საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გორის ოფისმა სამართლებრივი დახმარება გაუწია სამხედრო ჰოსპიტალის ოთხ გათავისუფლებულ თანამშრომელს, მათ შორის ნანა ბუჟღულაშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ, (კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ინსპექტორი) სასამართლო წესით აღდგა სამსახურში
ბუჟღულაშვილი ნანა მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორად 2011 წლიდან. 2013 წლის 29 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ჰოსპიტალს გამოუგზავნა სამინისტროს გენინსპექციის დასკვნა (მოხსენებითი ბარათი) რომლის მიხედვითაც სამხედრო ჰოსპიტალის თანამდებობის პირების რიგ დარღვევებთან დაკავშირებით სამხედრო ჰოსპიტალს გაეწია რეკომენდაცია გაენთავისუფლებინა სამსახურიდან რამდენიმე თანამშრომელი მათ შორის ნანა ბუჟღულაშვილიც, რადგანაც მათი განმარტებით მონიტორინგისა და კონტროლის სამსახური არაფერს აკეთებდა იყო უფუნქციო და აქედან გამომდინარე ნანა ბუჟღულაშვილი თურმე არღვევდა შრომითი ხელშეკრულების პირობებს.
კახა კალმახელიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გორის ოფისის იურისტი: “ჩვენს მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები რომლითაც დავადასტურეთ რომ ნანა ბუჟღულაშვილი ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს არ ჰქონია მიღებული შენიშვნაც კი და ის გარემოება რომ კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურს არ ჰქონდა წერილობით გაწერილი ამ სამსახურის უფლებამოსილებები არ იყო ნანა ბუჟღულაშვილის კომპეტენცია და მოვალეობა. თავდაცვის სამინისტროს და სამხედრო ჰოსპიტალს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება თუ მას რა უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა ან გააკეთა არაჯეროვნად“.
გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროფკავშირის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 01 აპრილის ბრძანება ნანა ბუჟღულაშვილის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. სამხედრო ჰოსპიტალს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურში აღდგენამდე.