თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტებიდან დასაქმებულების დათხოვნის ფაქტები უკვე დაფიქსირდა. თბილისის მერიიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. “ნაცმოძრაობაში“ ამბობენ, რომ დასაქმებულებს იძულებით რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდანაც უშვებენ.
სამსახურიდან იძულებით გაშვებისა თუ დახმარების თხოვნით არც პროფკავშირებისთვის მიუმართვს ვინმეს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
თბილისის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი კი თანამშრომლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მერიის სისტემაში თანამშრომელთა განთავისუფლების ერთეულ შემთხვევებს ჰქონდა
ადგილი. ხატისკაცის თქმით, რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი არაკვალიფიციურობით ახსნა.
“ეს ადამიანები, რომლებიც აქ პროფესიონალებად არ იყვნენ მოვლენილი, თავს კონფორტულად არ გრძნობენ და წერენ განცხადებას, ეს სხვა საქმეა. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ზეწოლის, მუქარის. ჩვენ ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობთ თავს იმიტომ, რომ გადასახედია შტატები, გადასახედია ადამიანების კვალიფიკაცია. ვიწყებთ ატესტაციაზე მუშაობას და პარალელურად რეორგანიზაციაზე მუშაობას“ – განაცხადა ხატისკაცმა.
თბილისის მერიის მონაცემებით, მათ სისტემაში ამჟამად 1300 ადამიანი მუშაობს და აქედან სამსახურიდან წასვლაზე 13-ს აქვს განცხადება დაწერილი.
მუნიციპალიტეტებიდან თანამშრომლებლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საქართველოს პროფკავშირებში. როგორც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი “ბიზნეს რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, ასეთი შემთხვევები უწყების მონიტორებს არ დაუფიქსირებიათ.
“ხულოდან-ლაგოდეხამდე ჩვენს სტრუქტურას ყველგან ჰყავს თანამშრომელი, მაგრამ ცენტრალურ ოფისში არც ერთი რაიონული განყოფილებიდან ასეთი განცხადება, რომ თვითმმართველ ორგანოებში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თანამშრომლებს მასიურად და თანაც, პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, არ შემოსულა.
“არ ვიცი, რას ამბობს “ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ არჩევნების შემდეგ ჯერჯერობით ჩვენთვის სამსახურიდან იძულებით გათავისუფლებულ არც ერთ ადამიანს არ მოუმართავს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ასეთი ფაქტები არ ხდება. “ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს კი თითოეული გამგებლის შეცვლას დამლაგებლის შეცვლაც მოჰყვებოდა. სამწუხარო იქნება, თუ დღევანდელი ხელისუფლება მათ მიბაძავს და ისეთი უმსგავსობას მოიმოქმედებს, რასაც თავის დროზე “ნაცმოძრაობა“ აკეთებდა. ჯერჯერობით, მსგავსი ფაქტები, რომ ვინმეს აიძულებდნენ სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერას, არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან დახმარებისთვის არავინ მოსულა.
მივმართავ “ქართულ ოცნებას“, რომ არ გააკეთოს ის, რასაც მათი წინამორბედი აკეთებდა, რადგან ამ ხალხს, დასაქმებულებს არაფერი დაუშავებიათ. ისინი როგორ მოხვდნენ სამსახურში, შესაბამისი კვალიფიკაციით თუ არა, ამაზე ყურადღების გადატანა სწორი არ იქნება. დღეს ამ ყველაფერს სჭირდება ცივილიზებული მეთოდებით გადაწყვეტა, ანუ იმის შესაბამისად, არის თუ არა ეს ადამიანი კვალიფიცური კადრი“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.