მთავრობის მიერ შექმნილი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის worklet.gov.ge–ს შექმნის მიუხედავად, დასაქმების კერძო კომპანიები ამ სფეროში ლიდერებად საკუთარ ვებგვერდებს მიიჩნევენ.
jobs.ge–სა და hr.ge-ს წარმომადგენლები დასაქმების სახელმწიფო საიტს კონკურენტად არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების გვერდი მათ საქმიანობას ვერ შეაფერხებს.
როგორც jobs.ge–ს დირექტორი ალექსანდრე ხუბულავა აცხადებს, ვინაიდან სახელმწიფო ვებგვერდი გათვლილი იქნება ფართო მოხმარებაზე, jobs.ge ბუნებრივად დარჩება კონკრეტული სეგმენტის რჩეულ ვებგვერდად.
„ჩვენი მომხმარებლები ქართული კომპანიები არიან. კლიენტების ძირითადი რაოდენობა, რომლებიც წლებია სარგებლობენ ამ საიტით, ჩვენი ერთგულები არიან და სტატისტიკის მიხედვით, მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გარდა ამისა, ჩვენი გვერდი მოხმარებისთვის ძალინ მარტივია“, – ამბობს ხუბულავა.
მისივე თქმით, დასაქმების შესახებ განცხადებებს „სიტყვა და საქმეც“ ავრცელებს, თუმცა ამ გაზეთს კონკურენტად არ მიიჩნევს.
jobs.ge–ს დირექტორი დარწმუნებულია, რომ დასაქმების როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიები, ადვილად შეძლებენ მშვიდობიან თანაცხოვრებას ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. jobs.ge ბაზარზე 1993 წლიდან ფუნქციონირებს.
კონკურენციის კუთხით პრობლემას ასევე ვერ ხედავს hr.ge-ს რეგიონალური მენეჯერი, რომელიც ამ სიახლეს მიესალმება კიდეც.
ინგა შახბაძიანის განცხადებით, საქართველოში დასაქმების ბაზარი მზარდია, სადაც კომერციული თვალსაზრისით დღესდღეობით ორი წამყვანი კომპანიაა – hr.ge-ს და jobs.ge–ს და ახალი მოთამაშის გამოჩენა გარემოს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
„ჩვენი საიტი გათვლილია ფართო მოხმარებისთვის და კლიენტებიც მრავალფეროვანი გვყავს. მომსახურებაში მათ ბევრ დამატებით სერვისს ვთავაზობთ. ყოველდღიურად hr.ge-ზე 16 ათასზე მეტი მომხმარებელი შემოდის. ვნახოთ, რა შედეგს დადებს დასაქმების სახელმწიფო პორტალი სრულად დატვირთვის შემთხვევაში“, – აცხადებს შახბაძიანმა.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გასული წლის დეკემბერში გამართა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პორტალი მოემსახურება უმუშევრობის დონის შემცირებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების გამოვლენას, სამუშაო ძალის სტრუქტურისა და უნარ-ჩვევების გაანალიზებასა და მოძიებას, პროფესიული განათლებისა და ტრენინგების პოპულარიზაციას და შრომის ბაზარზე მიმდინარე ძირითადი ტენდენციების გამოვლენას.
საიტი მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს განათავსონ ინფორმაცია საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების შესახებ, ასევე მოიძიონ ვაკანსია ან დამსაქმებელმა თავად იპოვოს სამუშაოს მაძიებელი.
დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის მიერ შექმნილი დასაქმების საიტის მიზანია არა დასაქმება, არამედ დასაქმების ხელშეწყობაა. მისივე თქმით, ეს იქნება ღია ვებგვერდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს. „ჩვენი ამოცანა არ არის დასაქმება, არამედ ამის ხელშეწყობა; იმისათვის, რომ შევისწავლოთ შრომის ბაზარი, მივცეთ რეკომენდაცია, მოთხოვნა სპეციალობებზე და დავეხმაროთ გადამზადებაში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
commersant.ge