მიმდინარეობს საიტის განახლება

რკინიგზა – ერთი გაფიცვის რამდენიმე გაკვეთილი

2014 წლის ბოლოს საქართველოს რკინიგზაში ქვეყნის კანონმდებლობისა და აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების, პირველ რიგში კი საქართველოს მიერ უკვე რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების შესაბამისად გაფიცვა გაიმართა. სოციალური პროტესტის ეს ფორმა არ ამოქმედდებოდა, რომ არა ის სოციალურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რაც გამოიჩინა საქართველოს რკინიგზის მმართველმა ადმინისტრაციამ  სოციალური პარტნიორობის პრინციპისა და პრაქტიკის მიმართ.

რკინიგზის მუშაკთა ახალი პროფესიული კავშირის (თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა) ყველა კონსტრუქციული მცდელობა შრომითი და სოციალური საკითხების მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვეტისა რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან მხოლოდ ცინიზმით იქნა პასუხ გაცემული.  ამ ვითარების ლოგიკური შედეგი გახდა, რკინიგზელთა მიერ სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად კონსტიტუციური უფლების – გაფიცვის ამოქმედება. ის რომ რკინიგზელთა ორგანიზებულობა და კოორდინირებული მოქმედება რეალობა იყო და არა სიტყვიერი მუქარა – გაფიცვის მასშტაბებმა ნათლად აჩვენა.

გაფიცვამ  სტიქიური და  დესტრუქციული ფორმა რომ არ მიიღო ეს სრულად რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის დამსახურებაა. ეს თვალნათლივ აჩვენებს მისი ფართო სოციალური ბაზის არსებობას. მხოლოდ ფართო და მყარი სოციალური ბაზის პირობებში შეუძლია პროფკავშირს წარმატებით მართოს ისეთი რთული სოციალური პროცესი, როგორიც არის გაფიცვა მრავალ ათასიან სატრანსპორტო ორგანიზაციაში. ეს მაღალი სოციალური ავტორიტეტი და პასუხისმგებლობა არა მხოლოდ გაფიცვის დაწყებასა და გაშლაში, არამედ მის ორგანიზებულ შეწყვეტაშიც გამოიხატა.

რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა იხელმძღვანელა როგორც დასაქმებულთა, ასევე სახელმწიფოსა და მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებით და გონივრული კომპრომისის საფუძველზე დაასრულა გაფიცვა. თითქოს ამ გონივრულ კომპრომისს ნათლად უნდა დაენახვებინა რკინიგზის ადმინისტრაციისთვის რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სახით სოციალური პარტნიორობისათვის მზად მყოფი ავტორიტეტული და გონივრული ორგანიზაცია დგას, მაგრამ ლოგიკის საპირისპიროდ რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან გაფიცვიდან გამოტანილი პირველი გაკვეთილი გახდა მცდარი დასკვნა – უარი სოციალურ პარტნიორობას და ყოველმხრივი წაქეზება სოციალურ ინფანტილიზმს. სრულიად უპასუხისმგებლოდ, მიღწეული კომპრომისული შეთანხმების დისკრედიტაციის ფასად, რკინიგზის ადმინისტრაციამ სასჯელის ფორმად გამოიგონა უთანასწორო პრემია.

გაფიცვაში მონაწილე რკინიგზელებმა საახალწლო პრემიის სახით, მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხელფასის 50 % მიიღეს, სამაგიეროდ მათ ვინც სოციალური პარაზიტიზმის შესაბამისად გაფიცვის დღეებში შტრეიკბრეხერის როლი იტვირთა, საახალწლო პრემიის სახით ხელფასის 100% მიიღო. რკინიგზის მრავალ ათას დასაქმებულს შორის ასეთი 600 პირი აღმოჩნდა. მათ საკუთარი თავი არა სუბიექტად, არამედ ობიექტად განიხილეს და ეს დაუმსახურებელი ძღვენი შინ წაიღეს. რომ არა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ დარაზმული გაფიცულები, მოწყალებით გულგახარებული, სოციალურად ინფანტილური ობიექტები სახალწლო პრემიას კი არა ნულს მიიღებდნენ.

რკინიგზის ადმინისტრაციისთვის გაფიცვის მეორე გაკვეთილი ძიება გახდა. არა ეს ის ძიება კი არ არის, რომელსაც შრომის ორგანიზაცია ჰუმანურ საწყისებზე რომ გადაყავს. ამ ძიების შედეგი უნდა გამხდარიყო იმ ადამიანების უმუშევრის სტატუსით უზრუნველყოფა, ვინც რკინიგზის გაფიცვაში ოდნავ მაინც კი წამყვანი როლი შეასრულა.

ჯერ კიდევ გაფიცვამდე რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრი დავით ვაშაკიძე უკანონოდ გაუშვეს რკინიგზის სისტემიდან, გაფიცვის შემდეგ შერჩევითი სამართლის ყველაზე ინკვიზიციური მეთოდით რკინიგზის სისტემა დაატოვებინეს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრს კახა კახაძეს. განვითარებული პროცესები აჩვენებენ რომ რკინიგზაში შესაძლებელია მაკარტიზმის ადგილობრივი ვერსიაც ვიხილოთ, როცა „ძლიერნი ამა სოფლისათა“ რჩევების ყიდვას დაიწყებენ იმ ორგანიზაციებისაგან ვისი სპეციალიზაციაცაა ანტიპროფკავშირული სტრატეგიებისა და კონცეფციების, სამოქმედო პროგრამებისა და ტაქტიკური გეგმების შემუშვება. ეს თუ განხორციელდა ნათელი დადასტურება იქნება რომ სიტყვით ევროპელები საქმით აზიური დესპოტიის დამამკვიდრებლები არიან.

რკინიგზაში დასაქმებული მრავალი ათასი დასაქმებულისათვის გაფიცვის უმთავრესი გაკვეთილი გახდა იმ ილუზიის მსხვრევა რომ მათი ძალისხმევის გარეშე მაღლა მდგომები მათზე იზრუნებენ. რკინიგზელი მისი რთული და სახიფათო შრომის საფასურს მხოლოდ კოლექტიური მოქმედებით, ქმედითი პროფკავშირების რიგებში დარაზმული მიიღებს და არა ადმინისტრაციის კაპრიზების მორჩილებით.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისთვის გაფიცვებმა ის გაკვეთილი ჩაატარა, რომ ამ მძლავრმა სოციალურმა აქტივობამ უაღრესად მცირე დროში უაღრესად ბევრი, თითქმის 1000 ახალი წევრი შემატა. გაფიცვის გაკვეთილია ისიც რომ „ყვითელი“ პროფკავშირი აღარ არის ის რაც უწინ იყო. „ყვითლები“ იშლებიან, გაფიცვამ როგორც მეწყერმა წალეკა იგი. სოციალური ინფანტილიზმი სოციალურ პასუხისმგებლობასთან შეჯახებისა უბრალოდ დაიმსხვრა.

რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს აქვს მისი გამაძლიერებელი “საიდუმლო“ ელექსირი, სოციალური კაპიტალის უშრეტი წყარო – მშრომელთა სოლიდარობა და ამ მშრომელთა რწმენა, რომ თითოეული მათგანი ერთიან დარაზმულობას ეკუთვნის. ეს ის უწყვეტი ენერგიის წყაროა, რომელიც აძლიერებს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს.

რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან ისეთი ტრაგიკომიკური ქმედებები, როგორიცაა ადმინისტრაციულ შნობაში რკინიგზის ახალი პროფკავშირისთვის საშვის დაშვების უფლების ჩამორთმევა, წლების განმავლობაში მოქმედი საოფისე ფართებიდან მოუწყობელ ფართებში გადაყვანა, ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების დარღვევა, რათქმა უნდა ხელს უშლის რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს მისი სწესდებო ამოცანების შსრულებაში, მაგრამ ყველაზე “ურწმუნო თომა“ რკინიგზელსაც კი თვალნათლივ აჩვენებს, თუ სად არის მისი შრომითი, მატერიალური და სოციალური ინტერესებისათვის გულწრფელად მოქმედი ძალა და სად სოციალურ დარვინიზმში გადავარდნილი “მალთუსიანელები“, ვინც რკინიგზელში არა ადამიანს, არამედ სასიცოცხლო რესურსში სრულიად ზედმეტ მოცილეს ხედავს.

რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან სოციობიოლოგიზმის გამოვლინებას არ შუძლია გადაძალოს ის სოციალური კაპიტალი რითაც სარგებლობს და მომავალშიც კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი. ეს სოციალური კაპიტალი არის საზოგადოებრივი ურთიერთობა, ამ ურთიერთობაზე დაფუძნებული ქსელი, რომელიც რკინიგზელს აძლევს ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ერთობას. სოციალური კაპიტალი რომელიც აქვს რკინიგზელთა პროფკავშირს არაა მხოლოდ შიდა პროფესიული და შიდა საქვეყნო, ის საერთაშორისოც არის. გაფიცულმა რკინიგზელებმა მიიღეს მხარდაჭერა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციისაგან, ტრანსპორტის ევროპული პროფკავშირებისაგან, ამერიკის, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინის და ეგვიპტის რკინიგზელთა პროფკავშირებისგანაც. ამ სოციალურ კაპიტალს კი მართლაც შუძლია დაძლიოს ადგილობრივი “მალთუსიანელების“ სოციობოლოგიზმი.

დღეს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გამგეობის გაფართოებული სხდომისათვის ემზადება. პროფკავშირის რიგები ახალი წევრებითა და პირველადი ორგანიზაციებით იზრდება, იგეგმება მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზზე პროფკავშირული ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რიცხობრივ ზრდასთან ერთად დაიწყება ახალი წევრების პროფკავშირული ცოდნის ამაღლებაც, რათა გაიზარდოს მათი პროფკავშირული პრაქტიკული მარგი ქმედების კოეფიციენტი, შემუშავდება რკინიგზელთა კარიერულ ზრდაში პროფკავშირის თანამონაწილეობის უზრუნველყოფის კონცეფცია.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გაფიცვის გაკვეთილებს სწსვლობს, იგი მოძრაობაშია.gaficva shecyda

სტატია მომზადებულია სპეციალურად GTUC.GE-სათვის