სტატია მოამზადა: დავით არაბიძემ
პროფკავშირულ მოძრაობას ამერიკის მიწაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბის პირველი პროფკავშირული გაერთიანება მხოლოდ 1881 წელს შეიქმნა და ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის პროფესიული და მუშათა კავშირების ფედერაცია. 1886 წელს ეს გაერთიანება შრომის ამერიკულ ფედერაციად-AFL გარდაიქმნა. ხანგრძლივი ისტორიული პერიოდი ეს გაერთიანება წარმოადგენდა ყველაზე მრავალრიცხოვან პროფკავშირულ ერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებში და მხოლოდ 1938 წელს მოხდა მეორე საერთო ეროვნული მასშტაბის პროფკავშირული გაერთიანების – სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის-CIO დაფუძნება. 1955 წელს ეს ორი პროფკავშირული გაერთიანება შეკავშირდა და მიიღო სახელი შრომის ამერიკული ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესი AFL-CIO. 1955-1979 წლებში შრომის ამერიკულ ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის პრეზიდენტი იყო ჯორჯ მინი – კონსერვატიული რეფორმატორი, სამოქალაქო უფლებებისა და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დამცველი, მაფიასთან და რასიზმთან აქტიური მებრძოლი, რომელმაც პირველმა ამერიკის პროფკავშირული მოძრაობის ისტორიაში შემოიღო პროფკავშირული ეთიკის კოდექსი.
დღეს შრომის ამერიკულ ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესს ფართო საერთაშორისო კავშირები გააჩნია, იგი გაერთიანებულია პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციაში. შრომის ამერიკული ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესი თავადაც აქტიურია საერთაშორის პროფკავშირულ საქმიანობაში. 1962 წლიდან შრომის ამერიკულ ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესს დაფუძნებული აქვს თავისუფალი პროფკავშირების განვითარების ამერიკული ინსტიტუტი, რომელიც საერთასორისო ასპარეზზე აქტიურ პროფკავშირულ საქმიანობას ეწევა.
ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სამდივნოს ფედერალური სტატისტიკური ბიუროს ოფიციალური ყოველწლიური მონაცემით (ამ მონაცემებს იგი 1983 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს) შრომის ამერიკულ ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესში ჯამში დასაქმებულთა 12% არის გაერთიანებული, ხოლო კოლექტიური ხელშეკრულებით დასაქმებულთა მხოლოდ 18% სარგებლობს. შრომის ამერიკულ ფედერაცი-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესში თითქმის ექვსი ათეული პროფკავშირია გაერთიანებული. პროფკავშირებში განსაკუთრებით აქტიურად ერთიანდებიან მაღაროელები, მანქანათმშენებლები, საბარგო ავტომობილების მძღოლები, საწყობების მტვირთავები, საჯარო მოსამსახურეები, კვების მრეწველობის, ვაჭრობის, განათლების, პროფესიული მომზადებისა და მომსახურების სფეროს მუშაკები, საავტომობილო, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ელექტროტექნიკისა და რადიოტექნიკის, აეროკოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი მუშები, ბიბლიოთეკარები.
ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სამდივნოს ფედერალური სტატისტიკური ბიუროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით პროფკავშირებში მეტად ერთიანდებიან საჯარო სექტორის მუშაკები – 36%, შედარებით ნაკლებად კერძო სექტორის მუშაკები – 7%. პროფკავშირებში ყველაზე აქტიურად აფროამერიკელები ერთიანდებიან, შემდგომ მოდიან თეთრი ამერიკელები და აზიელები, ნაკლებად კი ლათინო ამერიკელები.
დღეს შრომის ამერიკული ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის პრეზიდენტია რიჩარდ ტრუმკა და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი პროფკავშირული გაერთიანების დამსახურებაა, რომ დიდი პროფკავშირული ძალისხმევით ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფკავშირის წევრი დასაქმებულის საშუალო ყოველკვირეული ხელფასი სრული სამუშაო დღის გათვალისწინებით 1100 ამერიკულ დოლარს აღემატება, მაშინ როდესაც პროფკავშირის არაწევრი დასაქმებულის საშუალო ყოველკვირეული ხელფასი სრული სამუშაო დღის პირობებში 800 ამერიკულ დოლარია.
ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის ფუნქციონირება დღეს პროფკავშირული აქტივობის ნიშნით არის აღბეჭდილი და შრომის ამერიკული ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესი ამერიკული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სოციალური ძალა და ფაქტორია.