საქართველოს რკინიგზაში ახალი ძალით ვითარდება ქმედითი პროფკავშირული მოძრაობა. წლების განმავლობაში დაგროვილმა პრობლემებმა რკინიგზელთა მოთმინების ფიალა აავსო კიდეც და იმ ზღვრამდე მივიდა, რომ ცოტაც და გაფიცვად გადმოიღვრება. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი აგრძელებს რკინიგზის მუშაკთა სასიცოცხლო სოციალურ-ეკონომიკური და შრომითი ინტერესების დასაცავად არსებით საზოგადოებრივი და პროფკავშირული აქტივობას, მუშაკთა ხელთ კონსტიტუციითა და შრომის საერთაშორისო სამართლით აღიარებული საშუალებების მთელი სპექტრით მოქმედებას. რკინიგზელთა უკმაყოფილება არცაა გასაკვირი რადგან თუ ჩვენს უახლოეს სამეზობლოს გადავხედავთ – ყაზახეთს, რუსეთსა და უკრაინას, საქართველოს რკონიგზელთა ხელფასი ამ ქვეყნის რკინიგზელთა ხელფასებთან მიმართებაში ძლიერ ჩამორჩენილია, ხოლო შრომა და ჯაფა არა თუ ნაკლები აღმატებულიც კი არის.
პირდაპირ სპარტანულ პირობებში უხდებათ შრომა ქართველ რკინიგზელებს, რომელთაც სასადილო, საშხაპე და გასახდელიც კი საოცნებო აქვთ, ისეთი ელემენტარული რამ რაც ინდივიდუალური სამედიცინო აფთიაქი-ჩანთა, საპონი და თბილი წყალია, ესეც კი პრობლემაა რკინიგზაში. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავჯდომარე ვიტალი გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა და კავშირის გამგეობის სხვა წევრები არა ერთხელ შეხვდნენ რკინიგზის დირექტორებს გურამ გურამიშვილსა და ირაკლი ტიტვინიძეს, რათა მათთვის სოციალური პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე შეეთავაზებინათ არსებული სოციალურ-ეკონომიკური, შრომისა და ყოფის, უსაფრთხო სამუშაო პირობების მოგვარების გზები, საშუალებები. რკინიგზის მუშაკთა დემოკრატიული ნების საფუძველზე სადღესოდ რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა განსაკუთრებული მნიშვნელობის სკითხად გამოყო:
ა) ახალი სახელფასო ბადე;
ბ) ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება;
გ) მე-13 ხელფასი.
ამ ჩამონათვალის თითოეული პუნქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რკინიგზელთათვის. ამას ნათლად აცნობიერებს დამსაქმებელიც და დასაქმებულიც.
ახალი სახელფასო ბადე და პრემიების საკითხი წელსვე უნდა მოგვარდეს. რკინიგზა სახელმწიფოს კუთვნილებაა და თუ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სპეციალურად არ განისაზღვრა სათანადო დაფინანსება, ყოველგვარი საუბარი ახალ სახელფასო ბადისა და სამართლიანი საპრემიო სისტემის შესახებ დარჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. ინფლაცია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის “აჩრდილი“ შეიძლება ეწოდოს მომავალ წელს არარად აქცევს რკინიგზელის მძიმე შრომით მოპოვებულ სარჩოს. ნათელია, რომ თუ წელსვე რკინიგზაში არ გადაწყდა ხელფასის ინდექსაციის საკითხი, ეს 2015 წელს თითოეული რკინიგზელის საოჯახო ბიუჯეტს ნეგატიურად დაეტყობა.
თითქოსდა შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს უნდა გადაეწყვიტა ზეგანაკეთური შრომის ანაზღაურების საკითხი მაგრამ ეს პრობლემაკვლავ რჩება რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავსატეხი. 8 საათიანი სამუშაო დღე ფიქცია იქნება, თუ რეალურად არ მოხდება ზეგანაკვეთური შრომის განსხვავებულად ანაზღაურება.
მნიშვნელოვანი საკითხია მე-13 ხელფასი. თითქმის 7 ათეული წლის წინ არგენტინაში დაბადებული შრომის დაფასების ეს ფორმა, უაღრესად რთული და ხიფათით აღსავსე რკინიგზელის შრომის დაფასებისას ვერანაირად ვერ შეიძლება დაკნინდეს. სპარტანულ პირობებში მთელი წლის შრომა დიახაც მე-13 ხელფასით უნდა დაფასდეს. თავად მე-13 ხელფასს კი ხელფასი მაშინ შეიძლება ეწოდოს, როცა იგი მუშაკის ხელფასის 100 %-ის ტოლია, ხოლო დირექტორატის მიერ შემოთავაზებული ხელფასის 25 % კი მხოლოდ ხელფასის კარიკატურაა და რეალურად მას ვერანაირად ვერ ეწოდება მე-13 ხელფასი. ეს პრინციპული საკითხია.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის საბრძოლო საკითხია საზოგადოებრივი და პროფკავშირული აქტივობების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომების დაძლევა. კონსტიტუციითა და შრომის საერთაშორისო სამართლით დაცული საზოგადოებრივი და პროფკავშიორული აქტივობების ჩახშობა, “ყვითელი“ პროფკავშირისთვის პრივილეგირებულ, სასათბურე პირობების შექმნა, ხოლო ქმედითი რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისთვის, თუნდაც ისეთი ელემენტარული აქტივობისთვის, როგორიც არის პირველადი პროფკავშირული ორგანიზების ჩამოყალიბება, დაბრკოლებების შექმნა, აქტივისტი პროფკავშირელების რკინიგზის სისტემიდან განდევნა, ვერანაირად ვერ იქნება განხილული როგორც ნორმალური მოვლენა. ეს ქმედებები სხვა არაფერია თუ არა პირდაპირი დისკრიმინაცია. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ადმინისტრაციამ ბლოკადაში კი არ უნდა მოაქციოს, არამედ აქტიურად უნდა ჩეაერთოს ყველა იმ სამუშაო კომისიასა და ჯგუფში,რომელებიც განსაზღვრავენ რკინიგზელთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ყოფისა და შრომის, განსაკუთრებით სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.
სადგურის მორიგე, მემანქანე, გამსინჯველი, ზოგადად ყველა ის მუშაკი ვინც რეალურად უზრუნველყოფს რკინიგზის გამართულ ფუნქციონირებას დღეს დიდი ყურადღებით აკვირდება დირექტორატსა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მოლაპარაკებას. რკინიგზელთა დემოკრატიული ნების საფუძველზე, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს არა სოცილური რყევებისა და გაფიცვების ტალღების მიმოქცევა, არამედ სოციალური პარტნიორობის ენაზე კოლექტიური შრომითი მოლაპარაკება, თანასწორი საუბარი სურს საქართველოს რკინიგზის დირექტორატთან. რეალობის ადეკვატური შეფასებისა და გონივრული კომპრომისის საფუძველზე შესაძლებელია მოინახოს ის საერთო პლატფორმა, რომელზეც მშვიდ ვითარებაში მოხდება რკინიგზელთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და შრომითი პრობემების გაუმჯობესება, დღეს ასე მრავლად არსებული პრობლემების დაძლევა. საქართველოს რკინიგზამ სრულიად არასაჭირო შეფერხების გარეშე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, მგზავრებისა და ტვირთების მომსახურება, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მზადაა იმოქმედოს ამ პოზიციით, იგი მზადაა იყოოს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სოციალური პარტნიორი, მაგრამ მზად არის კი საქართველოს რკინიგზის დირექტორატი ასევე გახდეს რკინიგზელთა სოციალური პარტნიორი?.
სტატია მომზადებულია სპეციალურად WWW.GTUC.GE – სათვის