მუშათა გაფიცვები მრავალ საუკუნოვან ისტორიას ითვლის და საზოგადოების წინსვლისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ამ სოციალური მოვლენის არსში წვდომა. მუშათა გაფიცვების შესახებ ბევრი ღირებული დოკუმენტი არსებობს და მათი სწორი გაანალიზება, მათში მოცემული გაკვეთილებიდან სწორი დასკვნების გამოტანა მომავალი წარმატებული განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტორია. ორიოდე წლის წინ გამოიცა წიგნი – მოგონებები „წარსულის გარეშე არაა მომავალი…“, რომლის ავტორია 1982-1990 წლებში სრულიად საკავშირო პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე სტეფანე ალექსის ძე შალაევი. ამ მოგონებებში ფრიად საყურადრებოა მისი თვალით დანახული მუშათა გაფიცვები, რომელსაც მოგონებებში მთელი თავი „მე-20 საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს მშრომელთა მასობრივი გაფიცვები“ ეთმობა. ნაწყვეტი ამ თავიდან ვთარგმნეთ იმ მიზნით, რომ ვაჩვენოთ თუ რა განაპირობებს მუშათა სოციალური პროტესტის ისეთი ფორმის, როგორიც არის გაფიცვა წარმოშობას და გამოვლინებას.
დავით არაბიძე
„მე-20 საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს მშრომელთა მასობრივი გაფიცვები“
„ქვეყნის ისტორიის საბჭოთა პერიოდის მრავალი ათეული წლის განმავლობაში გაფიცვების მიმართ იყო ერთმნიშვნელოვანი მიდგომა: „ისინი არ უნდა იყოს!“…
„რა საჭიროა გაფიცვები, თუ კი შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობებისას წარმოშობილი ყველა პრობლემა შეიძლება გადაწყდეს კოლექტიური ხელშეკრულებებითა და შრომის შესახებ კანონებში მოცემული შრომითი კოლექტივებისა და პროფორგანოებისათვის მინიჭებული უფლებებით?
მთელი ამ სამართლიანი მსჯელობების მიუხედავად, ჩვენ გვავიწყდება ის, რომ არცთუ იშვიათად შრომითი კონფლიქტები და დავები წარმოიშვება არა მხოლოდ ადმინისტრაციების, არამედ ზემდგომი სამეურნეო ორგანოების ბრალის გამო, თავად იმ მინისტრებისა და უწყებების ხელმძღვანელების გამო, რომელთაც ვერ უზრუნველყვეს საწარმოთა ნორმალური სამეურნეო საქმიანობა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, რომელთაც არ განიხილეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე შრომითი კოლექტივების მიმართვები, ასევე ადგილობრივი და ზემდგომი საბჭოთა ორგანოების ბრალით, რომლებმაც დროულად არ განიხილეს მშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, დროული რეაგირება არ მოახდინეს შრომითი კოლექტივების ამა თუ იმ მოთხოვნაზე (საბინაო მშენებლობის გაუმჯობესება, ვაჭრობის ორგანიზაცია და საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა) და ა.შ.
ზუსტად ამგვარმა მიზეზებმა განაპირობეს პირველ რიგში კუზბასის, შემდგომ კი სხვა სამთამადნო-მომპოვებელი რეგიონების და არა მხოლოდ ამ რეგიონების მშრომელების მიერ 1989 წლის ივლის-სექტემბერში გაფიცვების დაწყება, საკუთარი მოთხოვნებით ქალაქებისა და მუშათა დასახლებების მოედნებსა და ქუჩებში გამოსვლა.
გაფიცვების ძირითადი მიზეზი გახდა ადამიანის ცხოვრების უზრუნველყოფის საკითხების, მთელი სოციალური სფეროს მიფუჩეჩება. მშრომელთა მთავარი მოთხოვნები უკავშირდებოდა სურსათით მომარაგების გაუმჯობესებას, ხელფასისა და პენსიის რაიონული კოეფიციენტის, ღამისა და საღამოს საათებში შრომის ანაზღაურების ზრდას, წყლით, გათბობითა და ბინით უზრუნველყოფას…
მრავალი ათეული წლის განმავლობაში კუზბასის მადნის მომპოვებელი რაიონების სახალხო მეურნეობა ძირითადად მიმართული იყო მხოლოდ მადნის მოპოვების ზრდისკენ.
სოციალურ საკითხებს არასაკმარსი ყურადღება ეთმობოდა, ამ პერიოდისთვის 72 ათასი ოჯახი უაღრესად ძველ სახლებში ცხოვრობდა.
მასობრივი შრომითი კონფლიქტების წარმოშობის სიღრმისეული, პრინციპული მიზეზი კი იყო ნახშირის მრეწველობის სამინისტროს მიერ შახტებისა და სხვა საწარმოების ეკონომიკური დამოუკიდებლობის საკითხის, მათთვის საქმიანობის დამოუკიდებლობის, თვითმმართველობის პრინციპზე გადაყვანისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების საკითხების გადაწყვეტის გაჭიანურება.
მშრომელთა საერთო აღშფოთებას ზრდიდა წლიდან წლამდე კუზბასის ქალაქებსა და დაბებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება. აქ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე გამოტყორცნილი მავნე ნივთიერებების მოცულობა უკვე 30 კილოგრამს შეადგენდა, რაც ქვეყნის საერთო მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატებოდა. იზრდებოდა შრომის პირობებთან და ეკოლოგიის მდგომარეობასტან დაკავშირებული პროფესიული დაავადებების რიცხვი.
მაღაროელთა მიერ წამოყენებული მოთხოვნების ანალიზმა აჩვენა, მათი უდიდესი ნაწილი, გაფიცვებამდე დიდი ხნით ადრე, უკომფლიქტო სიტუაციაში შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო.“