პროფკავშირებმა “რუსთავის აზოტს”დავა მოუგო

რუსთავის აზოტს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურება მოუწევს, რაც ამ მომენტისთვის 13.536 ლარს შეადგენს.

სს”რუსთავის აზოტი”დან ამწის მემანქანე, ნ. დ. სამსახურიდან 2016 წლის ნოემბერში დაითხოვეს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ  კი პროფკავშირების გაერთიანების სარჩელი 27 ნოემბერს დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ნ. დ. სამსახურიდან შპს ,,რუსთავის აზოტი“-ს ადმინისტრაციამ გაათავისუფლა, ხოლო მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოუწევს ახალ მფლობელებს, სს ,,რუსთავის აზოტი“-ს და სს ,,ეუ ინვესთმენთს“.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი იცავდა. კომპანიის ახალი მფლობელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობდა იმ არგუმენტით, რომ ნ.დ.  დათხოვნის პერიოდში კომპანიის მართვასთან კავშირი არ ჰქონია. დაზარალებულის დაცვამ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ევროპის სტანდარტების თანახმად – საწარმოს გასხვისების შემთხვევაში, კომპანიის ქონებისა და აქტივების გადაბარებასთან ერთად, ახალ მფლობელს ეკისრება პასუხისმგებლობა  დასაქმებულებზე, მათ  უფლებებსა და შრომით საკითხებზე.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სასამართლოში აწარმოებს “რუსთავის აზოტი” დან გათავისუფლებული კიდევ 56  ადამიანის საქმეს, რომლებიც სწორედ ახალი მფლობელის მიერ არიან სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული 2017 წლის 25 იანვარს.

2017 წლის 25 იანვარს სს ,,რუსთავის აზოტი“-ს ადმინისტრაციამ განახორციელა 330-ზე მეტი დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლება, რომელთაგანაც 56-მა გადაწყვიტა სასამართლოს წესით ედავა კომპანიის წინააღმდეგ.