დღეს, 14 აგვისტოს გაიმართა რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის რიგგარეშე გამგეობის სხდომა.
გამგეობამ, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის 18 პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელის შემადგენლობით, იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, ორი წევრი რკინიგზელის მიერ დაანონსებულ შიმშილობის აქციას შეუერთდეს და მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საზოგადოებას და პირველ რიგში რკინიგზაში დასაქმებულებს, გვერდში დაუდგნენ და მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონის მუშებს, რომელებსაც უსაფუძვლოდ შეუცვალა ადმინისტრაციამ სამუშაო ადგილი და ემუქრებათ სამსახურიდან განთავისუფლება.
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს რკინიგზის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება პროფკაშირთან, მუშათა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად!
ვაფრთხილებთ ადმინისტრაციას, რკინიგზელების მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ერთადერთი – დაბრუნდეს მოშიმშილე მუშები საკუთარ რეგიონს და მიეცეთ საშუალება, აკეთონ ის საქმე, რომელსაც ათწლეულების მანძილზე ასრულებდნენ!
ვაცნობიერებთ რა, რომ შიმშილობის გამოცხადება არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, რკინიგზელების ამ მდგომარეობამდე მიყვანის შემთხვევაში დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რკინიგზის დირექტორთა საბჭოს, რომელიც თავის მხრივ ამ დრომდე არიდებს თავს მოლაპარაკებების დაწყებას და მხოლოდ უპასუხისმგებლო და ცილისმწამებულური განცხადებებით შემოიფარგლება.
პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის აქციის მიმდინარეობის პროცესში, რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან მოლაპარაკებების არ წარმოების პოლიტიკამ, შესაძლოა ყოველ წუთს და ყოველ წამს დაამძიმოს მათივე კომპანიაში დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. საფრთხე ექმნება რკინიგზელების სიცოცხლესაც! გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია კომპანიის მენეჯმენტმა დაუყოვნებლივ შეცვალოს მიდგომები და დაიწყოს დიალოგი პროფკავშირთან!
აქვე ვაცხადებთ, ადმინისტრაციისთვის მიცემული მოლაპარაკებებისთვის საჭირო ვადა დღეს იწურება. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია დღის ბოლომდე არ გადადგამს შესაბამის ზომებს, ხვალ, 15 აგვისტოს, 12:00 საათიდან რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ დაიწყება შიმშილობის აქცია.
სოლიდარობა რკინიგზელებს!
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის გამგეობა