დღეს ხმაური იყო თბილისის მე–13 პოლიკლინკაში. პოლიკლინკის ექიმები, დაწესებულების დირექტორს, ლაშა მიქაუტაძეს მათ დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ექიმების განცხადებით, აღმოჩნდა, რომ გაყიდული პოლიკლინიკის მყიდველი, ვინმე კახა ლომსაძე ფინანსურად გაკოტრებული ადამიანია (ამას კახა ლომსაძე თავადაც აღიარებს) და ახალი მეპატრონე აპირებს ობიექტი ძალადობრივი მეთოდებით განკარგოს. მედიკოსთა კოლექტივი დირექტორსა და მერიას უნდობლობას უცხადებს და მიაჩნიათ, რომ ქალაქის ქონების ასე გაუაზრებლად და საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე გაყიდვა არ შეილება. ახალი ხელშეკრულების მიხედვით დაწესებულებამ პროფილი მხოლოდ 5 წლის მანძილზე უნდა შეინარჩუნოს. ამის შემდეგ კი რა მოხდება – არავინ იცის.
ექიმთა კოლექტივს სოლიდარობა საქართველოს პროკავშირებმა გამოუცხადეს, დღეს, გაფიცულ ექიმებთან პროფკავშირის ლიდერები მივიდნენ და სამართლიან ბრძოლაში თანადგომა აღუთქვეს.
“ახლა რაც ექიმთა კოლექტივის მიმართ ხორციელდება, ეს არის უმსგავსობა და სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ე.წ. დერეგულაციის და ლამაზ–ლამაზი სიტყვებისა და ნეოლიბერალიზმის გამო, ადამიანებს, რომლებსაც “ბედმა გაუღიმათ“ და გახდნენ დირექტორები და მფლობელები, ჰქონიათ რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს დასაქმებულ ადამიანებს. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე კარგი პოლიკლინიკა ქალაქში და დამსაქმებლისთვის (კიდევ ცალკე საკითხავია როგორ გახდა ეს ხალხი ამ ქონების მფლობელი) სამწუხაროდ არც ამას აქვს მნიშვნელობა.
ამ პოლიკლინიკის გაყიდვის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მე–13 პოლიკლინიკა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მისი ფართი და შენობა ღირს ძალიან ძვირი და მავანთ ეს ადგილი ბუნებრივია მომხიბლელად ეჩვენათ. ხომ წარმოგიდგენიათ რა ინტერესებთან გვაქვს საქმე? ჩვენი მოთხოვნაა, რომ ექიმებს როგორც ნივთებს ისე არ ექცეოდნენ. მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც პედიატრები არიან და ჩვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავენ. ეს არის წმინდა ბატონ–ყმური დამოკიდებულება და საქართველოს პროფკავშირის არის მშვენიერი “სარეცხი საშუალება“ რომ მათი ტვინები გავრეცხოთ და დავუბრუნოთ ადამიანური სახე“ – განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.
მედიცინის ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ჯონი ჯანაშიას თქმით, გაფიცულები დაწესებულების დირექტორს, კახა მიქაუტაძეს სამსახურში შესვლის უფლებას არ მისცემენ, რადგან ეს უკანასკნელი საქართველოს კონსტიტუციას და პროფკავშირის შესახებ კანონს არღვევს.
ჯონი ჯანაშია: “აქ მავანმა შეიძლება ააფრიალოს დოკუმენტი და ზოგიერთმა დაიჯეროს, რომ მერიის მიერ დანიშნული ამ დაწესებულების დირექტორი, კახა მიქაუტაძე არის სწორად დანიშნული კადრი და მას დასაქმებულებისათვის ასე მოქცევის უფლება აქვს. მაგრამ ჩვენ უფრო წინ ვაყენებთ საქართველოს კონსტიტუციას და კანონს პროფკავშირების შესახებ რომლის თანახმად, მე ამ პიროვნებას ვუცხადებ პროტესტს და ჩვენს მას არ შევუშვებთ სამსახურში“.