მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ისტორია და სტრუქტურა

გასული წლის ივნისში რკინიგზელთა პროფკავშირების რიგით მე-12 საარჩევნო საანგარიშო ყრილობა გაიმართა.   არჩევნებმა ხელის გადაგრეხვის მეთოდით ჩაიარა, რომელშიც ადმინისტრაციის ძალისხმევით გამარჯვებულად ჰამლეტ ლომიძე გამოცხადდა.

არჩევნების შედეგის გამოცხადების შემდეგ, ტრიბუნასთან სატვირთო გადაზიდვების სალოკომოტივო დეპოს თავმჯდომარე ილია ლეჟავა ავიდა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დელეგატებს მემანქანეებისა და თანაშემწეების გადაწყვეტილება გააცნო – სალოკომოტივო დეპოს პირველადი ორგანიზაციის დელეგატებმა პროტესტის ნიშნად ყრილობა დატოვეს!

მათ ასეთ  საქციელს და პროტესტს მალევე შეუერთდა დასავლეთის მთლიანი რეგიონი, აჭარის რამოდენიმე დელეგატი, თბილისის მახარისხებელი, თბილისის სატვირთო, სადგურ გარდაბანის, აღმოსავლეთის სიგნალიზაცია და ბლოკირების, ველის პმს და ხაშურის ელ. მომარაგების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების თავჯდომარეები და დელეგატები!

მათი  უმრავლესობა ახალგაზრდა კანდიდატ –  ვიტალი გიორგაძეს უჭერდა მხარს რომელიც 2011 წელს, სწორედ პროფკავშირული აქტივობის გამო გაანთავისუფლეს სამსახურიდან  ირაკლი ეზუგბაიას მართველობის პერიოდში!

იმ ფონზე, როდესაც ყრილობა უკვე ნახევარზე მეტმა დელეგატმა დატოვა, ადმინისტრაციას აღარ გაუჭირდა თავისთვის სასურველი გამგეობა დაეკომპლექტებინა და მასში აერჩია ჰამლეტ ლომიძე, ვალოდია ხატიაშვილი, გია ნიკოლაიშვილი, გია ყრუაშვილი, ზურაბ ნასარაია და ნამდვილი მუშათა კლასისთვის სრულიად მიუღებელი ჯამში  17 არარკინიგზელი…

ახალგაზრდული ფრთა, რომლებსაც კარგად ესმოდათ პროფკავშირის მნიშვნელობა, ფუნქცია და ძალა, იმედგაცრუებული დარჩა, თუმცა სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია!

ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფი და დაარსეს ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“.

2013 წლის 16 ივნისს რკინიგზის ადმინისტრაციულ კორპუსში, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველი ყრილობა გაიმართა, რომელშიც  ასამდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.

ყრილობაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას გაეგზავნა მიმართვა – გარიცხოს ყვითელი, ადმინისტრაციის მართული ძველი პროფკავშირი მათი რიგებიდან და მიიღოს მუშათა კლასის დაფუძნებული, რკინიგზელების ნამდვილი ერთობა, პროფკავშირი.

,,ახალი პროფკავშირი“ რომ ნამდვილად რკინიგზელების ერთობა იყო, ამას მოწმობს პირველი ყრილობის მიერ, ამ ორგანიზაციის მართვის ორგანოში, გამგეობაში არჩეული პიროვნებები. ყრილობამ გამგეობის ახალი შემადგენლობა დააკომპლექტა

ბუნებრივია, მუშების ერთობას, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის გამგეობამ, რომელშიც 22 დარგი შედის, უარი არ უთხრა! ჰამლეტ ლომიძის და ზურაბ ნასარაიას პროფკავშირი 19 ხმით გარიცხული იქნა და ხმათა სრული უმრავლესობით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მის წევრ ორგანიზაციად მიიღო.

დღეს საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირში 21 პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჯამში 3 800–ზე მეტ რკინიგზელს აწევრიანებს!rkinigza

სტატია სრულად გამოქვეყნდა გაზეთში “ჩქარი მატარებელი (N1)