9საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის დელეგაცია ესტუმრა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები, ელჩი იან კელის ხელმძღვანელობით.
შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ საქართველოში შრომის სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. ირაკლი პეტრიაშვილმა ამერიკულ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რეალური შრომის ინსპექციის არარსებობის პირობებში,9 სამუშაო ადგილებზე შექმნილ სავალალო მდგომარეობასა და გარდაცვლილთა საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით. იგი შეეხო ცალკეულ საწარმოებში, როგორიცაა „RMG Gold“, „საქართველოს ფოსტა“, „საქართველოს რკინიგზა“ და ა.შ. შექმნილ სიტუაციას და ხაზი გაუსვა ქვეყნის ხელისუფლების სრულ გულგრილობას საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული ისეთი უფლებების მასშტაბური დარღვევების მიმართ, როგორიცაა ასოცირების თავისუფლების შეზღუდვა, კოლექტიური მოლაპარაკებების ხელის შეშლა, შრომის უსაფრთხოების დაუცველობა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხი, შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პრობლემა და ა.შ. „ხელისუფლებას არ ესმის პროფკავშირების როლი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საკითხში. ჩვენ არ ვართ ბიზნესის მტერი, პირიქით, მივესალმებით ჭეშმარიტ სოციალურ პარტნიორობას და თანამშრომლობას. სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულების შეცვლის საკითხში უდიდესი როლი აქვს საერთაშორისო ინსტიტუტების და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მხრიდან გამოთქმულ ინტერესსა და დახმარებას და აქ, ამერიკელი პარტნიორების პოზიციამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
ცალკე აღინიშნა შრომით საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის არსებობის მნიშვნელობა და ამ სფეროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციიდან გამოტანის აუცილებლობა.
სტუმართა მხარე გაეცნო პროფკავშირების ხედვას საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პროცესის, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით (AA) და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შრომით სფეროსთან დაკავშირებულ საკითხების თაობაზე, მომავალში კვლავ გაგრძელდება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების და საქართველოში აშშ-ს საელჩოს აქტიური თანამშრომლობა.