სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
დანია კონსტიტუციური მონარქიაა, რომელიც მაღალი ინდუსტრიული პოტენციალითა და მაღალტექნოლოგიური აგრარული სექტორით გამოირჩევა. წარმოების წამყვან დარგებს განეკუთვნება: ლითონის დამუშავება, მანქანათმშენებლობა, ელექტრო და რადიოელექტრონიკია, გემთმშენებლობა, ქიმპროდუქტები. დანიის ეკონომიკის მახასიათებელი ნიშანია ძლიერი ორიენტაცია საგარეო თანამშრომლობაზე.
დანიაში პირველი პროფკავშირი – „ტიპოგრაფთა კავშირი“ 1869 წელს დაფუძნდა. დღეს რომ დანია მაღალი პროფკავშირული ორგანიზებით გამოირჩევა, ამას ჯერ კიდევ 1898 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ქვეყანაში მოქმედი პროფკავშირების აბსოლუტური უმრავლესობა გაეთიანდა დანიის პროფკავშირების ცენტრალურ გაერთიანებაში. გაერთიანების შედეგად შესაძლებელი გახდა წარმატებული რეორგანიზაცია, რის შედეგადაც განხორციელდა მძლავრი დარგობრივი პროფკავშირების ჩამოყალიბება. დანიური პროფკავშირების მახასიათებელ ნიშანს წარმოადგენენ კლუბები. საწარმოში ყოველთვის რამდენიმე კლუბია, რომელშიც მხოლოდ შესაბამისი პროფესიის მუშაკები არიან გაერთიანებულნი, მაგრამ ეს კლუბები ერთიან წარმომადგენელს ირჩევენ დამსაქმებელთან სოციალური დიალოგისთვის. იგივე პრინციპი მოქმედებს ტერიტორიულ დონეზეც, სადაც კლუბები, კლუბების თავმჯდომარეებიდან ირჩევენ ერთიან წარმომადგენლობით კომიტეტს. თავის მხრივ აღნიშნული კომიტეტები აყალიბებენ საქალაქო საბჭოებს. ეროვნულ დონეზე ის პროფკავშირები, რომელთაც საერთო ინტერესები აქვთ ერთიანდებიან კარტელებად.
დანიის პროფკავშირების ცენტრალური გაერთიანების უმაღლესი ორგანო ყრილობაა, რომელიც ირჩევს წარმომადგენელთა საბჭოს, აღმასრულებელ კომიტეტსა და გაერთიანების თავმჯდომარეს.
დანიაში ძლიერ არის განვითარებული კოოპერატიული მოძრაობა. არის სადაზღვევო, ბინათმშენებლობის, მედიის, საბანკო-საფინანსო და სხვა სახის კოოპერატივები, რომელნიც შეკავშირებულნი არიან კოოპერატივთა კავშირის საბჭოში.
დანიის პროფკავშირული მოძრაობის განმასხვავებელი ნიშანია 1936 წლიდან მოქმედი მუშათა მოძრაობის ეკონომიკური საბჭო, რომელიც ატარებს კვლევებს, აქვეყნებს სოციალურ-ეკონომიკურ პროგნოზებს, პოლიტიკის მიმართულებებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს პროფკავშირებისთვის. ამ საბჭოს აფინანსებს როგორც დანიის პროფკავშირების ცენტრალური გაერთიანება, ასევე კოოპერატივთა კავშირის საბჭო.
დანიის პროფკავშირების ცენტრალურ გაერთიანებას მაღალ დონეზე აქვს ორგანიზებული პროფკავშირული კადრების მომზადება. ცენტრალურ გაერთიანებასთან ფუნქციონირებს 4 სასწავლო დაწესებულება. საკუთარი სასწავლო ბაზები გააჩნიათ დარგობრივ პროფკავშირებსაც. დანიის პროფკავშირების ცენტრალური გაერთიანებასთან მოქმედებს ახალგაზრდული ორგანიზაცია. გაერთიანება გამოსცემს საკუთარ ყოველკვირეულ ჟურნალს.
დანიაში 1952 წლიდან მოქმედებს მოსამსახურეთა პროფკავშირების საყოველთაო საბჭო, რომელშიც გაერთიანებული არიან ისეთი პროფესიის ადამიანების პროფკავშირები, როგორიც არიან პედაგოგები, ლექტორები, მედიცინისა და საბანკო-საფინანსო სფეროს მუშაკები, მოსამსახურეები. საყოველთაო საბჭოს ცენტრალური გაერთიანებისაგან განმასხვავებელი ნიშანია მისი ნეიტრალიტეტი პოლიტიკური დოქტრინებისადმი.
დანიის პროფკავშირების ცენტრალური გაერთიანება და მოსამსახურეთა პროფკავშირების საყოველთაო საბჭო თანამშრომლობენ, მართავენ ერთობლივ კამპანიებს, ადგენენ ერთობლივ კოლექტიურ ხელსეკრულებებს და ერთად უპირისპირდებიან მშრომელთა მიმართ უსამართლო პოლიტიკას.
დანიაში ორი დიდი პროფგაერთიანების გარდა, ასევე ფუნქციონირებს, მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში დაფუძნებული მცირერიცხოვანი პროფგაერთიანებებიც, დანიის თავისუფალი პროფკავშირები და დანიის ქრისტიანული კავშირების გაერთიანება. მათი სამოქმედო კონცეფცია ძირეულად განსხვავდება ორი დიდი პროფგაერთიანების კონცეფციისაგან. ეს პროფგაერთიანებები გამიჯნული არიან ისეთი პროფკავშირული ინსტრუმენტისგან, როგორიცაა გაფიცვა.
დანიის პროფკავშირების ცენტრალური გაერთიანება და მოსამსახურეთა საყოველთაო საბჭო ფართო საერთაშორისო თანამშრომლობაში არიან ჩართულნი. ორივე პროფგაერთიანება არის წევრი ორგანიზაციები: ჩრდილოეთ ევროპის პროფკავშირების საბჭოსი, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციისა და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციისა.