პროფკავშირი რკინიგზის ადმინისტრაციას მაღალი ტემპერატურის დროს შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნისაკენ ან სამუშაო საათების შემცირებისაკენ მოუწოდებს
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, რკინიგზის ადმინისტრაციას მოუწოდებს, 19–21 აგვისტოს, ყველაზე მაღალი ტემპერატურის დროს, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისთვის დროებით შეწყვიტოს ან შეამციროს სამუშაო პროცესი ან შექმნას შესაბამისი პირობები.
“გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის ბიუროს ოფიციალური განცხადებით, 19–21 აგვისტოს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ტემპერატურა 41 გრადუსს გადააჭარბებს. როგორც ყველასთვის ცნობილია, სს ,,საქართველოს რკინიგზაში” დასაქმებული მუშების უმრავლესობა, უკვე წლებია ითხოვს სატვირთო გადაზიდვების ელმავლებში, სხვადასხვა საამქროებსა თუ დეპოებში, კონდენცირების სისტემის მოწესრიგებას, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, დღემდე არ შესრულებულა.
ამ მხრივ, განსაკუთრებით ელმავლის მემანქანეებს, ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს და სხვა პროფესიულ მუშაკებს, საქართველოს რკინიგზაში, წლებია გაუსაძლისი პირობები აქვთ. მათ ზაფხულის პერიოდში 45–60 გრადუს სიცხეში უწევთ მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაცვის სააგენტოს პროგნოზი გამართლდა და ქვეყნის მაშტაბით სამი დღის განმავლობაში დაფიქსირდა 40 გრადუსი სიცხე, რკინიგზაზე დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე ტემპერატურა 50–60 გრადუსს გადააჭარბებს, რამაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს”, – აცხადებენ რკინიგზელთა პროფესიულ კავშირში.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს მოუწოდებს დროულად მიიღონ პრევენციული ზომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #69 დადგენილებით და მკაცრად დაიცვან აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილი სახელმძღვანელო ცხრილით აღებული ვალდებულებები.