უჩა ნანუაშვილი – სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შექმნას მინიმალური სამუშაო პირობები, არ სრულდება
გაზეთ “რეზონანსი”-ს სტატია:
სამუშაო ადგილზე დაშავებული და გარდაცვლილი 123 ადამიანი, 108 შემთხვევაში დაწყებული გამოძიება და 16 შემთხვევაზე დაკისრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ასეთია 2015 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც სამუშაო ადგილებზე მომხდარ შემთხვევებს ეხება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვის მხრივ ეს სტატისტიკა სავალალოა და რეალურად აღნიშნული ციფრი სრულ სურათს არ ასახავს. ობუდსმენს შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით კონკრეტული რეკომენდაციები აქვს, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, უჩა ნანუაშვილის თქმით, ქვეყანაში შრომისთვის საჭირო უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. რეკომენდაციებს შორისაა შრომის ინსპექციის სრულყოფილი აღდგენა. როგორც აფასებს სახალხო დამცველი საქართველოში არსებულ შრომის პირობებს და რა ნაბიჯები გადადგმისკენ მოუწოდებს ის ხელისუფლებას. რას ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის ინიციატივა და როდისთვის იგეგმება ამ ინიციატივისთვის კანონპროექტის სახის მიცემა. ამ და სხვა საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს ესაუბრა: – ბატონო უჩა, ალბათ, ბევრს აინტერესებს ის ინიციატივა, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ პროფკავშირებთან ერთად პრეზენტაცია გამართეთ. ეს ეხება მინიმალურ ხელფასს. თუ მიიღებს ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კანონპროექტის სახეს? კანონის თანახმად კერძო სექტორში მინიმალური ანაზღაურება 20 ლარია და საინტერესოა, როგორია მინიმალურ ხელფასზე დისკუსიის ინიციატორების აზრი? რამდენი უნდა იყოს მინიმალური ანაზღაურება? – ჩვენ პრეზენტაცია პროფკავშირებთან ერთად გავმართეთ, რათა უფრო სიღრმისეულად შეგვესწავლა ეს საკითხი, თუ რა უნდა იყოს მინიმალური ხელფასი, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. განსხვავებულია მოდელები, დათვლის წესი. ჩვენს ანგარიშში მივუთითებდით სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკასაც, თუ ვინ განსაზღვრავს მინიმალურ ხელფასს. მთლიანობაში რაზეც შევჯერდით არის ის, რომ ამ მოცემულობით, რაც არსებობს მინიმალური ხელფასი, ნამდვილად არაადეკვატური და ღირსების შემლახავია. კერძო სექტორში პრეზიდენტის ბრძანებულებით 1999 წელს დადგენილი მინიმალური ხელფასი მოქმედებს. ასევე 2005 წელს მოხდა აღმასრულებელ სექტორში საჯარო მოხელეთა მინიმალური ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა და ეს თანხა 135 ლარით განისაზღვრა, თუმცა ესეც კი ძალიან შორსაა იმ სამომხმარებლო კალათისგან, რომელიც ქვეყანაშია დადგენილი და შესაბამისად, სწორედ აქაა ყველაზე დიდი პრობლემა. რეალურად, ის არ შეესაბამება იმ მოცემულობას, რომელიც ქვეყანაშია, რომ ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს, ის არასამართლიანია და როდესაც ამ სისტემის მონიტორინგის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას წარმოშობს ქვეყანაში. სწორედ ამიტომაც ჩვენი მიზანი იყო, სხვადასხვა მოდელის წარმოდგენის გზით დაგვეწყო დისკუსია ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია ხელისუფლების წარმომადგენლების, დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და პროფკავშირების ჩართულობით, შეჯერებული ხედვა წარმოვადგინოთ და რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. სასურველია შრომის კოდექსშივე გაიწეროს და იყოს რაღაც მინიმალური ზღვარი, რომლის დაბლაც არ შეიძლება ხელფასი გაიცეს. ასევე დისკრიმინაციულ მიდგომად შეიძლება ჩაითვალოს ის, როდესაც კერძო და საჯარო სექტორში განსხვავებული ანაზღაურებაა და თან ეს განსხვავება საკმაოდ სოლიდურია. – როგორია ანგარიშის ავტორების მოსაზრება? მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმთან უნდა იყოს გათანაბრებული, თუ გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით ოდნავ მაღალი უნდა იყოს? – ჩვენ ზუსტ ოდენობას ვერ განვსაზღვრავთ, მაგრამ კალათასთან უნდა იყოს რაც შეიძლება მიახლოებული. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება რთული მისაღწევი იყოს და გვესმის, რომ ზოგადად ეს საკითხი ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არაა, რადგან ამას გარკვეული რისკებიც ახლავს. ხელისუფლებაც შიშობს, რომ შესაძლოა ასეთმა რეგულაციებმა უფრო მეტი საფრთხე შეუქმნას ბიზნესის განვითარებას, შესაძლოა პარალელური პროცესები განვითარდეს, მათ შორის ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარების და რა თქმა უნდა, არავის არ სურს ზედმეტი ხარჯების გაწევა. ეს რისკები ნამდვილად არსებობს, მაგრამ ის, რომ საარსებო მინიმუმთან უნდა იყოს მიახლოებული მინიმალური ხელფასი, ის მოცემულობაა, რაზეც ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ. ჩვენ ვეცდებით ამ საკითხის მოთელვას პარლამენტშიც, მითუმეტეს, როცა საუბარია შრომის კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არის გარკვეული ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესების გამოყენებით, შესაძლოა რაღაც კონკრეტულ შეთანხმებამდე მივიდეთ და დღევანდელი რეალობა შეიცვალოს, როგორც მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ასევე იმ კუთხით, რომ ასეთი განსხვავება კერძო და საჯარო სექტორში არ უნდა არსებობდეს. ეს მოცემულობა სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში. ის სოციალურ უთანასწორობას უწყობს ხელს და კიდევ უფრო აღრმავებს სოციალურ ფონს. – კანონმდებლების მოსაზრება თუ არის თქვენთვის ცნობილი, რამდენად მზად არიან ამ მიმართულებით მუშაობის დასაწყებად? – ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია მათი მოსაზრების გაგების შესაძლებლობა. პარლამენტი უახლოეს კვირებში საბოლოოდ დაკომპლექტდება და ჩვენ ამის მერე გვექნება შესაძლებლობა, აღნიშნული კვლევის საფუძველზე დავიწყოთ მათთან მუშაობა. ამ ეტაპზე რაიმე პოზიციები მათგან მოსმენილი არ გვაქვს. – თქვენ ახსენეთ სხვადასხვა საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ამ ინიციატივის განხორციელებას შეიძლება ახლდეს. კიდევ ერთი რისკი ხომ არ იქნება იგივე სამუშაო ადგილების შემცირება, რომელიც შეიძლება ამ რეგულაციამ გამოიწვიოს? – სწორედ ამიტომ ჩვენ არ ვემხრობით რადიკალურ ცვლილებებს. ერთ დღეში ამის გადაწყვეტა ვერ მოხდება და ჩვენ ამის ილუზიაც არ გვაქვს. მაგრამ ის, რომ გარკვეულ პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება, რაც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, მე ვფიქრობ, ამით ბიზნესიც უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან ბიზნესს აქვს ინტერესი, რომ მათთან დასაქმებული ხალხი იყოს კმაყოფილი, ჰქონდეს მოტივაცია და კიდევ უფრო მეტი პროდუქცია შექმნან. უნდა მოხერხდეს ერთგვარი ”ოქროს შუალედის” გამოძებნა, სადაც ყველა მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. – შრომითი პირობების მონიტორინგის კუთხით რა ვითარებაა? რამდენად არის ჩართული სახალხო დამცველი ამ მიმართულებით მონიტორინგში? იგივე შრომის ინსპექცია, რამდენადაც ცნობილია, შემოწმებას ვერ განახორციელებს, თუ კომპანია ამის ნებართვას არ მისცემს. ეს რამდენად დამაბრკოლებელია იმისთვის, რომ გვქონდეს საერთო ზოგადი სურათი საქართველოში არსებული შრომითი პირობების შესახებ? – საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონით, ჩვენი უფლებამოსილება შეზღუდულია და ვრცელდება მხოლოდ საჯარო სექტორზე ანუ ჩვენ საჯარო სექტორში, მათ შორის შრომის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა შეგვიძლია. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ჩვენ ახალი მანდატი დაგვემატა – დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, მათ შორის სამუშაო ადგილებზე. ამ კანონით ჩვენი მოქმედების არეალი გავრცელდა კერძო სექტორშიც ანუ 2014 წლის მაისამდე ჩვენ რეალურად არანაირი შეხება არ გვქონდა კერძო სექტორთან. თუმცა არის საკითხები, რომლებსაც ჩვენ წლების განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ და ვცდილობთ, რაღაცნაირად ავსახოთ ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის შრომის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ ვცდილობთ გამოვავლინოთ გარკვეული სისტემური ხარვეზები და ერთ-ერთი ასეთია შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა. ქვეყანაში 2006 წლიდან გაუქმებულია შრომის ინსპექცია და მის სრულყოფილად აღდგენაზე პირველი რეკომენდაცია სახალხო დამცველის მხრიდან 2013 გაიცა, თუმცა დღეს რეალურად შედეგი გვაქვს არასრულყოფილი შრომის ინსპექციის სახით. მას არ აქვს სრულფასოვანი მუშაობის შესაძლებლობა, მათ შორის დაწესებულებებში გაუფრთხილებლად შესვლის, ინსპექტირების, დარღვევების არსებობის შემთხვევაში მათი გამოვლენისა, გარკვეული სანქციების შემუშავების შესაძლებლობა, ასევე მისი აღსრულების მექანიზმი. დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პროგრამა, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა და ჰქვია შრომის ინსპექცია, მაგრამ რეალურად მისი ფუნქცია შეზღუდულია. ამ პროგრამის თანამშრომლებს შეუძლიათ მხოლოდ დამსაქმებლის ნებართვის შემთხვევაში შევიდნენ საწარმოს ტერიტორიაზე. ეს, მე ვფიქრობ, ძალიან სერიოზული ხარვეზია, ისევე როგორც სანქციების გარანტების მექანიზმის არქონა. ინსპექციას აქვს მხოლოდ რეკომენდაციის შემუშავების საშუალება, რომელიც საჯარო არაა და საზოგადოებას არ მიეწოდება ინფორმაცია, საწარმოში ამა თუ იმ დარღვევის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიჩნევთ, რომ ეს ის რეალური შრომის ინსპექციაა, რომელსაც ვითხოვთ. – ესეც ხომ არაა ხელშემწყობი იმისა, რომ ქვეყანაში შრომის პირობები არასათანადოა? – ციფრებიც კი მეტყველებს იმაზე, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვის მხრივ საკმაოდ მძიმე შედეგებია ქვეყანაში. წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანის გარდაცვალება და მძიმედ დაშავება ხდება. სტატისტიკის მიხედვით 2015 წელს 123 ადამიანი დაშავდა და გარდაიცვალა სამუშაო ადგილზე. ეს ნიშნავს იმას, რომ 2-3 დღეში ხდება შემთხვევა, როდესაც სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირები იღებენ მძიმე დაზიანებებს ან იღუპებიან. ეს საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკაა. სამწუხაროა ასევე ის, რომ ამ 123 საქმიდან სისხლის სამართლის გამოძიება 108 შემთხვევაში დაიწყო, აქედან 42 შემთხვევაში კი დაწყებული გამოძიება მოკლე პერიოდშივე შეწყდა. ცალკე ეს საკითხია მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ გარდაცვალებისა თუ დასახიჩრების ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არაადეკვატურია. ძირითად შემთხვევაში საქმე წყდება დასაწყისშივე და კონკრეტული პასუხისმგებლობა არავის ეკისრება. იმ 108 საქმიდან, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ 16 შემთხვევაში განხორციელდა, საიდანაც სასამართლოში 10 საქმე წარიმართა ანუ უმეტეს შემთხვევებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დგება. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, შექმნას მინიმალური სამუშაო პირობები არ სრულდება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ შრომის ინსპექციის სრულყოფილი ამოქმედება ერთგვარი პრევენცია იქნება. თუ მას ექნება დაწესებულებაში უნებართვოდ შესვლისა და ინსპექტირების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში დამსაქმებელი, მოულოდნელი ინსპექტირების შიშით შექმნის იმ მინიმალურ სამუშაო პირობებს, რომელიც ზოგადად იქნება გაწერილი. გარდა ამისა ჩვენი რეკომენდაციები ეხებოდა რამდენიმე საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებას, რომელიც შრომის ინსპექტირებას ეხებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან ბოლო წლებში გაწეული არც ერთი ეს რეკომენდაცია არ შესრულდა. აქედან გამომდინარე მივიღეთ ის რეალობა, რომ ქვეყანაში 100-ზე მეტი ადამიანი წლის განმავლობაში სახიჩრდება ან იღუპება, რაც ყველაზე სავალალოა – არც ბიზნესს არ სურს იმის აღიარება, რომ გაცილებით ძვირი შეიძლება დაუჯდეს ამ მინიმალური სტანდარტების არ არსებობა. თუკი წარმოვიდგენთ, რომ 100-ზე მეტი დაზარალებული ადამიანის ოჯახი წავა სასამართლოში, მოითხოვენ კონრეტულ კომპენსაციებს, ეს თანხები გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე ის რესურსი, რომელიც შეიძლება შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული თავიდანვე ანუ იდეაში ბიზნესს შეიძლება უფრო ნაკლები დაუჯდეს შრომის პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვა, ვიდრე ასეთი უბედური შემთხვევების შემდეგ კომპენსაციების გაცემა, რომელიც მცირე არაა. – თუნდაც ამ 123 შემთხვევაზე არაეფექტური მოქმედება ვისი ბრალია? ხომ არაა სახელმწიფო ბიზნესის მიმართ შედარებით ლოიალური ამ მხრივ? – მე ვფიქრობ, აქ გარკვეულ ვალდებულებებზე უნდა იყოს საუბარი სახელმწიფოს და ბიზნესის მხრიდან, რომ მათ გარკვეული ვალდებულებები გააჩნდეთ კონკრეტული შრომითი ურთიერთობების დროს. 2015 წლის სტატისტიკა, რომელიც ვახსენე, არაა სრულყოფილი და ზუსტი. არსებობს ინფორმაცია, რომ ეს ციფრი გაცილებით მეტია, განსაკუთრებით მშენებლობებზე უბედური შემთხვევების რიცხვი, რომლის დოკუმენტირება არ ხდება. გამოძიების პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, აქ ზოგადად გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზიცაა, ვინაიდან რიგ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვაზე პასუხისმგებლობა არავის ეკისრება. შესაბამისად, სახელმწიფოს გარკვეულწილად მოთხოვნის შესაძლებლობა არ აქვს, რომ უფრო მკაცრი სანქციები გატარდეს. – ზვარეს ინციდენტსაც შევეხოთ. როგორც ფიქრობთ, ის პირები, ვინც სამართალდამცველებმა დააკავეს, რამდენად ადეკვატურად დაისაჯნენ და რამდენად ადეკვატური იყო სამართალდამცველების მოქმედება? – ჩვენ თვალყურს ვადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას. მოხდა ამ პირების დაკავება და დაიწყო გამოძიება. გამოძიების მიმდინარეობის დროს ალბათ გამოჩნდება, რამდენად მოხდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და დაისჯება თუ არა ვინმე ამ კონკრეტული ინციდენტისთვის. ზოგადად, ზვარეში რომ პრობლემა არსებობდა, ჩვენ ამაზე 2016 წლის აგვისტოში ვლაპარაკობდით. 10 აგვისტოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალური განცხადებითაც მივმართეთ, რომ პირველ რიგში ჩაეტარებინათ შრომის პირობების ინსპექტირება. ჩვენ ვიმყოფებოდით ადგილზე და ვნახეთ, თუ რა პირობებში იყვნენ დასაქმებულები – უჩიოდნენ არასათანადო სამუშაო პირობებს, უსაფრთხო შრომის გარემოსთან დაკვშირებით ჰქონდათ საკმაოდ ბევრი კითხვა, საუბარი იყო ასევე ჰიგიენური პირობების არარსებობაზე, ასევე იმაზე, რომ ვერ სარგებლობდნენ უქმე დღეებით, დასვენების დღეებით, შვებულებით, საპატიოდ არ ეთვლებოდათ, თუკი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ცხადდებოდნენ სამსახურში. პრობლემური იყო შრომის ხელშეკრულების არარსებობა და ანაზღაურების საკითხიც. საუბარი იყო ასევე ტექნიკის გაუმართავობაზე და ჩვენ ფოტოებიც გავავრცელეთ მწყობრიდან გამოსული ტექნიკის. შეიძლება ითქვას, რომ დასაქმებულთა პროტესტს არ მოჰყვა რაიმე კონკრეტული შედეგი და უკვე არსებობდა ნიადაგი ეს პროტესტი იმ გაფიცვაში გადაზრდილიყო, რომელიც მოგვიანებით მოხდა კიდეც. ჩვენ ზოგადად ვსწავლობდით მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორთან მიმართებაში ჩვენი უფლებები შეზღუდულია და არ გვაქვს ამ საკითხებში ჩარევის უფლება, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან პრობლემებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პრობლემებს, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებთან, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველი გარკვეულწილად ამ პროცესებში უნდა იყოს ჩართული. ეს საკითხი არის სახელმწიფოში სოციალური პოლიტიკის ხარვეზის გამოვლინება ანუ ქვეყანაში სოციალური პოლიტიკაა შესაცვლელი. ასეთი სახის პრობლემები – შრომის უსაფრთხოების პირობები, შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის არარსებობა, გარდაცვალებისა და დასახიჩრების ფაქტები, დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევები მიუთითებს იმაზე, რომ ამ მხრივ სოციალურ პოლიტიკაში არსებობს გარკვეული პრობლემა და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს მთავრობის, სამმხრივი კომისიის ფარგლებში. ამასთან, ჩვენ სახელმწიფოს არ მოვუწოდებთ, რომ თუნდაც კერძო ურთიერთობებში ჩაერიოს. – ამ პრობლემებიდან გამომდინარე ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე სახის კამპანიაა ჩასატარებელი, რათა ბიზნესს ამაღლებული ჰქონდეს ცნობიერება იმაზე, რომ შრომის პირობების უსაფრთხოება გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ის შედეგები, რომელიც შესაძლოა მინიმალური პირობების არარსებობას მოჰყვეს? ხომ არ გეგმავს სახალხო დამცველი რაიმე ასეთ კამპანიას? – ბიზნესსა და იგივე პროფკავშირებს შორის, სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია საკმაოდ შეზღუდულია. მე ვფიქრობ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ინფორმირება მოხდეს იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია. ჩვენს მიერ დაახლოებით ორი კვირის წინ ორგანიზებული იყო კონფერენცია – ”ბიზნესი და ადამიანის უფლებები”. ეს იყო პირველი მცდელობა ჩვენი მხრიდან, რომ ერთ კონფერენციაზე მოგვესმინა განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის მთავრობის, პროფკავშირების, ბიზნესორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების. ჩვენ დავინახეთ ის, რომ ერთ მაგიდასთან საკითხების მოგვარება შეიძლება და ამ დიალოგის გზით, კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება ნამდვილად შესაძლებელია. აუცილებელია ასეთი პროცესები ხელშეწყობილი იყოს, რომ მეტი შესაძლებლობა იყოს დისკუსიის, შეთანხმების, სადაც ბიზნესიც, სამოქალაქო საზოგადოებაც, პროფკავშირებიც და ხელისუფლებაც იქნება ჩართული. ამ მიმართებაში მთავრობაში არსებული სამმხრივი კომისია კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ სპეციალური სამოქმედო გეგმაც შედგეს ”ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში” მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. სახალხო დამცველი ამ პროცესშიც მიიღებს მონაწილეობას. ამ კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებას სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელზეც ერთად ვიმუშავებთ. ასევე ვფიქრობ, რომ ბიზნესს მათსავე ენაზე უნდა ვესაუბროთ. ციფრებით საუბარი მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ რეალურად შრომის უსაფრთხოების კუთხით ვითარება შეიცვლება, მაგრამ აქ აღმასრულებელ ხელისუფლებას და სახელმწიფოს განსაკუთრებით აქვს თავისი სიტყვა სათქმელი.