რატომ არ შეეხო შრომის კოდექსში შეტანილი სასიკეთო ცვლილები ოპერის თეატრში მომუშავეებს? საოპერო დასი საზოგადოების დახმარებასა და ნორმალურ სამუშაო პირობებს ითხოვს. ხმაურიანი შეხვედრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სხდომათა დარბაზში 12 ნოემბერს შედგა და მას თეატრის პროფკავშირის 75 -მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები. ასევე, საუბარი შეეხო თეატრის შინაგანაწესის ახალ რედაქციას, შრომის ხელშეკრულებებში შეტანილ ცვლილებებს, შრომის უსაფრთხოების დაცვასა და ხელშეკრულების დროულად შეთანხმებას.
პროფკომიტეტის თავმჯდომარემ, თეატრის სოლისტმა კახაბერ თეთვაძემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ რემონტის შემდეგ, სოლისტებს არ აქვთ სამუშაო ოთახები, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი სარდაფშია, ასევე, ზოგადად მძიმე სამუშაო პირობები აქვს ტექნიკურ პერსონალს, გუნდისა და ორკესტრის თანამშრომლებს. თეთვაძის განცხადებით, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია აღშფოთებულია ნანახით და დასკვნაც შესაბამისი იქნება. “თეატრში მიუწვდომელია სამხატვრო საბჭოს დებულება. რის მიხედვით ხელმძღვანელობს ადმინისტრაცია არ ვიცით. იმის ნაცვლად, რომ შემოქმედებითი მშვიდი ცხოვრება შევუქმნათ თანამშრომლებს, არის დაძაბული გარემო. საგრიმიოროები, ორკესტრის ოთახები, ჩამცმელები არიან სარდაფში და ეს ასე არ შეიძლება. სცენა III სართულზეა, არ მუშაობს ვინტილაცია”.
სოლისტმა ელდარ გეწაძემ აღნიშნა, რომ კარგი სამუშაო პირობები მხოლოდ ბალეტის დასს აქვს. დამლაგებლებს აქვთ დასასვენებელი ოთახი, ცალკე აქვთ სტუმრების მისაღები ოთახი, საოპერო დასი კი ყველანაირად შეიზღუდა.
პროფკავშირები და საოპერო დასი პრობლემების გადაწყვეტას სწორედ ახლადშექმნილი პროფკავშირის საშუალებით გეგმავს. დაიწყო დეტალური კონსულტაციები აღნიშნულ საკითხებზე პროფკავშირების გაერთიანებასთან. შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ვიცე პრეზიდენტებ მანანა დარსაძე და სვეტლანა ჩოჩუა.