სტატია მოამზადა: დავით არაბიძემ
იტალიაში პირველი პროფკავშირი 1848 წელს ქალაქ ტურინის ტიპოგრაფიებში დასაქმებულმა მუშებმა ჩამოაყალიბეს. იტალიის გაერთიანების შემდგომ 1872 წელს დედაქალაქ რომში დაფუძნდა პირველი საერთო ეროვნული პროფკავშირი – იტალიის ტიპოგრაფიის მუშათა ასოციაცია.
პროფკავშირული მოძრაობა აქ ბევრი სხვა ქვეყნის ანალოგიური მოძრაობისგან განასხვავებით თავისებურად განვითარდა – ამ ქვეყანაში ერთდროულად ჩამოყალიბდნენ, როგორც საწარმოო გაერთიანებები (ვერტიკალური სტრუქტურები), ასევე ტერიტორიული პროფ გაერთიანებები (ჰორიზონტალური სტრუქტურები).
1906 წლის 1 ოქტომბერს დაფუძნდა პირველი საერთო ეროვნული პროფკავშირული გაერთიანება – შრომის საყოველთაო კონფედერაცია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა იტალიელი მშრომელების სოციალური და შრომითი ინტერესების დაცვისთვის წარმოებულ მოძრაობაში.
1912 წელს იტალიის სინდიკალისტური კავშირი დაფუძნდა, რომელიც ანარქო-სინდიკალისტური ორგანიზაცია იყო.
1922 წელს იტალიაში ფაშისტური დიქტატურა დამყარდა, რამაც ქვეყანაში ბოლო მოუღო დამოუკიდებელ პროფკავშირულ მოძრაობას. 1927 წლის 4 იანვარს შრომის საყოველთაო კონფედერაციის ემიგრაციაში მყოფმა ლიდერებმა კონფედერაცია თვითდაშლილად გამოაცხადეს. ასევე შეწყვიტა მარსებობა იტალიის სინდიკალისტურმა კავშირმაც. ფაშისტური დიქტატურის პირობებში ლეგალურად მოქმედებდა მხოლოდ ფაშისტური პროფკავშირების კონფედერაცია.
1943 წელს დაემხო ფაშისტური დიქტატურა და შესაძლებელი გახდა დამოუკიდებელი პროფკავშირული მოძრაობის აღდგენა. 1944 წლის 3 ივნისს დედაქალაქ რომიდან გერმანელი ოკუპანტების განდევნამდე, არალეგალურად შეიკრიბნენ კათოლიკური, ცენტრისტული და მემარცხენე სოციალური პლატფორმის პროფკავშირული ლიდერები და მიიღეს „დეკლარაცია პროფკავშირული ერთიანობის განხორციელების შესახებ“. ამ დოკუმენტით დადგინდა იტალიის შრომის საყოველთაო კონფედერაციის სამოქმედო პრინციპები: დემოკრატია, დამოუკიდებლობა პოლიტიკური პარტიებისგან, პოლიტიკური დოქტრინებისა და რელიგიური მრწამსის თავისუფლება, კონფედერაციის ლიდერების პარიტეტული წესით არჩევა.
დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მძაფრი იდეოლოგიური დაპირისპირება – „ცივი ომი“, გახდა მიზეზი იტალიის შრომის საყოველთაო კონფედერაციის შიგნით გამიჯვნისა. 1950 წელს თვითდაფუძნება გამოაცხადეს იტალიის მშრომელთა პროფკავშირების კონფედერაციამ, შრომის იტალიურმა კავშირმა და შრომის საყოველთაო კავშირმა, ხოლო იტალიის სინდიკალისტურმა კავშირმა თვითაღდგენა გამოაცხადა.
თანამედროვე იტალიის დამახასიათებელი ნიშანი დღეს იდეოლოგიური გამიჯვნაა, მაგრამ ამის მიუხედავად სახეზეა სხვადასხვა პროფკავშირულ გაერთიანებებსი დარზმული მშრომელების აქტიური სოციალური პროტესტი. ასეთ რეალობაში იტალიის შრომის საყოველთა კონფედერაცია დღეს კვლავ ყველაზე მრავალრიცხოვანი პროფკავშირული გაერთიანებაა, მას ჰყავს დარგობრივ პროფკავშირები, კონფედერაციის ტერიტორული პროფკავშირული გაერთიანებები „შრომის პალატები“ რესპუბლიკის ყველა ოლქსა და ქალაქში მოქმედებენ, კონფედერაცია დემოკრატიული სოციალური დოქტრინით ხელმძღვანელობს, თავის რიგებში აერთიანებს მრეწველობის სხვადასხვა დარგების მუშებს, განსაკუთრებით მეტალურგებს, ტრანსპორტის, საზოგადოებრივი მომსახურებისა და აგრარული სექტორის მუშაკებს, მან იტალიაში პირველმა დაიწყო თავის რიგებში უმუშევრების მიღება და წევრად დარჩენის უფლება მისცა პენსიონერებს. კონფედერაციას 1980 წლიდან დაფუძნებული აქვს ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრი, დედაქალაქ რომის გარეუბანში აქვს პროფაქტივისტთა სასწავლო ცენტრი, ფლობს საკუთარ გამომცემლობას, ჟურნალსა და ბიულეტენს.
იტალიის მშრომელთა პროფკავშირების კონფედერაცია ქვეყანაში სიდიდით მეორე საერთო ეროვნული პროფკავშირული გაერთიანებაა. ეს კონფედერაცია ძირითადად კათოლიკური სოციალური დოქტრინით ხელმძღვანელობს. მასში უმთავრესად ერთიანდებიან კათოლიკე მშრომელები მშენებლობისა და აგრარული სექტორიდან. ამ კონფედარაციის ლიდერების სტრატეგია მიმართულია მთავრობასთან მოლაპარაკებებისკენ, რადგან საწარმოო და სოციალურ სფეროში განვითარებული კრიზისული მოვლენები დამსაქმებლებთან ურთიერთობაში აღარ აძლევს მათ წარმატების გარანტიას. იტალიის მშრომელთა პროფკავშირების კონფედერაციის ლიდერები მიიჩნევენ რომ მათი მხრიდან ხელფასების ზრდის საკითხში გამოჩენილი ზომიერება იტალიის რესპუბლიკის მთავრობას ეხმარება მოთოკოს ინფლაცია, სამაგიეროდ მთავრობის მხრიდან ელიან საგადასახადო ბერკეტებითა და ფასებზე ირიბი ზემოქმედებით მშრომელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. იტალიის მშრომელთა პროფკავშირების კონფედერაციას აქვს ეკონომიკური, სოციალური და პროფკავშირული კვლევების ცენტრები, პროფკავშირული თანამშრომლობის ინსტიტუტი, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის სიახლეების შემსწავლელი ინსტიტუტი, გამომცემლობა, გაზეთი და ორი ჟურნალი.
ქვეყანაში სიდიდით მესამე პროფკავშირული გაერთიანებაა იტალიის შრომის კავშირი, რომელიც რეფორმისტული სოციალური დოქტრინით ხელმძღვანელობს. მასში უმთავრესად ერთიანდებიან საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, ქვედა და შუა რგოლის მენეჯერები, საჯარო მოსამსახურეები. კავშირის ცენტრისტი ლიდერები უპირატესობას შემთანხმებლურ ქმედებებს ანიჭებენ, ვიდრე სოციალური პროტესტის ისეთ ფორმებს როგორიც არის გაფიცვა და პიკეტირება. იტალიის შრომის კავშირი გამოსცემს საკუთარ გაზეთს.
იტალიის რესპუბლიკაში სიდიდით მეოთხე პროფკავშირული გაერთიანება იტალიის სინდიკალისტური კავშირია. იგი მშრომელთა საერთაშორისაო ასოციაციის სექციაა და ანარქო-სიდიკალისტური სოციალური დოქტრინით ხელმძღვანელობს. კავშირი რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს და მისი მთავრი ამოცანები სამუშაო დღის საათების შემცირება არსებული ხელფასის შენარჩუნებით, უმუშევართა შემწეობის ზრდა, მშრომელთა თვითმმართველობის გაზრდა კაპიტალისტურ საწარმოებში. იტალიის სინდიკალისტური კავშირის გამორჩეული პოზიციაა მისი რადიკალური ანტიმილიტარიზმი.
ამ ოთხი წამყვანი საერთო ეროვნული პროფკავშირული გაერთიანების გარდა იტალიის რესპუბლიკაში აქტიურად მოქმედებენ მცირერიცხოვანი, ავტონომიური პროფკავშირებიც – ძირითადად ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და საბანკო-საფინანსო სფეროებში, ასევე არსებობენ კორპორატივისტული და ადმინისტრაციების მიერ მართული „ყვითელი“ პროფკავშირებიც. ამ ტიპის პროფკავშირული გაერთიანებებიდან ყველაზე ცნობილია ყოფილი ფაშისტური პროფკავშირების კონფედერაციის წევრების მიერ 1950 წელს დაფუძნებული შრომის საყოველთაო კავშირი. ამ კავშირმა 1980 წელს განიცადა დეპარტიზაცია და 1984 წელს საბოლოოდ გაემიჯნა ფაშისტურ-კორპორატივისტულ პროფკავშირულ დოქტრინას. 1996 წლიდან შრომის საყოველთაო კავშირი ლიბერალურ სოციალურ დოქტრინასაც კი მისაღებად მიიჩნევს, კავშირს აქვს სოციალური დახმარების ეროვნული სააგენტო. შრომის საყოველთაო კავშირი არაა ორიენტირებული მძაფრ სოციალური პროტესტებისკენ (გაფიცვა, პიკეტირება), მაგრამ აქტიურად მიმართავს საპროტესტო მანიფესტაციებს. შრომის საყოველთაო კავშირი გამოსცემს ყოველთვიურ ჟურნალს.
ფაშისტური დიქტატურის დამხობის შემდეგ რომის კათოლიკურმა ეკლესიამ 1944 წელს დაიწყო იტალიის მშრომელთა ქრისტიანული ასოციაციების დაფუძნება. ამ ასოციაციების პირველადი ორგანიზაციები მოქმედებენ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებსი. ასოციაციები უმთავრესად სასწავლო-საგანმანათლებლო, სამედიცინო-სანიტარული და საქველმოქმედო საქმიანობით არიან დაკავებულნი., მათ გააჩნიათ პროფესიული სასწავლებლები, ამბულატორიები, ურთიერთდახმარების სალაროები, გამოსცემენ მცირე ტირაჟიან გაზეთებს.
იტალიის რესპუბლიკაში 1970 წლიდან მოქმედებს მშრომელთა სტატუტი, მაგრამ მშრომელები და მათი პროფკავშირული გაერთიანებები დოქტრინალური განსხვავებების მიუხედავად არცთუ იშვიათად მიმართავენ სოლიდარულ და კოორდინირებულ მოქმედებებს, სოციალურ პროტესტს. დღეს იტალიელ დასაქმებულთა მესმედზე მეტი სხვადასხვა პროფკავშორულ გაერთიანებებში არის დარაზმული და ორგანიზებულად, აქტიურად იცავს მშრომელის სოციალურ, შრომით, ეკონომიკურ და პროფესიულ ინტერესებსა და უფლებებს.