მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირები ბელგიაში

7654195

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

ბელგიის დამოუკიდებელი სახელმწიფო 1830 წელს გამოცხადდა. დღეს ის კონსტიტუციური მონარქიაა. ბელგია განვითარებული ინდუსტრიით, წარმოების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა. ეკონომიკის წამყვანი დარგებია: ელექტროენერგეტიკა, ნავთობქიმია, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა და საავტომობილო წარმოება, ნახშირის მოპოვება. ბელგიის ეკონომიკა სახით უცხოეთისკენ დგას.

ბელგიაში პირველი პროფკავშირები მე-19 საუკუნის 40-ან წლებში წარმოიშვნენ. ამ ქვეყანაში პროფკავშირული მოძრაობის დამახასიათებელი თვისებაა მისი მჭიდრო კავშირი მუშათა პოლიტიკურ მოძრაობასთან. თავიდან თანამშრომლობა იმდენად მჭიდრო იყო რომ 1898 წლიდან სხვადასხვა დარგის პროფკავშირების მუშაობის კოორდინაციას მუშათა პარტიის პროფკავშირული კომისია ანხორციელებდა. მხოლოდ 1938 წელს მოხდა რეორგანიზაცია და ამ კომისიას ეწოდა ბელგიის შრომის საყოველთაო ფედერაცია.

ბელგიის პროფკავშირები თანამედროვე ისტორია 1945 წლიდან იწყება. ფაშისტური უღლისაგან ბელგიის განთავისუფლების შემდეგ მალევე გაიმართა ბელგიის შრომის საყოველთაო ფედერაციის განმაახლებელი ყრილობა, რომელმაც მიიღო პროგრამული დოკუმენტი „პრინციპების დეკლარაცია“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულება იყო ბელგიის შრომის საყოველთაო ფედერაციის დამოუკიდებლობა პოლიტიკური პარტიებისგან.

1945 წელს ბელგიის შრომის საყოველთაო ფედერაცია ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო პროფკავშირების მსოფლიო ფედერაციისა, მაგრამ „ცივმა ომმა“ გახლიჩა ეს გაერთიანება და ბელგიის შრომის საყოველთაო ფედერაციამაც დატოვა იგი და 1949 წელს გაწევრიანდა თავისუფალი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციაში.

დღეს ბელგიის  შრომის საყოველთაო ფედერაცია ევროპის პროფკავშირების კონფედერაციისა და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წევრია.

ბელგიის შრომის საყოველთაო ფედერაციის უმაღლესი ორგანო ყრილობაა, რომელიც ირჩევს ეროვნულ საბჭოს, ბიუროსა და და სამდივნოს. ბიურო ირჩევს თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს. ბელგიის სპეციფიკის გათვალისწინებით ორი წამყვანი ეთნოსის წარმომადგენლებს: ვალონებსა და ფლანდრიელებს შორის დაცულია პარიტეტი, როგორც ბიუროში, ასევე სამდივნოში. ბელგიის შრომის საყოველთაო ფედერაცია გამოსცემს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოებს – ყოველკვირეულ „პროფკავშირებს“ ფრანგულ ენაზე და ყოველკვირეულ „მუშას“ ფლამანდიურ ენაზე. ამავე პრინციპის დაცვით გამოიცემა ყოველთვიური ახალგაზრდული ჟურნალებიც.

ბელგიაში მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაედო საფუძველი  ქრისტიანული პროფკავშირების განვითარებას. ეს პროფკავშირები ხელმძღვანელობდნენ კათოლიკური ეკლესიის სოციალური დოქტრინით. 1912 წელს ბელგიაში დაფუძნდა ქრისტიანული პროფკავშირების  კონფედერაცია, რომელიც მართალია ხელმძღვანელობს ზემოთ აღნიშნული კონცეფციით, მაგრამ უარს არ ამბობს ისეთი პროფკავშირულ ინსტრუმენტზე როგორიცა გაფიცვა. ამ კონფედერაციის განვითარებას ხელი შეუწყო ბელგიაში ახალი ინდუსტრიული ზონების განვითარებამ, სოფლის კათოლიკური მოსახლეობის მასობრივმა ურბანიზაციამ. ამ ცვლილებებმ ის შედეგი გამოიღო რომ ქრისტიანული პროფკავშირების კონფედერაციაში თითქმის ორჯერ მეტი წევრი აღმოჩნდა ვიდრე ეს იყო ბელგიის შრომის საყოველთაო ფედერაციაში. ქრისტიანული პროფკავშირების კონფედერაცია გამოსცემს ყოველკვირეულს „INFO-KCK“.

ბელგიის შრომის საყოველთაო ფედერაცია და ქრისტიანული პროფკავშირების კონფედერაცია ხშირად გამოდიან ერთობლივი პოზიციით, რაც ზრდის მათ წარმატებას სახელმწიფოსა და კერძო დამსაქმებლებთან სოციალური დიალოგისას.

გარდა ამ ორი დიდი პროფგაერთიანებისა ბელგიაში მოქმედებს მცირერიცხოვანი, მაგრამ სტაბილურად მდგრადი ბელგიის ლიბერალური პროფკავშირების საყოველთაო გაერთიანება, რომელშიც ძირითადად გაწევრიანებული არიან კერძო და საჯარო სექტორების მოსამსახურეები. ამ გაერთიანებაში დაყოფა ხდება არა დარგობრივი, არამედ ტერიტორიული პრინციპის შესაბამისად. ლიბერალური პროფკავშირების საყოველთაო გაერთიანება ყოველმხრივ ცდილობს არ მიმართოს გაფიცვას როგორც ინსტრუმენტს და ორ დიდ პროფგაერთიანებასთან ურთიერთობს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.

ბელგიის სამეფოში პროფკავშირული მოძრაობა გამოირჩევა დინამიზმით, ინიციატივითა და კოორდინირებულობით. იგი გახსნილია თანამშრომლობისთვის, როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალური მიმართულებით, განსაკუთრებით კი ახალი დემოკრატიის ქვეყნების მიმართ.