მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირმა და ადმინისტრაციამ, რკინიგზაში არსებული პრობლემები განიხილეს

ორი დღის წინ, სოციალური პარტნიორები –  სს ,“საქართველოს რკინიგზა“–ს გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე და “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ პრეზიდენტი, ვიტალი გიორგაძე ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და ბოლო დროს, კომპანიაში დაგროვილ პრობლემატური საკითხები მიმოიხილეს.

პირველი და უმთავრესი განსახილველი საკითხი გახლდათ ახალ სახელფასო სისტემასთან დაკავშირებული დეტალები. შეგახსენებთ, ეს თემა გაფიცვის სამპუნქტიანი ხელშეკრულების ერთ–ერთი ძირითადი საკითხია, რომელიც სამწუხაროდ გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორების გამო, ჯერ კიდევ ვერ იქნა განხორციელებული.

ბატონმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. მას შემდეგ რაც, “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ მიერ დაწუნებულ იქნა 2014 წლის პირველ კვარტალში დასანერგი ახალი სახელფასო ბადე, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სახელფასო სისტემის დახვეწის მიზნით, მოეწვია ისეთი მაღალი დონის კერძო და ობიექტური კომპანია, რომელსაც შესაბამის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. საუბარია კომპანია “სი ნერჯი ჯგუფზე“.

აღნიშნული კომპანიის მხრიდან საბოლოო დრაფტის წარდგენის შემდეგ, საქართველოს რკინიგზა და “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ გამართავს მოლაპარაკებებს. იმსჯელებენ აღნიშნულ პროექტზე და ერთობლივად მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

წინასწარი ინფორმაციით, დაქირავებული კომპანია, შესაბამის კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების მონაწილეობით, უკვე მუშაობს ახალი პროფკავშირის მიერ წამოყენებულ რკინიგზელებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხების პროექტში გათვალისწინებისთვის, როგორიცაა კარიერული წინსვლის შესაძლებლობები და ასევე სტაჟიანი რკინიგზელების საჭირო დამატებითი პრივილეგიები.

გენერალურ დირექტორსა და ახალი პროფკავშირის პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა ელმავლის მემანქანეების საზღვრებს გარეთ მივლინებისა და მათი ანაზღაურების საკითხზე. როგორც ცნობილია, 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ კოლექტიური ხელშეკრულებიის შესაბამისად, რკინიგზის ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება, დასაქმებულების აღნიშნულ კატეგორიისთვის, მივლინებისთვის საჭირო თანხები წინასწარ ანაზღაურდეს. თუმცა, სამწუხაროდ აღნიშნული საკითხი დღემდე დაურეგულირებელია, რაზედაც ბატონმა მამუკამ ადგილზე გასცა სიტყვიერი განკარგულება, უმოკლეს ვადებში მომზადდეს შესაბამისი დოკუმენტი უახლოეს დირექტორთა საბჭოზე გასატანად!

ასევე მხარეებმა დიდი დრო დაუთმეს საუბარს კომპანიის წინაშე დაყენებულ ევროკავშირის დირექტივებზე, რომელიც ეხება შრომით უფლებებს მოძრაობის უსაფრთხოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ამ კუთხითაც, რათა მაქსიმალურად უმტკივნელოდ და ხარისხიანად იქნეს შესრულებული ევროკავშირის მოთხოვნები (მათ შორის ელმავლის კონდენცირებისა და ვიდეო კამერების დამონტაჟების აუცილებლობაზე).

აგრეთვე საუბარი შეეხო კომპანიაში მოქმედ და დასანერგ პროფესიული განათლების პროექტებს, რომელიც მიმართულია აბიტურიენტების უფასო მომზადებისთვის რათა ახალგაზრდები სარკინიგზო სპეციალობით დაინტერესდნენ. ასევე მიმდინარეობს პროექტი მაგისტრატურის დაფინანსებასთან დაკავშირებით. “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს და ითანამშრომლებს ადმინისტრაციასთან ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.

ასევე განხილულ იქნა მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, რასთან დაკავშირებითაც ბატონმა მამუკამ განმარტა, რომ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად პროექტი უკვე ამოქმედებულია, რომელიც ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ მოწესრიგებას საქართველოს რკინიგზაზე. ახალი პროფკავშირების მხრიდან კი ყურადღება ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ სადგურებზე გამახვილდა. მხარეები ამ მხივ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რათა რკინიგზელების ელემენტარული პრობლემები სამუშაო პროცესში, მაქსიმალურად მცირე დროში იქნეს მოგვარებული.

როგორც უკვე ცნობილია, “რკინიგზელთა ახალ პროფესიული კავშირს“, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით, შეტანილი აქვს საკონსტიტუციო სარჩელი ზეგანაკვეთური სამუშაო საათების კვირის ნორმის დაწევის მიზნით. აღნიშნული საკითხის რეგულირებას გაფიცვის შემდგომი შეთანხმების ოქმიც ითვალისწინებს. შეხვედრაზე გენერალური დირექტორის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზაობა, ახალი პროფკავშირების მიერ სასამართლოს მოგების შემთხვევაში, 2014 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული, ანაზღაურდეს რკინიგზელების შრომა კვირაში 40 საათის ზემოთ.

2013 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული სამპუნქტიანი შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სამართლიანი პრემიალური სეისტემის დანერგვას კომპანიაში, რაზეც ამ ეტაპზე შეთანხმება ჯერ ისევ არ არის მიღწეული. მუშა პროცესის დაჩქარების მიზნით, ახალი პროფკავშირების ძალისხმევით, ეს საკითხი სამმხრივ ფორმატში განხილვის მთავარი საგანი გახდება და მესამე მხარედ წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთავრობა.

როგორც ახალი პროფკავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, მოლაპარაკებამ ნაყოფიერად ჩაიარა და გარდა ზემოთაღნიშნული საკითხებისა, შეთანხმება მოხდა სხვა რკინიგზელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე და პროექტებზე, რის შესახებაც ინფორმაცია, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.rkinigza