დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება შრომით საკითხებში პროფკავშირების გაერთიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი იმისა, რომ მშრომელმა ადამიანმა, საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა თავადაც შეძლოს და სამუშაო გარემო, სტანდარტები, გარანტიები, დამსაქმებლის დამოკიდებულება ყველა დასაქმებულისთვის დროთა განმავლობაში დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს.
შესაბამისად, პროფკავშირები, საკუთარი წევრებისთვის, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს სხვადასხვა საკითხებზე ხშირად ატარებს.
ამჯერად, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერითა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, დაბა ბაკურიანში, სასტუმროში „ვილა პალასი“, ჩატარდა 4 დღიანი სემინარი თემაზე: „შრომითი ურთიერთობების გენდერული ასპექტები“.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:
- შრომითი კანონმდებლობა;
- ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილებზე;
- ქალთა დამატებითი შრომითი გარანტიები შრომის კოდექსის მიხედვით, აღსრულების მექანიზმები
- გენდერული სახელფასო სხვაობა;
- უფლების დაცვის მექანიზმები.
სემინარს პროფკავშირების გაერთიანების: თავმჯდომარის მოადგილეები, იურისტები, საორგანიზაციო დეპარტამენტის სპეციალისტი, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი უძღვებოდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ წევრი ორგანიზაციების დარგობრივი პროფკავშირების წევრები: თვითდასაქმებულთა და ვაჭრობის მუშაკთა პროფესიული კავშირიდან; მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირიდან; აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირიდან; მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირიდან; კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირიდან; საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირიდან; ხელოვნების, მასმედიისა და კულტ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირიდან; ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირიდან; აფხაზეთის ა/რ პროფგაერთიანებიდან; ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირიდან; მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირიდან და მშენებელთა და ტყის მუშაკთა პროფესიული კავშირიდან.