საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება შრომის კანონმდებლობაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვეს. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია იმ დაბრკოლებებზე საუბრობს, რომლებიც შრომის პროცესში დასაქმებულებს ექმნებათ და რომელთა გამოც ხშირ შემთხვევაში მათი უფლებები ირღვევა. რა შეიცვალა შრომის ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ და რატომ არის საჭირო შრომის ინსპექცია.
– ბატონო გოჩა, შეიცვალა თუ არა დასაქმებულთა მდგომარეობა საქართველოში მას შემდეგ, რაც 2013 წელს ძალაში შევიდა შრომის ახალი კანონმდებლობა, რომლის მიხედვით, კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა 40 საათით განისაზღვრა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები კი ანაზღაურებადი გახდა?
– ახალი ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევიდა შრომის კოდექსში გასული წლის ივნისის თვეში, აშკარად იყო დადებითი, მაგრამ არასაკმარისი. მოველოდით, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწებოდა კანონი, გაგრძელდებოდა შრომის კოდექსის რეფორმა, განსაკუთრებით – ქალთა შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით.
რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, ძალიან ბევრ საწარმოში შრომითი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლები ძალიან დიდი ხალისით არ ასრულებენ შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს. დღეს ჩვენ, ასევე თვითონ დასაქმებულები დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კონკრეტულ შედეგებს ვაღწევთ. მაგალითისვის, იქ, სადაც ზეგანაკვეთური საათებისთვის ანაზღაურებას მანამდე არ იხდიდნენ, ყველგან არა, მაგრამ უმეტეს საწარმოებში იხდიან. მეორე საკითხია, რა ტარიფით იხდიან. ეს ცალკე თემაა და ჩვენ ამითი უკმაყოფილო ვართ, რომ ზეგანაკვეთური მუშაობისთვის ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის ერთნახევარი ან ორმაგი ოდენობით არ ხდება და ხდება უფრო დაბალი ტარიფით. ძველ კოდექსში საერთოდ არ ეწერა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია, ახალ კოდექსში კი წერია.
კანონის პირველ პროექტში ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება განსაზღვრული იყო და ის ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1.25%–ს შეადგენდა, თუმცა შემდეგ ეს ამოიღეს და დღეს ზუსტი ოდენობა განსაზღვრული არ არის. კანონში მხოლოდ ის წერია, რომ ის უნდა გაიცეს ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით.
– პრაქტიკაში რამდენია ზეგანაკვეთურ საათებზე ანაზღაურება?
– გაგიკვირდებათ და კერძო უწყებებში ამ მხრივ ცოტა უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ჩვენ დავდეთ კოლექტიური ხელშეკრულება ადმინისტრაციასთან, რომლის მიხედვით განისაზღვრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ტარიფები ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის 1.25% და 1.5.%–ის ოდენობით, ანუ ზეგანაკვეთური საათების პირველ ორ საათში მუშები იღებენ 1,25%–ს, დანარჩენ საათებში კი – 1,5%–ს. ფოთისა და ბათუმის პორტებში 1,5%–ია პირველი ორი საათი, დანარჩენი დრო კი – 2%. ბევრ კომპანიაში ჩვენ ამას მივაღწიეთ, მაგრამმაგალითად, რკინიგზაში, რომელიც სახელმწიფო უწყებაა, რატომღაც გვიჭირს შედეგებამდე მისვლა. სახელმწიფო არ ერევა ეფექტურად, არადა ყველა საქმის კურსშია.
– რაც შეეხება სამუშაო საათების რაოდენობას, პრაქტიკულად რამდენი საათი მუშაობენ დასაქმებულები? არის თუ არა დამსაქმებელთა მხრიდან დარღვევები ამ კუთხით?
– ამ საკითხთან დაკავშირებით თვითონ კანონშია ბუნდოვანება, რადგანაც ის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კანონით, კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა 40–ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა აქვე წერია, რომ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება, დამსაქმებელმა დასაქმებული კვირაში 48 საათს ამუშავოს. ვინაიდან ამ კანონის ზედამხედველობის მექანიზმი არ არსებობს, დამსაქმებლებმა თავნებობა არ მოიშალეს და ძალიან ბევრ საწარმოში 48 საათი ამუშავებენ კვირაში. შესაბამისად, ზეგანაკვეთურსაც იხდიან 48 საათს ზევით კვირაში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სამუშაო კვირა 40–საათიანი იყოს და გამონაკლის შემთხევებში იყოს 48–საათიანი. სამწუხაროდ, ახლა ისე გამოდის, რომ ბევრ საწარმოში 40 საათი არის გამონაკლისი და 48 საათი არის ჩვეულებრივი.
– თქვენ ახსენეთ, რომ თავად კანონი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ამ შემთხვევაში გამოსავალს რაში ხედავთ, მაშინ, როდესაც კანონი მიღებულია?
– ჩვენ პრობლემის აღმოსაფხვრელად 2 სასამართლოში უკვე შევიტანეთ სარჩელი: ერთი – საქალაქო სასამართლოში, ნოემბერში, მეორე – ასევე ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ვთხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ კვირაში სამუშაო საათების ოდენობად განისაზღვროს ან 40, ან 48 საათი და ქვეყანაში სამუშაო დრო იყოს ერთი.
საქალაქო სასამართლოში კი ჩვენ გვაქვს საქმე შეტანილი თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო–სამაშველო სამსახურის წინააღმდეგ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საქმეს, განხილვისთვის მათ 4–თვიანი თუ 5 – თვიანი ვადა ჰქონდათ, სამი კვირის წინ შეგვატყობინეს, რომ საქმე მიიღეს განხილვაში. ახლა უკვე ველოდებით განხილვას, რომელიც ივნისამდე უნდა დასრულდეს.
– არსებობს თუ არა დღეს უწყება, რომელიც შრომის კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობას განახორციელებს და იმ პრობლემებზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლება, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ?
– პრობლემა ზუსტად ესაა, რომ არ არსებობს მსგავსი უწყება. ზედამხედველობას შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში შრომის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შრომის ინსპექცია, ან დამოუკიდებელი უწყების სახით პარლამენტს დაქვემდებარებული შრომის ინსპექცია ახდენს. ახლა მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია ამ უწყების შექმნასთან დაკავშირებით. ის არსებობდა 2006 წლამდე, მაგრამ მაშინ კახა ბენდუქიძის ეკონომიკის სამინსიტრომ გააუქმა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეიქმნას ახალი თანამედროვე უწყება, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.
– ვინ არის მოლაპარაკებებში ჩართული და საერთოდ, როგორ გესახებათ შრომის ინსპექცის საქმიანობა? უნდა ჰქონდეს თუ არა მას სანქციების უფლება? თუ მხოლოდ რეკომენდაციებით უნდა შემოიფარგლებოდეს?
– მოლაპარაკება მიმდინარეობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეგიდით და მასში მონაწილოებენ სოციალური პარტნიორები, – იგულიხმება დამსაქმებელთა ასოციაციები და პროფკავშირები, ასევე მთავრობის სხვადასხვა უწყებები, მათ შორის – ეკონომიკის სამინისტრო. ეს საკითხი ასევე განიხილა სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ, რომელიც პირველად 1 მაისს შეიკრიბა. სხდომას პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობდა. ბატონმა ღარიბაშვილმა დასვა შეკითხვები და დაადასტურა, რომ ხელისუფლება შრომის ინსპექციის შექმნას აპირებს.
– როდის შეიძლება, ინსპეცია ამოქმედდეს?
– ამ საკითხს ეკონომიკის სამინისტრო აჭიანურებს, რადგან იქ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ბენდუქიძის დროინდელი ნეოლიბერალური იდეოლოგია, რომლის მიხედვით, თურმე, ნუ იტყვით, შრომის ინსპექცია ინვესტორებს აფრთხობს, რაც არის სრული აბსურდი და არცერთ ქვეყანაში ასე არ მსჯელობენ. ასე მსჯელობდნენ მხოლოდ ბენდუქიძე და ძმანი და დანი მისნი. ეკონომიკის სამინისტროში კიდევ არის შემორჩენილი ხალხი ძველი პერიოდიდან, რომლებიც ახდენენ გავლენას ეკონომიკის სამინისტროში აზრის ფორმირებაზე, თუმცა ამ ბოლო დროს შერბილდა მათი პოზიცია. ახლა თანახმა არიან, შეიქმნას შრომის ინსპექცია, თუმცა მას მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე ჰქონდეს ზედამხედველობის გაწევის შესაძლებლობა და სანქციების დაკისრების უფლება არ უნდა მივცეთ. მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ შრომის ინსპექცია შეიქმნას ორივე ფუნქციით: მას უნდა შეეძლოს ზედამხედველობა შრომის უსაფრთხოებაზე და ზედამხედველობა შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე, რომელსაც ექნება სერიოზული სანქციების უფლებაც. ჩვენ არ მოვითხოვთ, რომ შრომის ინსპექციამ დამსაქმებელს, მეწარმეს ან კომპანიას პირველივე ჯერზე სანქციები გამოუწეროს. არა, მას უნდა ჰქონდეს საკონსულტაციო, სარეკომენდაციო ფუნქციები და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი არ ასრულებს რეკომენდაციას, შემდეგ განახორციელოს სანქცია. ვფიქრობთ, ჩვენი პოზიცია გავა, რადგან მას მხარს ამერიკის მთავრობა და ევროკავშირის წარმომადგენლობა უჭერს.
“Front News“ მაისი. 2014 წელი