მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირები მონაკოში

monaco 1

სტატია მომაზადა: დავით არაბიძემ

ევროპის ერთ-ერთი  უმცირესი ზომის სახელმწიფო მონაკოს სათავადოა, რომლის ფართობიც სულ რაღაც 2,02 კვადრატული კილომეტრია და მოსახლეობა კი 40 ათასზე ნაკლები. ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ ნაპირზე არსებული სამი მცირე ქალაქის მონაკოს, მონტე-კარლოსა და კონდამინის ერთობლივობა ქმნის ამ პატარა სახელმწიფოს, რომელიც გაეროს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს წევრია. სათავადოს აბორიგენი მოსახლეობა მონეგასკები 10 ათასზე ნაკლებია, სხვანი ფრანგები, იტალიელები და ინგლისელები არიან. მონაკო საფრანგეთის რესპუბლიკასთან ასოცირებული სახელმწიფოა. სათავადო 1962  წლიდან კონსტიტუციური მონარქიაა. მონაკოს მცირე ტერიტორიაზე არის ელექტრონული, ზუსტი მანქანათმშენებლობის, ქიმიური, საფეიქრო, კვების პროდუქტების მწარმოებელი საწარმოები, არის სამშენებლო ინდუსტრიაც,  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზღვისთვის მიწის გამოტაცებას, ასე მაგალითად ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ამ ძალისხმევამ  სათავადოს ტერიტორია 1,8 კვადრატული კილომეტრიდან 2,02 კვადრატულ კილომეტრამდე გაზარდა. მთავარი შემოსავლის წყარო კონსტიტუციური მონარქიისთვის მაინც საბანკო-საფინანსო, აზარტული თამაშებისა და ტურიზმის სექტორებია, მონაკო სახელგანთქმულია თავისი მუზეუმებით, განსაკუთრებით კი ოკიანეოგრაფიული მუზეუმით.

მონაკოს სათავადოში 1944 წლამდე პროფკავშირების შექმნა კანონით აკრძალული იყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამ 1945 წელს შესაძლებელი გახადა მონაკოს პროფესიული კავშირების გაერთიანების  (USM) დაფუძნება, თუმც კანონი პროფკავშირების შესახებ მხოლოდ 1950 წელს იქნა მიღებული, ისევე როგორც კანონები ანაზღაურებადი შვებულების, საპენსიო და სადაზღვევო სისტემის, მრავალშვილიანი ოჯახების შემწობების შესახებ.

1952-1962 წლები განსაკუთრებით რთული ათწლეული იყო მონაკოელი პროფკავშირელებისთვის, რადგან მათ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო გაფიცვას სახელმწიფომ გაფიცვის აკრძალვის კანონით უპასუხა და 5 პრფკავშირელი ლიდერი სათავადოდან განდევნა.

საერთაშორისო და ევროპული პროფკავშირული მოძრაობისა და თავად მონაკოს მშრომელთა დიდმა ძალისხმევამ ამ ანაქრონისტულ კანონს ბოლო მოუღო. ამ გამარჯვების შედეგად მონაკოს პროფკავშირები, როგორც წარსულში, ასევე დღესაც აქტიურად იყენებენ გაფიცვის უფლებას დასაქმებულთა სოციალური, ეკონომიკური, პროფესიული და შრომითი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

მონაკოს პროფკავშირების გაერთიანება (USM) სხვადასხვა დარგების პროფორგანიზაციების ერთობაა. მისი უმაღლესი  ორგანოა ყოველწლიური ყრილობა, რომელიც ირჩევს აღმასრულებელ კომიტეტსა და თავმჯდომარეს, აღმასრულებელი კომიტეტი თავის მხრივ ნიშნავს ბიუროსა და სამდივნოს. მონაკოს პროფკავშირების გაერთიანება  (USM) გამოსცემს ყოველთვიურ გაზეთს „პროფკავშირული ერთობა“. იგი არის საერთაშორისო და ევროპული პროფკავშირული მოძრაობის აქტიური მონაწილე.

მონაკოს სათავადოში დღეს პროფკავშირებს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებისა და საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს თანამმართველობა.

გარდა მონაკოს პროფკავშირების გაერთიანებისა (USM), ქვეყანაში არის მომსახურების სფეროში მოქმედი ავტონომიური პროფკავშირებიც. მონაკოში პროფკავშირებს ჰყავს სოციალური პარტნიორი – დამსაქმებელთა ფედერაცია, რომელთანაც უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება სოციალური დიალოგი. მონაკოში პროფკავშირები ურთიერთს უხამებენ როგორც სოციალური პროტესტის, ასევე სოციალური პარტნიორობის პროცესს, რათა წარმატებით დაიცვან დასაქმებულთა კანონიერი უფლებები და ინტერესები.