მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები ვერ საქმდებიან

საქართველოს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა 70% დაუსაქმებელია – ასეთი შედეგები წარმოადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიშის – “პროფესიული განათლება საქართველოში – მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები” პრეზენტაციაზე.

აუდიტის მიზანი იყო მთავრობის მიერ პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა. მისი განმარტებით, აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს. კერძოდ, რეკომენდაცია გულისხმობს, რომ სამინისტრომ წინასწარ დაგეგმოს და გამოიკვლიოს, თუ რა პროფესიებია მოთხოვნადი საქართველოში, რათა მათზე ფოკუსირებით განავითაროს პროფსასწავლებლები.

გენერალური აუდიტორის შეფასებით, გამოვლენილი ხარვეზები დაგეგმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირდება.

“სახელმწიფო აფინანსებს პროფესიულ სასწავლებლებს, რომ მან გადაამზადოს ჩვენი მოქალაქეები, რათა შემდგომ ისინი დასაქმდნენ. როცა ვხედავთ, რომ გადამზადებული პირების დაახლოებით 70% არ არის დასაქმებული, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ, რამდენად სწორად არის დაგეგმარებული აღნიშნული პროცესი. დაგეგმარება არ იყო სწორად განხორციელებული; არ იყო შესწავლილი, რა საჭიროებები იყო მუნიციპალიტეტებში, რა პროფესიებზე იყო მოთხოვნა. შესაბამისად, ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას განათლების სამინისტროს, წინასწარ მოხდეს შეფასება დაგეგმარება, კვლევა იმისა, თუ რა პროფესიებია მოთხოვნადი საქართველოში, რომ ფოკუსირება მათზე მოხდეს”.

გასული 5 წლის განმავლობაში პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე სახელმწიფომ 60 მილიონ ლარზე მეტია დახარჯა. ამის ფონზე, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საკუთარი პროფესიით დასაქმება კურსდამთავრებულთა მხოლოდ 23%-მა მოახერხა.

“აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, შრომის ბაზარზე არსებული ინფორმაციის სიმწირის გამო, სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს განსაზღვრული პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შესაბამისობას შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ამასთან, უწყება დაფინანსების სისტემაზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სასწავლებლებზე თანხების გადანაწილება არაოპტიმიზებული იყო.

“ვაუჩერის ფიქსირებული ხასიათის გამო სასწავლებლებზე გაცემული თანხები არ შეესაბამებოდა მათ რეალურ საჭიროებებს. ვაუჩერის გაცემის სისტემის ნაკლოვანებებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების (თითქმის 2 მილიონი ლარი) არაეფექტიანად გახარჯვა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ეფექტიანობის აუდიტის დასკვნა 2010-2012 და 2013 წლის პირველი ნახევრის პირველ პერიოდს მოიცავს.profebi

Bpi.ge