23 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დღესვე ხელი მოეწერა საქართველოს პროფკავშირებსა და სახალხო დამცველს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც მომავალში მრავალი მნიშვნელოვანი საქმის დასაწყისი გახდება.
პრეზენტაციეზე მიწვეულნი იყვნენ წარმომადგნელები საქართველოს მთავრობიდან, არასამთავრობი სექტორიდან და ყველა იმ ორგანიზაციიდან, რომლებიც შრომითი უფლებებით არიან დაინტერესებულნი. პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, სრულად გააცნო გასულ წელს ორგანიზაციის განხორციელებული აქტივობები და ხაზი გაუსვა ქვეყნისათვის პროფკავშირის, როგორც დასაქმებულთა უფლებადამცველი ორგანიზაციის არსსა და მნიშვნელობას.
“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ისტორია ნათელი დასტურია იმისა, რომ მიუხედავად დიდი წნეხისა, ზეწოლისა და ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიებისა, იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები მიზნისაკენ აუცილებლად გააგრძელებენ სვლას, რადგან უკეთესი მომავლის იდეა, პროფკავშირების არსებობის პირველსაწყისს წარმოადგენს.
უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან წნეხი მოიხსნა და პროფკავშირში გაწევრიანების გამო ადამიანებს აღარ აპატიმრებენ, მაინც აქტუალურია დასაქმებულთა ბრძოლა საკუთარი უფლებებისათვის. ამ ბრძოლის ერთ–ერთი შედეგი შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებია, ცვლილებები, რომლებსაც ყველანი ასე ველოდით“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში (შსო, ITUC, ETUC, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, ევროპის სოცილაური ქარტიის სამთავრობო კომიტეტი) 2006 წლიდან მოხსენებების რეგულარულად გაგზავნის შედეგად გაგზავნილი მოხსენებების შედეგად აღნიშნული ორგანიზაციებისთვის ცნობილი გახდა საქართველოში შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უხეში დარღვებების შესახებ როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში, რომელთა კრიტიკული დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე ახალმა ხელისუფლებამ შეასრულა თავისი წინასაარჩევნო დაპირება და განახორციელა ცვლილებები შრომის კოდექსში, რათა ის შესაბამისობაში მოსულიყო შრომის საერთაშოროსო სტანდარტებთან და უზრუნველყო საქართველოს მიერ საერთაშორისო აქტების რატიფიცირების შედეგად ნაკისრი ვალდებილებების შესრულება.
პრეზენტაციაზე განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ პროფკავშირების ერთ-ერთი მთავარი მისია საკუთარი წევრების გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ახალგაზრდა დასაქმებულებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნაა. საქართველოს პროფკავშირები აქტიურად არის ჩართული პროფესიული განათლების ეროვნული საბჭოს მუშაობაში. მიუხედავად პროგრესისა, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე შეინიშნება ამ მიმართულებით სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სოციალური პარტნიორების სრულყოფილ ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პროფესიული განათლება კვლავ არაპრესტიჟულია, ბევრ რეგიონში კი ხელმიუწვდომელი რჩება მოქალაქეებისთვის. იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ატარებს შრომის ბაზრის სრულფასოვან კვლევას პროფესიული განათლებაში ჩართული ადამიანების რიცხვი კლებულობს. ხელოვნური ბარიერები არ აძლევს საშუალებას ახალგაზრდა ადამიანს კონკრეტული გადაწყეტილებები მიიღოს
ირაკლი პეტრიაშვილმა ასევე ახალ შრომის კოდექსთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანების შენიშვნებზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლებელია ვადიანი შრომითი ხელშეკრულება ბოროტად იქნას გამოყენებული ასოციაციის თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების შესაზღუდად.
თანამშრომლობის მემორანდუმზე პროფკავშირთან ხელის მოწერას მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურადაა ჩართული შრომითუ უფლებების დაცვის საქმეში და იმედი გამოთქვა, რომ პროფკავშირთან მათი მომავალი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება.