მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირები ჭიათურაში წარმოების შეჩერების პროცესს ეხმაურება

ჭიათურაში, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული პროცესები უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს როგორც საწარმოსთვის და ქალაქისთვის, ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის. საქართველოს პროფკავშირები კონკრეტული, შემამსუბუქებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს კომპანიასა და საქართველოს ხელისუფლებას, რათა ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ კატასტროფას არ დაემატოს სოციალური კატასტროფა და 3,700 ჭიათურელი და მათი ოჯახის წევრები, არ დარჩნენ არამხოლოდ ღირსეული საცხოვრებელი პირობების, არამედ ელემენტალური საარსებო საშუალებების გარეშე.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, თანამშრომლებისთვის, წარმოების პროცესის აღდგენამდე შეთავაზებულ პირობებს, საქართველოს შრომის ბაზარზე წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკასთან შედარებით, ნამდვილად გააჩნია სოციალური ღირებულება. იგულისხმება დროებით, იძულებითი უმუშევრობის პერიოდში, ანუ, ოთხი თვის განმავლობაში ხელფასის 60%-ის შენარჩუნება, ჯანმრთელობის ოჯახური სადაზღვევო პაკეტით მომსახურების გაგრძელება და სს „საქართველოს ბანკიდან“ და სს „თი-ბი-სი“ ბანკიდან გამოტანილი სესხების საპროცენტო განაკვეთების გადავადების უზრუნველყოფა. თუმცა, აშკარაა, რომ აღნიშნული ქმედებები არ არის საკმარისი არც ზოგადად, ქვეყნაში შექმნილი სოციალური მდგომარეობიდან და განსაკუთრებით, არც ჭიათურაში არსებულ რეალობიდან გამომდინარე. ამასთან, შრომითი კოლექტივისა და საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სხვა რა სახის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს კომპანია ე.წ. სპეციალური რეჟიმის“ მოქმედების პირობებში, მაგალითად, ამცირებს თუ არა დამსაქმებელი ადმინისტრაციულ ხარჯებს, როგორი მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული კრიზისის გახანგრძლივების შემთხვევისთვის, აპირებს თუ არა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად აღნიშნული ოთხი თვის განმავლობაში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, და ა.შ.

მნიშვნელოვანი საკითხია, ასევე, თუ რატომ და რომელ კანონზე დაყრდნობით შეუზღუდა კომპანიამ დასაქმებულებს 2016 წელს შვებულების უფლების გამოყენება, რა უფლებით წაართვა დასაქმებულებს ოჯახის წევრებთან, პროფკავშირებთან ან იურისტებთან კონსულტაციის გავლის უფლება მის მიერ შემუშავებულ შეთანხმების ტექსტზე ხელმოწერაზე დაფიქრებისთვის დროის ფაქტობრივად არ მიცემით. აღნიშნული, ბუნებრივია, სერიოზულ კითხვებს ბადებს დამსაქმებლის განზრახვის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, გააგრძელებს თუ არა კომპანია ჭიათურაში არსებული მანგანუმის მომპოვებელი სხვა კერძო კომპანიებისგან მანგანუმის მადნის მიღებას, რატომ შემოაქვს „ჯორჯიან მანგანეზს“ მანგანუმი აფრიკის ქვეყნებიდან (მაროკო, განა და ა.შ.) მისსავე კუთვნილ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გადასამუშავებლად. შექმნილი ვითარება, კომპანიის მიერ, შრომითი და სოციალური სტანდარტების მიზანმიმართული დემპინგის გამოყენების შესახებ საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ სხვა მცირე საწარმოებსა და აფრიკის ქვეყნებში შრომითი და სოციალური სტანდარტები, მათ შორის შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით მდგომარეობა, „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ოპერირებულ მაღაროებთან შედარებით, კიდევ უფრო უარესია, რაც შესაბამისად, პროდუქციის თვითღირებულებას ამცირებს და  უსამართლო და ამავდროულად, უკანონო კონკურენციის პირობებს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას არ გაუმართავს არანაირი წინასწარი მოლაპარაკება შრომით კოლექტივთან, დამსაქმებლისგან დამოუკიდებელ და მშრომელების აზრის გამომხატველ მაღაროელთა პროფკავშირებთან. კომპანიამ აბსოლუტურად უგულებელყო ცივილიზებულ სამყაროში აქსიომად დამკვიდრებული სოციალური დიალოგის კულტურა და შრომითი კოლექტივისგან დაფარულად და მოულოდნელად მიიღო ასეთი მძიმე გადაწყვეტილებები მაღაროელების და მათი ოჯახების მომავლის შესახებ.

აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ კომპანიას მოსთხოვოს საქართველოს ეროვნული შრომის კანონმდებლობის სრული პატივისცემა. შესაბამისად, ე.წ. „სპეციალური რეჟიმი“, რომელსაც საერთოდ არ ცნობს საქართველოს შრომის კანონმდებლობა, უნდა შეიცვალოს შრომის კოდექსით განსაზღვრული „იძულებითი მოცდენით“, რაც გულისხმობს დასაქმებულის შრომის 100%-ით ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია თავად დაფაროს მაღაროელთა და მათი ოჯახების შემოსავლის 40 %-იანი დანაკლისი იძულებითი უმუშევრობის 4 თვიან პერიოდში. ასეთი ნაბიჯი, ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაციის/შემწეობის 10 წლიანი არარსებობის პირობებში, იქნებოდა დემონსტრირება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა ხელისუფლების მხრიდან, და სოლიდარობისა – საზოგადოების მხრიდან (რისი ძლიერი სურვილი საზოგადოებას ნამდვილად აქვს). ამავდროულად, ეს გახდებოდა განაცხადი ხელისუფლების მიერ ევროპული სოციალური მოდელისადმი ერთგულების და სამომავლოდ, სოციალური დაზღვევის სისტემის სრულყოფისათვის, უმუშევრობის დაზღვევის კომპონენტის დასამკვიდრებლად. ამგვარი, ერთჯერადი გადაწყვეტილების დასაფინანსებლად, სახელმწიფოს გააჩნია საკმარისი თანხები 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, კერძოდ, მთავრობის 50 მილიონ ლარიანი სარეზერვო ფონდის სახით. ამ მიზნისთვის, საკმარისი იქნებოდა 3 მილიონი ლარის გამოყოფა.

ჭიათურაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა,  მისი მასშტაბებიდან და მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე, მიუხედავად კომპანიის მიერ გადაწყვეტილებისთვის ეკონომიკური სარჩულის დადებისა, მრავალ ანალოგიას წარმოშობს სტიქიური უბედურებით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების კუთხით. საწარმოში დასაქმებული 3700 მაღაროელის მიერ შემოსავლის 40%-ის დაკარგვა, პირდაპირპროპორციულ უკიდურესად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ჭიათურის რაიონის 15 000-მდე მოსახლეზე, მათ შორის, ბავშვებზე, მოსწავლე ახალგაზრდობასა და სტუდენტებზე. ხოლო არაპირდაპირ, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ჭიათურის ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებო, მომსახურების და ვაჭრობის ისედაც სუსტად განვითარებულ სფეროებს.

აუცილებელია, რომ პროცესმა შეიძინოს საკმარისი გამჭვირვალობა. ამისთვის, საზოგადოებას უნდა მიეცეს ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შესახებ „ჯორჯიან მანგანეზსა“ და სახელმწიფოს შორის არსებული შეთანხმების გაცნობის შესაძლებლობა. საკითხი, სასწრაფო წესით იქნას განხილული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ.  საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მოითხოვს ოფიციალური დოკუმენტის გაფორმებას, რომლის ძალითაც სახელმწიფო გახდება გარანტი 2016 წლის 20 მაისს ჭიათურის მაღაროებში მუშაობის განახლებისა, ხოლო თუ კომპანია 20 მაისს არ განაახლებს მოპოვების/წარმოების პროცესს, სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას მის ამოქმედებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება