მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

    პროფკავშირები მრავალშვილიანთათვის

1478908სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტს შეიმუშავებული აქვს კანონ-პროექტი „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის საქართველოს კანონმდებლობაში განსაზღვრის შესახებ“. პროფკავშირების მხრიდან ეს სამართლებრივი ინიციატივა განაპირობა ხარვეზმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც  ზუსტად ვერ განსაზღვრავს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ № 262 დადგენილებით დამტკიცებულ „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაშიც“ ასევე ზუსტად არაა განსაზღვრული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი.

საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებაა  ყველა ბავშვის სოციალური უფლებების დასაცავად მიმართოს თანაბარი მნიშვნელობის ძალისხმევა. ქვეყნის მიერ რატიფიცირებული გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია პირდაპირ აცხადებს, რომ ბავშვი ოჯახურ გარემოცვაში უნდა იზრდებოდეს, რათა მოემზადოს საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. უკვე ორ ათეულ წელზე მეტია,  რაც საქართველოს მიერ რატიფიცირებულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, რომლის მე-9 მუხლი ჩვენს ქვეყანას ავალდებულებს დაიცვას ყველა ადამიანის უფლება სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით. პაქტის მე-10 მუხლი სახელმწიფოსგან ოჯახზე მაქსიმალურ ზრუნვას ითხოვს, განსაკუთრებით მისი შექმნისა და ბავშვის აღზრდის პერიოდში. ოჯახს უნდა ჰქონდეს ცხოვების სათანადო დონე, შესაფერისი კვებით, ტანსაცმლითა და ბინით. ეს პირობები პერმანენტულად უნდა უმჯობესდებოდეს. სოციალური უზრუნველყოფა, ფულადი დახმარება და სოციალური დაზღვევა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა ხორციელდებოდეს, რათა ადამიანები დაცულნი იყვნენ სოციალური გარიყვისგან. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა მათგანის სრული სოციალური ჩართულობა. პაქტთან მიერთებულ სახელმწიფო ვალდებულია, სრულად განახოციელოს ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც უნდა შეიმუშაოს სრული იმპლიმენტაციისთვის საჭირო სტრატეგია და ეროვნულ დონეზე გამოჰყოს სათანადო ფინანსური და სხვა სახის რესურსები.

ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) მე-16 მუხლი, მოითხოვს საზოგადოების ძირითადი უჯრედის – ოჯახის სრული განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით ისეთი საშუალებების ამოქმედებას, როგორიც არის სოციალური და ოჯახისთვის განკუთვნილი დახმარების გაცემა, საგადასახადო შეღავათები, ასევე შეღავათები ახალდაქორწინებულთათვის, ოჯახის უზრუნველყოფას ბინით. ქარტიის მე-17 მუხლი კი ადგენს, რომ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით, მშობელთა უფლებებისა და მოვალეობების გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოფილ იქნენ მათი შვილები განათლებით. ქარტიის 27-ე მუხლი ოჯახური ვალდებულების მქონე მუშაკების სასარგებლოდ სახელმწიფოს ავალდებულებს ამ მუშაკთა მიმართ შეღავათიანი სამუშაო პირობების უზრუნველმყოფი პოლიტიკის გაატაროს. საქართველო არის რა ევროკავშირთან ასოცირებულ ურთიერთობებში ვალდებულია ამ მიმართულებით  სტანდართებიც შესაბამისი ჰქონდეს.

დღეს საქართველოს მოქალაქეთა სოციალური უფლებების სრულყოფილი დაცვა შეუსრულებელი ამოცანაა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის გარეშე, როგორიც არის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის ზუსტი დადგენა, რადგან მის გარეშე შეუძლებელია მოქალაქეთა შორის თანასწორი სოციალური უფლებების განხორციელება.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონ-პროექტის „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის საქართველოს კანონმდებლობაში განსაზღვრის შესახებ“ შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსს უნდა დაემატოს ახალი პრიმა მუხლები (მუხლი 1191(2 პრიმა) და მუხლი 1507(3 პრიმა), რომელთა მიხედვით მრავალშვილიან მშობლად მიიჩნევა როგორც დედა, ასევე მამა, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი შვილი. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს შვილის ან შვილად აყვანილი პირის სრულწლოვანება, ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, რაც გამორიცხავს მოქალაქის მიერ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის ქონას.

პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით მოხდება მრავალშვილიან მშობელს მიკუთვნებული მოქალაქეების სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა თაობაზე მონაცემების წარმოების წესის განსაზღვრა. პროექტი ადგენს ნორმას რომლის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნული კანონის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენასა და შესაბამის მოქალაქეებზე მონაცემების წარმოების წესის დამტკიცებას.

საზოგადოება განვითარება ემყარება ღირსეული შრომასა და ჰუმანურ სოციალური ღირებულებებს, ხოლო დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ვალია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათ განხორციელებას. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონ-პროექტის მხარდაჭერა,  მისთვის კანონის ძალის მინიჭება ადამიანთა თანასწორობასთან ერთად, სასიკეთო მიმართულებით წარმართავს ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარებას.