მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირული სოლიდარობა დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეებს

როგორც იცით, ორი დღის წინ, თბილისში, ე.წ. ბოშების ბაზრობა დაიწვა. ვაგზლის მოედანზე, წინამძღვრიშვილის N198-ში 2500 კვ.მ ფართობზე მდებარე ბაზრობიდან დღეს მხოლოდ ფერფლიღაა დარჩენილი.

ბაზრობის მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ ხანძრი ხელოვნურად არის გაჩენილი და ტერიტორიის დაწვით ცალკეული პირები იყვნენ დაინტერესებული. ისინი ამბობენ, რომ საქონლის ნაწილი მოპარულია და დამწვარი ნივთების ნაცარიც კი არ არის დარჩენილი. მოვაჭრეები გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ე.წ. ბოშების ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს თვითდასაქმებულთა, ვაჭრობისა და ინდივიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, მირანდა მანდარია შეხვდა და პროფკავშირების სახელით სოლიდარობა გამოუცხადა. მირანდა მანდარიამ დაზარალებულ მოვაჭრეებს უფასო იურიდიული დახმარებაც აღუთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სურვილია ეს ინციდენტი სათანადოდ იყოს გამოძიებული და აუცილებელია დაზარალებულებმა ღირსეული კომპენსაცია აიღონ.

დაზარალებულ მოვაჭრეებს იმედი აქვთ, რომ მათ გასაჭირს პროფკავშირის გარდა სახელმწიფოც მიიტანს გულთან და დამწვარი პროდუქციის ნაწილის კომპენსირება მაინც მოხდება. ბაზრობაზე მომუშავეთა ერთ ნაწილს პროდუქცია და სავაჭრო ფართი ბანკებიდან გამოტანილი კრედიტებით აქვთ შეძენილი და ასეთ პირობებში ბუნებრივია კრედიტის გადახდაზე საუბარი ძალიან რთული იქნება.

ბოშების ბაზრობაზე ცეცხლის გაჩენის შედეგად მსუბუქი დამწვრობა ობიექტის დაცვის ერთმა წევრმა მიიღო. ხანძრის გავრცელების საფრთხე მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ ბინებშიც იყო, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა და მხოლოდ ორ ოთახში ჩავიდა წყალი.

დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრის ამსახავი ფოტოკოლაჟი შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს პროფკავშირების “ფეისბუქის“ გვერდზე: https://www.facebook.com/media/set/?set=a.10152470918228073.1073742026.244280163072&type=1 bazroba