკა ბახტაძესთან.
როგორც ქართველი რკინიგზელები ამბობენ, ამ ვიზიტით საფუძველი ეყრება გერმანიის რკინიგზელთა პროფკავშირთან მათ გრძელვადიან, ურთიერთდახმარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რომელსაც ხელს უწყობენ საქართველოსა და გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებები და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.