პროფკავშირული ორგანიზაციის დაფუძნება ყოველთვის რთული პროცესია, განსაკუთრებით იქ სადაც მის დაფუძნებას საერთოდ რომ არ მიესალმებიან. ამ მხრივ ბევრი საინტერესო მაგალითი არსებობს და ერთ-ერთი ასეთი მაგალითია მუშათა მოძრაობა მასობრივი წარმოების ტრესტირებულ დარგებში პროფკავშირული ორგანიზაციის შექმნის უფლებისათვის. „ღია საამქროს“ პირობებში პროფკავშირული ორგანიზაციის დაფუძნება ყველგან და ყოველთვის ურთულესი ამოცანა იყო და არის და როდესაც ასეთ გარემოში ბრძოლით მიიღწევა წარმატება, ეს ფრიად დასაფასებელია.
90 წლის წინ ჰენრი ფორდის საავტომობილო ქარხნები მასობრივი წარმოების ტრესტისა და „ღია საამქროსი“ ტიპიურ მაგალითს წარმოადგენდნენ. ფილიპე ბონოსკის მიერ 60 წლის წინ ამერიკაში გამოცემულ წიგნში „ძმა ბილ მაკკი“, უაღრესად საინტერესოდ არის მოთხრობილი, თუ როგორ მოიპოვეს ამერიკელმა მუშებმა ფორდის ქარხნებში პროფკავშირის დაფუძნების უფლება და რას მიაღწიეს უკვე პროფკავშირად დარაზმულებმა. ამ დიდი მოცულობის წიგნიდან ვთარგმნე ის მონაკვეთები, სადაც უშუალოდ არის ნაჩვენები პროფკავშირული მოძრაობის მიერ ფეხის ადგმა, მისი საქმიანობა და წარმატებები მშრომელი ადამიანის სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული უფლებების დაცვასა და კანონიერი ინტერესების წარმომადგენლობის საქმეში. იქ სადაც თითქოს პროფკავშირისთვის ერთი საყრდენი წერტილიც კი არ არსებობდა, ბილ მაკკის – ამ ჭეშმარიტი პროფკავშირელის თაოსნობით შესაძლებელი გახდა გამარჯვების მოპოვება – მუშათა დამოუკიდებელი პროფკავშირის ამოქმედება.
დავით არაბიძე
PHILLIP BONOSKY “BROTHER BILL McKIE”
ნაწყვეტი პირველი თავიდან
„ინგლისელი ისე საუბრობდა, თითქოს ეს მისთვის იშვიათი სიამოვნება იყო. აღმოაჩინა რა რომ ისინი თანამემამულეები იყვნენ, მათ სამშობლოზეც ილაპარაკეს. ადამიანის ხმის ბუნებრივმა ბგერებმა ბილს წამიერად დაავიწყა კონვეირთან მდგომი მდუმარე ადამიანები და მან მექანიკურად იკითხა:
- სხვათაშორის, როგორი პროფკავშირები გყავთ თქვენ აქ?
ოცდათორმეტი წლის განმავლობაში სვამდა იგი ამ უბრალო კითხვას შოტლანდიასა და ინგლისში. თუ კი მას პასუხობდნენ: „აქ პროფკავშირი არაა“, იგი მის ჩამოყალიბებას იწყებდა.
დასმულ კითხვაზე ამ ადამიანის პასუხმა იგი გააკვირვა. თავიდან ბილს მოეჩვენა რომ ამის შესახებ ინგლისელს საერთოდ პირველად ესმოდა. წამიერად ის ბილს უბრალოდ უყურებდა.
საბოლოოდ გამოფხიზლებულმა, როგორც იქნა ამოღერღა:
– აქ არავითარი პროფკავშირები არაა! – მისი ლოყები წითელი ლაქებით დაიფარა და ბილს თვალი თვალში გაუყარა: ეგებ ეს ახალბედა ჯაშუშია, მოგზავნილი რომ ის ხაფანგში გააბას? ეს იყო გამოხედვა რომელიც ბილს ადრე არასოდეს არ ენახა და რომლის დანახვაც მას შემდგომ ძალზე ხშირად მოუწია! შემდგომ მუშამ ფრთხილად მიმოიხედა გარშემო.
– რაშია საქმე? ფრთხილად იკითხა ბილმა და ასევე მიმოიხედა.
აკრძალულია- თითქმის უხმოდ ამოილუღლუღა ინგლისელმა.
ბილი გაკვირვებული უყურებდა მას. ადამიანი შიშისაგან აკანკალებდა. იგი ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე. მაგრა მას რაღაცამ უკარნახა რომ ჯობდა ამ საუბარს შეშვებოდა. გაახსენდა ის მკვდარი სახეები და ტუჩები, რომელნიც არასოდეს რომ არ იხსნებოდნენ. ტანსი ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.
ინგლისელმა ბილი საამქროში მოატარა და მშრალი, ოფიციალური ტონით, ისე რომ თვალებში ერთხელაც რომ არ შეუხედავს, განუმარტა მას მისი მოვალეობები. შემდეგ ის მალე წავიდა.
ის იყო ბილმა აიღო ინსტრუმენტები, რომ მუშაობა დაეწყო, რომ მაღალმა, აყლაყუდა გერმანელმა – ოსტატმა გვარად დეიჩმა, იგი გვერდზე გაიყვანა და მის ყურთან დაიხარა.
- მე გავიგე რომ შენ აქ პროფკავშირზე კითხულობდი?
- ბილმა დაუდასტურა.
- გერმანელმა მიმოიხედა და კიდევ უფრო დაუწია ხმას.
- მისმინე მეგობარო, – თქვა მან – თუ გსურს აქ სამუშაოდ დარჩე, შენთვის უკეთესი იქნება ამაზე ხმა არ ამოიღო!
- ბილმა მას ფართოდ გახელილი ცისფერი თვალებით შეხედა.
- ღმერთო ჩემო, – მისმა ხმამაც ჩურჩულამდე დაიწია, იმ დროს როდესაც იგი გერმანელს დავიწროვებულ თვალებში უყურებდა.
- ბილი ამაზე მთელი დილა ფიქრობდა, სანამ იგი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავდათ და უხსნიდნენ თუ რა უნდა ეკეთებინა მას.
ბილი მეთუნე იყო. ის მეთუნე გახდა გახდა, როდესაც ჯერ კიდევ ბიჭუნა იყო. ჯერ კიდევ მანამდე სანამ მას ხმა დაუბოხდებოდა, მას უკვე შეეძლო სპილენძის ქვაბებისა და ჩაიდნების დამზადება, ცალკეული ნაწილების შედუღება და მათთვის საჭირო ფორმის მიცემა, მას დღეში ოცდაოთხი ცალის, მოსწავლეთათვის სარეკორდო რაოდენობის, დამზადება შეეძლო. ისინი თითო ცალი თითო შილინგად იყიდებოდა, მას კი კვირაში მხოლოდ სამ შილინგს უხდიდნენ. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დედოფალი ვიქტორია, ინგლისისა და შოტლანდიის საზღვარზე მდებარე პატარა ქალაქ კარლეილში, ხელოსნობა ხელოვნების მსგავსი რამ და სიამაყის საგანი იყო.“
თარგმნა დავით არაბიძემ