რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი რკინიგზელთა ძველ პროფკავშირს მათი დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რკინიგზის ძველ პროფკავშირს “რკინიგზის ადმინისტრაციის ერთ-ერთ განშტოებად” მოიხსენიებს.
“რკინიგზაზე გაფიცვა დასრულებულია. მიმდინაროებს მოლაპარაკების პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგი. თუმცა, რკინიგზის ფსევდოპროფკავშირის მიერ, არ წყდება გაფიცვის სულის ჩამდგმელის, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის დისკრედიტაცია და მათ მიერ ბრძოლით მიღწეული შედეგების მითვისების მცდელობები. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა რკინიგზელთა ძველი პროფკავშირის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამ ორგანიზაციას პრეტენზია აქვს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა მიერ შექმნილ კომისიებში თავადაც ჩაერთნონ, რაც მათი, როგორც გაფიცვის დროს მოწინააღმდეგის (ადმინისტრაციის) მხარეზე მდგომი ხალხის მხრიდან მინიმუმ თავხედობა და დიდი უსამართლობაა.
ბოლო დროს საქართველოს რკინიგზაში განვითარებულ მოვლენებს თავისი მიზეზები გააჩნია. როგორც მოგეხსენებათ, რკინიგზის მენეჯმენტის გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილებით ხდება ეგრეთწოდებული “ყვითელი” (ადმინისტრაციის მიერ მართული) პროფკავშირების ლობირება, რკინიგზელების დევნა, დაშინება მათსავე პროფკავშირში გასაწევრიანებლად.
ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ დანიშნულ იქნა საქართველოს რკინიგზის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის სამეურნეო სამსახურის უფროსი, ზურაბ ნასარაია, რისთვისაც მან პრემიის სახით 5000 ლარიანი ჯილდო მიიღო. რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს მისი დაფუძნების დღიდან უხდება დისკრიმინაციულ პირობებში არსებობა, რაც ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელია ხისტი და რადიკალური ქმედებების.
ჩვენ ძველ პროფკავშირს მივიჩნევთ როგორც ადმინისტრაციის ერთ–ერთ განშტოებას და მის მიერ გამოთქმული პრეტენზიები, რომელიც ეხება საქართველოს რკინიგზასა და რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს შორის გაფორმებულ შეთანხმებას – ჩვენთვის მიუღებელია. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო და პირიქით მივესალმებით თუ რკინიგზის მენეჯმენტი ჩვენს შორის მიღწეულ შეთანხმებას გაავრცელებს არა მარტო ჩვენს წევრებზე, არამედ მთლიან რკინიგზის კოლექტივზე ადმინისტრაციული კადრების ჩათვლით.
რაც შეეხება ადმინისტრაციის პროფკავშირების კომისიებში ჩართულობას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომისია შედგება პარიტეტულ საწყისებზე რკინიგზის ადმინისტრაციის და ახალი პროფკავშირების წევრებითაა დაკომპლექტებული და ნამდვილად ვერ ვხედავთ მათ ადგილს ამ კომისიებში. ასევე მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება დააზარალებს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის არსებულ ურთიერთობებს და შესაძლოა გაფიცვის დროს რკინიგზელებისათვის მიყენებული ახლადმოშუშებული შეურაცხყოფებისა და “ჭრილობების” კვლავ გახსნა გამოიწვიოს.
იმედს ვიტოვებთ რკინიგზის ადმინისტრაცია არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და დარჩება შეთანხმების ერთგული. მით უმეტეს, რომ შეთანხმების დადებიდან მხოლოდ რამოდენიმე დღეა გასული.
რკინიგზის ძველ, ფსევდოპროფკავშირს თუნდაც იმიტომ არა აქვს რკინიგზელთა სახელით საუბრისა და ჩვენი ბრძოლით მონაპოვარი შედეგების მითვისების უფლება, რომ გაფიცვების დროს ეს ადამიანები ძირითადად დაკავებულნი იყვნენ ახალი პროფკავშირების და გაფიცული რკინიგზელების მისამართით ცილისმწამებლური და შეურაწმყოფელი განცხადებების კეთებით. როდესაც ადამიანი გაფიცვის დროს გებრძვის და დამსაქმებლის მხარეს დგება, განა აქვს მას უფლება, რომ პროფკავშირელად იწოდებოდეს? განა შეიძლება ასეთ ხალხთან კოლეგიალობაზე საუბარი?”, – აცხადებენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირში.