გუშინ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც ტყიბულის მინდელის მაღაროში 4 დასაქმებული დაიღუპა, პროფკავშირებში გლოვის დღეა. საქართველოს პროფკავშირები ხელისუფლებას, დასაქმებულთა გაერთიანების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესაბამისი შრომის ინსპექციის დაუყოვენებლივ შექმნისკენ მოუწოდებს და უახლოეს დღეებში გადაწყვეტილების სპეციალური ბრძანებით გამყარებასა და გამოქვეყნებას ითხოვს. აღნიშნული ნაბიჯით ხელისუფლებამ ნათლად უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ ქმედით ნაბიჯებს დგამს და მზადაა უარი უთხრას იმ გაუგონარ მდგომარეობას, რომელმაც ქვეყანაში დასაქმების ადგილებზე უკვე 10 წელია დაისადგურა. 2007 წლიდან დღემდე შრომის ისნპექციის არ არსებობის პირობებში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად 420 ადამიანი გარდაიცვალა და 700 ზე მეტმა მძიმე ტრავმა მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პროფკავშირების აღნიშნულ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს პროფკავშირები ქვეყნის მასშტაბით სრულმასშტაბიანი გაფიცვებისთვის მზადებას დაიწყებს.
წინასწარი დასკვნა:
საქათველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურის მიერ წინასწარ მოპოვებული ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაზე, სარემონტო ბრიგადა 6 კაცის შემადგენლობით შახტის ვერტიკალურ გვირბაში (ჭაურში) აწარმოებდა ამწევი დანადგარის- „ბადიას“ ბაგირის შეცვლას. სარემონტო ბრიგადიდან 4 დასაქმებული იმყოფებოდა ამწევ დანადგარში, ხოლო 2 ვერტიკალური გვირაბის (ჭაურის) თაროზე. ბაგირის შეცვლის პროცესში ამწევ დანადგარს საყრდენად ქვეშ შედგმული ჰქონდა რკინის საყრდენი ე.წ.„ბალკა“. ბაგირის შეცვლის პროცესში ე.წ.”ბალკამ” დაკარგა პოზიცია, რის შედეგადაც ამწევი დანადგარი დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. ამწევი დანადგარი „ბადია“ ტექნიკური რეგლამენტის „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ“ აღჭურვილი უნდა იყოს საბლოკირებელი მოწყობილობით, რომელიც ჩვენი ინფორმაციით დანდაგარს არ გააჩნდა და მის მაგივრად სარემონტო ბრიგადის წევრები იყენებდნენ რკინის ბალკას ამწევი დანადგარის შესაკავებლად.
სავარაუდოდ დარღვეული იქნა ტექნიკური რეგლამენტი „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ მუხლი 32, პუნქტი 5.