მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირი დევნილობაში

ცხინვალის სამხარეო პროფესიული კავშირების ცენტრი ათწლეულების განმავლობაში  ყოფილი სამხრეთი-ოსეთის ავტონომიური ოლქის პროფკავშირების საბჭოს შემადგენლობაში იყო გაერთიანებული. 1989-1990 წლებში განვითარებულმა პოლიტიკურმა კონფლიქტმა საოლქო პროფსაბჭო კრახამდე მიიყვანა. საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით გაუქმდა ავტონომიური ოლქი. 1991 წლიდან, აქტიური შეიარაღებული მოქმედებების შედეგად ყოფილი ოლქის ტერიტორიიდან გამოდევნილმა პროფაქტივისტებმა პროფკავშირული საქმიანობა თბილისში, უკვე დევნილობაში განაახლეს, მაგრამ მათ შეინარჩუნეს როგორც პირადი კომუნიკაცია, ასევე პროფკავშირული კონტაქტები და საქმიანი ურთიერთობა თავის ოს კოლეგებთან.

ცხინვალის სამხარეო პროფცენტრის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე  მივმართეთ პროფცენტრის თავმჯდომარის მოადგილეს,  ქალბატონ დალი დოიჯაშვილს.

როგორი იყო თქვენი მუშაობის დასაწყისი დევნილობის პირველ დღეებში?

დალი დოიჯაშვილი: 1993 წლიდან ყოფილი ოლქიდან გამოდევნილმა პროფაქტივისტებმა მოვახდინეთ ვერტიკალური ინტეგრირებული სტრუქტურის გამართვა – ჩატარდა ყრილობა და აირჩა ხელმძღვანელი ორგანოები და დავიწყეთ  ფუნქციონირება, როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სტრუქტურულმა ერთეულმა.

2002 წლის იანვარში ცხინვალის სამხარეო პროფცენტრი საქართველოს კანონის “პროფესიული კავშირების შესახებ” შესაბამისად რეგიტრაციაში გატარდა. ცხინვალის სამხარეო პროფცენტრი დღეს ფუნქციონირებს როგორც თვითკმარი პროფკავშირი, ჰყავს დარგობრივი ორგანიზაციები, პირველადი სტრუქტურული ერთეულები და წევრები.

როდის მოხდა თქვენი ცენტრის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში ოფიციალური გაწევრიანება?

დალი დოიჯაშვილი:  2006 წლიდან ცხინვალის სამხარო პროფცენტრი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციაა. საწესდებო ამოცანების შესრულების მიზნით პროფცენტრს მუშაობა გაშლილი აქვს რამდენიმე მიმართულებით. იგი იცავს საკუთარი წევრების სოციალურ, ეკონომიკურ, შრომით და პროფესიულ უფლებებსა და ინტერესებს,  აქტიურად არის ჩაბმული დევნილთა ადამიანის უფლებების დაცვისა და ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის მოძრაობაში.

ქართულ-ოსური სამშვიდობო დიალოგში პროფცენტრი აქტიურად ჩაერთო 2007 წლის ნოემბრიდან, როდესაც ნიდერლანდების სამეფოს სამშვიდობო ორგანიზაცია “IKV-PAX CRISTI”-ის მიერ დაფინანსდა ქართულ–ოსური დიალოგი სომხეთის რესპუბლიკაში, სადაც დაფუძნდა ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმი.

ცხინვალის სამხარეო პროფესიული კავშირების ცენტრმა, როგორც ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის დამფუძნებელმა გამოიჩინა ინიციატივა, რომლის შედეგადაც 2008 წელს თებერვალში თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის პირველი მასშტაბური შეხვედრა. ამ ღონისძიების პარტნიორები იყვნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და  International Eurasian Metalworkers’ Federation.

2007 წლიდან პროფცენტრი არის ევრაზიული პროფკავშირების ფედერაციის (სათაო ოფისი თურქეთის რესპუბლიკა, ანკარა) წევრი. ცხინვალის სამხარეო პროფცენტრი სხვა 7 საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად არის გაწევრიანებული დევნილთა უფლებების დამცველ კონფედერაცია “ცხინვალის სახლში”.

ცხინვალის სამხარეო პროფესიული კავშირების ცენტრმა 1996-2003 წლებში განახორციელა ქართველ და ოს ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის პროგრამა, ხოლო 2001-2010 წლებში ქართველი და ოსი პროფაქტივისტების ერთობლივი ვიზიტები ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში, ქ.ცხინვალში და მიმდებარე ქართულ სოფლებში ჩაატარა ერთობლივი ჰუმანიტარული აქციები და კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები.

2008 წლის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე ცხინვალის რეგიონში მოქმედი საქართველოს საჯარო, კულტურული, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სხვა დაწესებულებების პირველადი პროფორგანიზაციები გაერთიანებული იყვნენ ცხინვალის სამხარეო პროფცენტრში. ამჟამად ცხინვალის სამხარეო პროფცენტრის პირველადი პროფორგანიზაციები მოქმედებენ წეროვანში არსებულ ქურთის საავადმყოფოში, დევნილობაში მყოფ რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში, ხალხური თვითშემოქმედების ანსამბლსა და ბიბლიოთეკებში. ყოფილი ავტონომიური ოლქიდან დევნილი მოქალაქეები, კვლავ რჩებიან პროფცენტრის წევრებად ინდივიდუალური წევრობის სტატუსის საფუძველზე. ყველა მათგანს შეუნარჩუნდა წევრობა და დღემდე სარგებლობს პროფცენტრის თანადგომითა და რესურსებით.

წლების მანძილზე პროფცენტრის მიერ გაეწია მატერიალური და სამართლებრივი დახმარება 3000-მდე ბენეფიციარს, ძირითადად დევნილებსა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.

2008 წლის რუსეთის ფედერაციისა სამხედრო აგრესიის შემდეგ ცხინვალის სამხარეო პროფცენტრმა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში დააფუძნა სათემო ორგანიზაციები (თბილისი, გორი, მცხეთა, კოდა, წეროვანი), რომლთაც დაეხმარა სოციალური საწარმოების ამოქმედებაში, სადაც ათობით დევნილი დასაქმდა.

პროფცენტრი სამომავლოდ რას  გეგმავს?

დალი დოიჯაშვილი: დღეს ცხინვალის სამხარეო პროფცენტრი ტერიტორიული პრინციპზე აგებული პროფკავშირია, მასში გაერთიანებულია  განათლების, სპორტის, კულტურისა და ჯანდაცვის მუშაკები, საჯარო მოსამსახურები და მცირე (ინდივიდუალური) მეწარმეები. ცხინვალი სამხარეო პროფცენტრს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ზურაბ ზუბაშვილი.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დიდ დახმარებას უწევს პროფცენტრს, როგორც თეორიულსა და მეთოდურს, ასევე პრაქტიკულს. გაერთიანების დახმარებით ცენტრმა უკვე არაერთი ჰუმანიტარული აქცია გამართა კომპაქტურად დასახლებულ დევნილთათვის.

ცხინვალის სამხარეო პროფცენტრი სამომავლოდ გეგმავს ორგანიზაციის გაფართოებას და აწარმოებს  სოციალური დიალოგს დევნილობაში მყოფ  ახალგორის, ერედვის, თიღვისა და ქურთის გამგეობებთან  საჯარო მოსამსახურეთა პირველადი პროფორგანიზაციების დაფუძნების თაობაზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრი ცხინვალის სამხარეო პროფცენტრის მიზანია დევნილ მშრომელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის სრულყოფისათვის გააფართოვოს თანამშრომლობა ევრაზიის პროფკავშირებს ფედერაციის წევრ პროფორგანიზაციებთან.

ინტერვიუ მოამზადა დავით   არაბიძემ